მსოფლიოს 2019 წელს ფინანსური კრიზისი ელის, რომელიც მარტში დაიწყება და საქართველოსაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგან მთავრობა მზად არ იქნება ასეთი გამოწვევისათვის. ასეთ განცხადებას აკეთებს „რეზონანსთან“ საუბრისას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.
მისივე პროგნოზით, მომავალი წლის განმავლობაში საქართველოში 2-ჯერ მოხდება მთავრობაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები, რომელიც შეეხება როგორც ცალკეულ მინისტრებს, ასევე პრემიერ-მინისტრს. პირველი ცვლილება გაზაფხულზეა მოსალოდნელი, მეორე კი - წლის ბოლოს.
მიხეილ ცაგარელი: იქნება სერიოზული ტრანსფორმაციები ყველა სფეროსა და პარტიაში, გამომდინარე აქედან, 2019 პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებების წელიწადია, რომელიც ხელს შეუწყობს ქარიზმატული ლიდერებისა და მესამე ძალის გამოჩენას.
„რეზონანსი“: რომელი იქნება წლის ყველაზე დაძაბული პერიოდი?
მ.ც.: დაძაბულობა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, მაგრამ ყველაზე დაძაბულ პერიოდს უნდა ველოდოთ 6 იანვრიდან იანვრის ბოლომდე. შემდეგ კი სექტემბერში და ოქტომბრის პირველი ნახევარში.
„რ“: და როდის და როგორი სახით გამოვლინდება ეს?
მ.ც.: ეს გამოვლინდება საკადრო ცვლილებების სახითაც. ჩვენ ამ ცვლილებებს ვიხილავთ პირველად მარტისა და ივნისის შუალედში, ხოლო მეორედ -ნოემბერ-დეკემბერში. იგი მოიცავს პრემიერმინისტრიდან დაწყებული სხვა მინისტრებით დამთავრებული ყველა თანამდებობის პირს. ხოლო დანარჩენი პერიოდი, რომელიც არ აღვნიშნე, შედარებით კარგია ქვეყნისთვის.
„რ“:ოპოზიციის პერსპექტივებს როგორ შეაფასებთ? რამდენად უნდა ველოდოთ 2019 წელს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას საქართველოში, რასაც იგი პერიოდულად აანონსებს?
მ.ც.: სააკაშვილს საქართველო ნაკლებად აღელვებს, ამჟამად აინტერესებს უკრაინა, სადაც შეიძლება ტიმოშენკომ გაიმარჯვოს და მან საკმაოდ კარგი თანამდებობა მიიღოს. თუმცა, აქტიური იქნება და სიტუაციის აღრევას ყოველთვის ეცდება.
ერთ-ერთ მთავარ „ამრევად“ ნიკა მელია შეგვიძლია დავასახელოთ. ტახის წელიწადი მისთვისაც აქტიური და ენერგიულია. ჩემი აზრით, ეს იქნება ორი მთავარი ძალა ოპოზიციაში, რომელიც ეცდება მუდმივად დაძაბულობაში ამყოფოს მთავრობა და ქვეყანა.
„რ“: ახალი პრეზიდენტის, სალომე სალომე ზურაბიშვილისათვის როგორი იქნება 2019 წელი?
მ.ც.: მას აქვს კარგი შანსები, რომ რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს. თუმცა, 5 მაისიდან წლის ბოლომდე რთული პერიოდი ექნება. სიფრთხილე მართებს საკუთარი გამონათქვამებისა და მოქმედებების მიმართ რადგან, ჩასაფრებული მტრები გააქტიურდებიან მის წინააღმდეგ და თითოეული მისი სიტყვის ცუდად შემოტრიალებას შეეცდებიან.
„რ“: ეკონომიკური კუთხით რა გველის, ველოდოთ თუ არა ლარის კურსის დასტაბილურებას?
მ.ც.: სამწუხაროდ, ფინანსური თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაში ვიქნებით. უნდა ველოდოთ ცვლილებებს, მაგრამ დროული რეფორმები არ იქნება მთავრობისა და საბანკო სისტემის მხრიდან.
არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშია სავალუტო კრიზისი მოსალოდნელი, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოზეც. აღნიშნული განსაკუთრებით მარტის თვიდან გახდება თვალსაჩინო. ამრიგად, თავისთავად შესაძლებელია გაგრძელდეს ვალუტის არასტაბილურობა.
„რ“: ტახი, როგორც წლის მთავარი ასტროლოგიური სიმბოლო, ზოგადად რამდენად წყალობს საქართველოს?
მ.ც.: ეს ნამდვილად ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ძირფესვიანი საბანკო ცვლილებები იქნება ქვეყანაში, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვწყალობს. სხვა მხრივ, ტახის წელი კარგია სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ასევე ოჯახის შექმნისთვის, ტურიზმისა და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ვფიქრობ, კარგი წელი იქნება დემოგრაფიული პრობლემების შეცვლის კუთხითაც.