„პრაგმატიზმით არ უნდა ცხოვრობდეს ეკლესია, პრაგმატიზმით შეიძლება იცხოვროს პოლიტიკოსმა“

„პრაგმატიზმით არ უნდა ცხოვრობდეს ეკლესია, პრაგმატიზმით შეიძლება იცხოვროს პოლიტიკოსმა“

პოლიტიკამ მსოფლიო ეკლესიების წიაღშიც შეაღწია. დაუჭერს თუ არა მხარს მართლმადიდებლური სამყარო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და როგორი უნდა იყოს საქართველოს ეკლესიის პოზიცია რუსეთან პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის ფონზე?!

უკვე ცნობილია, რომ მეუფე მელქისედეკი და მეუფე ზოსიმე მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას უჭერენ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა საპატრიარქოში. მიზეზი მარტივია, საქართველოს მდგომარეობა რთულია და ამიტომაც მეტი გონიერება და სიფრთხილე გვმართებს.

ქართველი სასულიერო პირები იანვრისთვის მსოფლიო პატრიარქის დადგენილების გამოქვეყნებას ელიან უკრაინის ეკლესიის შესახებ და სწორედ ამის შემდეგ მოახდენენ რეაგირებას. მანამდე კი თავშეკავებას ამჯობინებენ.

სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ქართველ თეოლოგთა პოზიციები პრაგმატულია. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ, თუ მთელი მართლმადიდებლური სამყარო ცნობს უკრაინის ავტოკეფალიას, მაშინ შედარებით იოლად ავუხსნით რუსეთს, რომ ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა. განსხვავებულად ფიქრობს თეოლოგთა მეორე ნაწილი. მათი აზრით, საქართველოს ეკლესიამ ერთ-ერთმა პირველმა უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის ავტოკეფალიას, რადგან მანაც იგივე გზა გამოიარა ავტოკეფალიისთვის, რასაც ახლა უკრაინა გადის.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჩრდილო სლავურ სამყაროში ქრისტიანობის ბურჯი სწორედ უკრაინა იყო, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ეკლესიამ?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აქ მთავარია, არჩევანი რომელ ღირებულებებს შორის უნდა გააკეთოს ჩვენმა სამღვდელოებამ - ამქვეყნიურ სიკეთეს, თუ მარადიულ სასუფეველს შორის? ერთი მხრივ, აქ საუბარია უსამართლობის დაძლევასა და სამართლიანობის აღდგენაზე უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებით და, მეორე მხრივ, არის ამქვეყნიური პრაგმატიზმიც, რომლითაც არ უნდა ცხოვრობდეს ეკლესია. პრაგმატიზმით შეიძლება იცხოვროს პოლიტიკოსმა.

„მე გავუგებ პოლიტიკოსს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, იმის შიშით, რომ, ვთქვათ, გაზი არ გაუძვიროს რუსეთმა, რაღაცას დაუთმობს რუსეთს. ეს პოლიტიკოსის მძიმე ჯვარია, მაგრამ ეკლესიაში პოლიტიკა და პრაგმატიზმი არ უნდა იყოს. იქ უნდა იყოს მხოლოდ პრინციპი, მხოლოდ დიდი სჯულის კანონი. ფიქრი იმაზე, რაზეც უნდა ფიქრობდეს ნებისმიერი სულიერი მამა და ნებისმიერი მეუფე, რათა იცხოვროს სააქაოში ისე, რომ იმქვეყნად მძიმე კითხვებზე პასუხი ჰქონდეს. თვითონ სასულიერო პირებიც ამბობენ, ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, პოლიტიკაში არ ვერევითო, ამ დროს როგორ არ ერევიან პოლიტიკაში, თუკი გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკიდან გამომდინარე?! მაშინ რა განსხვავებაა მათ პოზიციასა და პოლიტიკოსების პოზიციას შორის?“ - აინტერესებს სოსო ცინცაძეს.

ამდენად, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ დღეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა-არცნობა პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საკითხია, მაგრამ ეკლესიისთვის, ამქვეყნიური სიბინძურისგან განბანილი მამებისთვის უკრაინის ავტოკეფალიას სრულიად სხვა დატვირთვა უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, ხშირად უთქვამს ჩვენს პატრიარქს, ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიურობასთან მიმართებით დედა ეკლესიას მეტი სიფრთხილე მართებს, რადგან აქ არ არის მხოლოდ რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობა, აქ გარკვეული პოზიცია უჭირავს იერუსალიმის საპატრიარქოს და, ასევე, უკრაინისთვის არც თუ ისე სახარბიელო პოზიცია უჭირავს ათონის მთას.

„ასეთ შემთხვევაში, ძალიან რთულია საქართველომ ამ გარემოებების გაუთვალისწინებლად, ემოციებზე აყოლით რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ თავშეკავება ყველაზე კარგი გამოსავალია“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.