"ქართული ოცნების" წევრებსა და მხარდამჭერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით იჭერენ. ამის გამო "ქართული ოცნების" მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ხელისუფლებას ვითარების დაძაბვა სურს. ამ მოსაზრებას ექსპერტთა დიდი ნაწილიც იზიარებს და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების მიზანი არჩევნების გადადება იყოს. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაკავება შაბათს დაჩი ცაგურიას და მისი მეგობრის ბექა ალადაშვილის დაკავებით დაიწყო. მათ ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ბრალდებათ. თუმცა არ კონკრეტდება, რისთვის აკავებდა მათ პოლიცია. მათ დაკავებას კი უკვე კონკრეტულად "ქართული ოცნების" აქტივისტებისა და მხარდამჭერების დაკავება მოჰყვა და ყველა შემთხვევაში ისევ ის მოტივი - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სახელდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნების" აქტივისტთა მასობრივი დაპატიმრება დაიწყო / ყველა შემთხვევაში ბრალდება ერთი და იგივეა: პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.
"მესტიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი საოლქო კომისიაში კახა ჟორჟოლიანი დააკავეს. როგორც მისი მეუღლე, ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ნინა ხატისკაცი ამბობს, "საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მის მანქანაში ჩასმას ცდილობდნენ, თუმცა კახა გაუძალიანდა, რაც მათ გადაიღეს. როგორც ჩანს, ისინი ვიდეოკამერებით სპეციალურად მივიდნენ, რათა დამატებითი მასალის სახით ჰქონოდათ, თუ როგორ არ დაემორჩილა ჩემი მეუღლე სამართალდამცველების მოწოდებას". რაც შეეხება დაკავების მოტივს, ხატისკაცის თქმით, კახა ჟორჟოლიანი ამავე საოლქო კომისიაში ცესკო-ს წარმომადგენლის, სოფრომაძის საჩივრის საფუძველზე აიყვანეს, რომელთანაც მის მეუღლეს რამდენიმე დღის წინ შელაპარაკება მოუვიდა იმის გამო, რომ მესტიაში 200-კაციანი სპეცუბანი მიამაგრეს მაშინ, როცა იქ სამხედრო ნაწილები ბაზირებული არასდროს ყოფილა. ეს იყო მცდელობა, რომ დამატებით 200 ხმა შეეტანათ მესტიაში სამხედრო უბნის სახით. სხვათა შორის, ცესკო-ს სამართლიანი გადაწყვეტილებით, ამ უბნის გაუქმება მოხერხდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"კასპის რაიონში, სოფელ ხოვლეში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი და მობილური ჯგუფების უფროსი მამუკა ჯანანაშვილი დააკავეს. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. როგორც მისი მამა, პავლე ჯანანაშვილი ამბობს, დილის ექვს საათზე თხუთმეტამდე პოლიციელი შეიჭრა მათ საცხოვრებელ სახლში და ჩხრეკა დაიწყეს - "მოვითხოვე ორდერი, თუმცა ჩვენთვის ჩხრეკის ორდერი არავის წარმოუდგენია და ერთ-ერთი უჯრიდან, სადაც მე და ჩემი მეუღლე პირად ნივთებს და თეთრეულს ვინახავთ, პოლიციელებმა კარაბინის და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები ამოიღეს", - აცხადებს პავლე ჯანანაშვილი და აღნიშნავს, რომ უჯრაში ვაზნები თავად პოლიციელებმა ჩადეს. ჯანანაშვილის ცნობით, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გააფრთხილეს ოჯახი, რომ მათ წინააღმდეგ გარკვეული პროვოკაცია იგეგმებოდა. მამუკა ჯანანაშვილი სამბისტია, მსოფლიოს ჩემპიონია, ევროპის რამდენიმეგზის პრიზიორი. ის ასევე პოლიციის მაიორია, თუმცა, იგი 3 წლის განმავლობაში აღარ მუშაობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში. მას ტაბელური იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. ამ დროისთვის დაკავებული ჯანანაშვილი კასპის პოლიციის სამმართველოს შენობაშია გადაყვანილი. მის ადვოკატს, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა, მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ამ დრომდე არ ეძლევა", - დასძენს გამოცემა.
"შსს ასევე ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმად, შსს-ს გორის სამმართველოს თანამშრომლებმა რამდენიმე პირი დააკავეს "პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის". მათ შორის არის ტარიელ გურგენიძე, რომელიც, განცხადების თანახმად, მანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა და ჯარიმის გამოწერის შემდეგ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "არ დაემორჩილა და გაუწია წინააღმდეგობა. ამის შემდეგ მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. ტარიელ გურგენიძე სასამართლოშია გადაყვანილი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გარდა ამისა, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ შინდისში ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი დააკავეს. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ. არსებული ინფორმაციით, ყველა ზემოაღნიშნული პირი "ქართული ოცნების" წევრი ან მხარდამჭერია", - წერს სტატიის ავტორი.
"ამ დაჭერების პარალელურად "ნაცმოძრაობის" პრესსპიკერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და "ქართული ოცნების" აქტივისტები და მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე მათ მომხრეებზე ძალადობასა და თავდასხმაში დაადანაშაულა. ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, "ერთ-ერთ შემთხვევაში ლუკა კურტანიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს საჯარო მოხელის მიმართ, რომელიც აზერბაიჯანული წარმოშობისაა. კურტანიძე მას საქართველოდან გაძევებით დაემუქრა, თუ ის პოლიტიკურ შეხედულებას არ შეიცვლიდა". თაქთაქიშვილი ამბობს, რომ "არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ძალადობის გამოწვევა ზიანს აყენებს არა მარტო წინასაარჩევნო გარემოს, არამედ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, განსაკუთრებით კი იმ ვითარებაში, როდესაც ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ქვედანაყოფების მობილიზაცია ხდება". ლუკა კურტანიძე კი "ნაცმოძრაობის" ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებსმისი განმარტებით ის მოქალაქეებს კი არ ემუქრება, უბრალოდ მოუწოდებს და ურჩევს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დაშინებასა და სიბინძურეს თავი დაანებონ", განაგრძობს სტატიის ავტორი.
"ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ ამ დაკავებებით ხელისუფლებას სურს, საარჩევნო პროცესი ნორმალური კალაპოტიდან ამოაგდოს - "ხელისუფლება ცდილობს არეულობების პროვოცირებას, რათა რამენაირად საარჩევნო პროცესების ნორმალური კალაპოტიდან ამოგდება შეძლოს. 3 დღის წინ სანდო წყაროებიდან მივიღეთ ინფორმაცია, თუ რა გეგმები აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლება გეგმავდა, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყოს "ქართული ოცნების" წევრებისა და აქტივისტების, ასევე რაიონებში საარჩევნო კომისიებში "ოცნების" წარმომადგენლების და დამკვირვებლების მასობრივი დაპატიმრებები, იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც კასპის რაიონში ხდება", - განაცხადა გუშინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სოზარ სუბარმა. მისი განმარტებით, ძირითადად ისეთი გეგმა აქვთ, რომ 10-15 დღით ჩასვან ციხეში, რათა საარჩევნო პროცესს ჩამოაშორონ", - დასძენს სტატიის ავტორი.
"რა თქმა უნდა, ხელისუფლება მიდის ძალადობის მიმართულებით, მაგრამ მთელი პრობლემა ისაა, არ არსებობს გარანტია, რომ ხელისუფლება ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც მისთვის მაინც იქნება სასარგებლო. ოღონდ მეტოქე დაღუპოს, ყველაფერზე მიდის და ძალიან ხშირად ვერ ხედავს, რა არის მისთვის სასარგებლო ან მავნებელი. დაჭერები ვითარებას რომ ვერ განმუხტავს, ხომ ფაქტია? ამიტომაც არ მგონია, რომ ეს დაჭერები ვითარების განმუხტვისთვის კეთდებოდეს. სიმართლე გითხრათ, იმის შიშიც მაქვს, რომ იმ კადრების ჩვენების შემდეგ ხელისუფლების ასეთი ქმედება ხომ არ არის გათვლილი იმაზე, რომ პატიმრების წამებით გამოწვეულ აღშფოთებას დაემატოს დაჭერებით გამოწვეული აღშფოთება და ამ ყველაფერმა იმ ზღვარს მიაღწიოს, რომ მისი შეჩერება უკვე რთული იქნება. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება იმის საშუალება, რომ, ერთის მხრივ, სპეცრაზმი გამოიყენოს აღშფოთებული ხალხის დასაშოშმინებლად და მეორეს მხრივ არჩევნები გადადოს. ამ ვითარებაში ხელისუფლებას არჩევნების ჩატარება არ უნდა აწყობდეს, რადგან მისთვის სასურველი შედეგი ვერ იქნება და ერთი ან ექვსი თვის შემდეგ რა იქნება, კაცმა არ იცის - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.