„ბესელიას გადადგომა შიდაპარტიულ პროცესებს უკავშირდება და პარტიის შიგნით გარკვეული უთანხმოება კი - საკვანძო საკითხებს. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სწორედ ეს ყოფილიყო. ასევე, არ არის გამორციხული გარკვეული პიროვნული დაპირისპირების ფაქტორიც," - აღნიშნა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ თანამდებობა დატოვეს. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი გადადგომის მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს უკავშირდება.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თამჯდომარისთვის გაუგებარია, ბესელიამ მისი გადადგომა მოსამართლეების საკითხს რატომ დაუკავშირა. მისი თქმით, ჟურნალისტები ბესელიას წასვლის შესახებ 2-3 თვის წინ საუბრობდნენ.
„შეგიძლიათ, დასერჩოთ „გუგლში" და პირდაპირ ამოაგდებს ჟურნალისტების სტატიებს, სადაც ამაზე იყო საუბარი. რატომ ხდება ამ საკითხის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან, ეს ყოვლად გაუგებარია. გაუგებარი კი არა გასაგები თემაა. ძალიან ნათელია ამ კონკრეტული თემების უკან რაც დგას," - განაცხადა სოფიო კილაძემ.
ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში" გარკვეული ინტერესთა დაპირისპირება არსებობს.
„ყველასთვის ცნობილია, რომ პარტიის შიგნით დუელის პროცესი მიდიოდა; გარკვეული ჯგუფური ინტერესების დაპირისპირება გაცილებით უფრო ადრე იყო. როგორც ჩანს, მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენამ ერთგვარი ბიძგის როლი შეასრულა," - აცხადებს ის.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეკა ბესელიამ „ძალადობრივი ქმედების წინააღმდეგ გაილაშქრა" და სწორედ ამიტომაც დატოვა მან თანამდებობა.
„დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში" გასაგებია, რადგან ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მათ, ვინც ძალადობრივი ქმედების „დამქაშები" იყვენენ. ამ ე.წ. მოძალადე მოსამართლეების შემადგენლობას თვითონ ის პოლიტიკური ძალაც კი ემიჯნება, რომელიც თვითონ იყო ამ მოსამართლეების დამკვეთი. მარიონეტი ძალები, რომელიც არიან პარლამენტში და სასამართლო სტრუქტურებში, სწორედ მათ წინააღმდეგ გაილაშქრა ეკა ბესელიამ," - აღნიშნა მან.
ანჯაფარიძის თქმით, უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნება.
„საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნება, რადგან საზოგადოებას ასეთი მოლოდინი აქვს. საზოგადოების მოლოდინს შესაბამისი ადეკვატური პასუხი სჭირდება, რომ ეს მოლოდინი დაკმაყოფილდეს. თავად პარტიის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ იქნება ცვლილებები," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მაისაია კიდევ უფრო ცხელ წელიწადს პროგნოზირებს, ვიდრე ეს 2018 წელს იყო.
„ის ორი ძალა, - პორტირებული „ნაცები" და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მართლა ავტორიტალურ რეჟიმს ებრძოდა - ამან ვულკანივით ამოხეთქა და ამას სერიოზული შედეგები უნდა მოყვეს. 2019 წლის პირველი ნახევარი გვექნება საკმაოდ ცხელი, იმაზე ცხელი, ვიდრე ეს მიმდინარე წელს იყო," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ბესელიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა; მისი თქმით, ბესელიას გადადგომა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირება „გაუგებარი" და „ალოგიკურია."
„აქ ლოგიკური საფუძველი რეალურად არ ჩანს. დღეს გაკეთდა ქალბატონი ეკას მხრიდან განცხადება გადადგომის თაობაზე. მაშინ, როდესაც მანამდე უკვე გაკეთებული იყო განცხადება ჩვენი მხრიდან იმის თაობაზე, რომ წელს აღარ მიიღებოდა ეს გადაწყვეტილება. ზუსტად ამიტომ არის გაუგებარი ეს კავშირი პროცედურასა და გადადგომას შორის.
„ჩვენ გუშინ არა მარტო ის ვთქვით, რომ წელს არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვთვლით, რომ იყო სურვილი გამოთქმული სხვადასხვა მხრიდან - მათ შორის საერთაშორისო პარტნიორები სხვა დაინტერესებული მხარეები. მათ თქვეს, რომ უმჯობესი იყო ჯერ წინასწარ გაწერილიყო პროცედურა და კრიტერიუმები და ამის შემდეგ დაწყებულიყო უკვე საკითხის განხილვა," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.