გაზის ტარიფი შემცირდა, მაგრამ სინამდვილეში იგივე დარჩა. კლება მიზერულია, თუმცა მთავარი ისაა, რომ შუა ზამთარში მოსახლეობისთვის გადასახადი არ გაიზრდა. მთავრობამ იკადრა და ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასის ნაწილობრივი სუბსიდირება მოახდინა.
სემეკის წევრის გოჩა შონიას განცხადებით, ბუნებრივი აირის გაიაფების ძირითადი მიზეზი სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტის, განაწილების ტარიფის შემცირებაა.
„განაწილების ტარიფი შემცირდა დაახლოებით 1.3 თეთრით და ეს შემცირება გამოწვეული იყო ნორმატიული დანაკარგების ღირებულების შემცირებით. კომისია ადგენს დანაკარგების განაკვეთებს კომპანიებისთვის 5-წლიან პერიოდზე. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ეს დანაკარგები შემცირდა და, შესაბამისად, ამ შემცირებამ გამოიწვია თვითონ განაწილების ტარიფის კლება.
მეორე მხრივ გაიზარდა მიწოდების ტარიფი, მიწოდების ტარიფის ზრდა იყო დაახლოებით 1.3 თეთრი და შესაბამისად, ამ ორმა კომპონენტმა ერთმანეთი დააბალანსა, თუმცა ტრანსპორტირების ტარიფის შემცირებამ საბოლოო ჯამში გამოიწვია სამომხმარებლო ტარიფის შემცირებაც. ასე რომ, სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა 0.014 თეთრით 1 კბ/მ-ზე, შესაბამისად, ეს ტარიფი იმოქმედებს ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა შონიამ.
განსხვავებულია ტარიფის შემცირების მიზეზი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილისთვის. ნათია თურნავა ამბობს, რომ სახელმწიფომ შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც სემეკს საშუალება მისცა, გაზის სამომხმარებლო ტარიფები მცირედ შემცირებულიყო.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფოს მიერ საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. გარკვეული მოლოდინი იყო იმის შესახებ, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო და ამას საფუძვლად ედო, თუნდაც ის ინტენსიური საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო, კერძო კომპანიები გაზიფიცირების მიმართულებით ახორციელებენ. სახელმწიფომ გამონახა გზა, რომ ეს ინვესტიცია ტარიფში არ აისახოს, მოსახლეობას არ დააწვეს და ეს მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით ხდება“, - განმარტა თურნავამ.
სემეკმა გუშინვე დაამტკიცა სამომხმარებლო გაზის, უმნიშვნელო, თუმცა მაინც ტარიფის კლება 1 წლით: „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის - 0.011 თეთრით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტებისთვის - 0.014 თეთრით, „საქორგგაზის“ აბონენტებს კი -0.012 თეთრით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა ადასტურებს, რომ ტარიფის კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფოს ჩართვამ განაპირობა. მისი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროსგან კომისიამ წერილი მიიღო, რომლის მიხედვით გაზის მიწოდების ფასი 1000 კუბურ მეტრზე თბილისის შემთხვევაში 105 დოლარიდან 103.7 დოლარამდე, რეგიონებში კი, 105 დოლარიდან 92.25 დოლარამდე მცირდება. შედეგად, შესაძლებელი გახდა არსებული სამომხმარებლო ტარიფების შენარჩუნება და მათი უმნიშვნელოდ შემცირება.
„ეკონომიკის სამინისტროს წერილში ცალსახად მითითებულია, რომ ამ ხარჯს თავის თავზე იღებს სახელმწიფო კომპანია - ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ეს არ ხდება აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ ხარჯზე. ეს სოციალური პოლიტიკის შედეგია, რომელიც ამ გადაწყვეტილებით გაატარა მთავრობამ“, - აღნიშნა მილორავამ.
სხვათა შორის თავად „სოკარ ჯორჯია გაზი“ სემეკის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. კომპანიის წარმომადგენლის მარიკა ჯაფარიძის განცხადებით, ტარიფებთან დაკავშირებით სემეკის საბოლოო კალკულაციას გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაეცნო, შესაბამისად, დეტალურად არ განუხილავს, თუმცა ტარიფის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, რომელსაც სემეკიდან სრული ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ შეაფასებენ.
„ტარიფის კალკულაციას მარეგულირებელი კომისია ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აკეთებს. იქ რაღაც პრინციპული შეუთანხმებლობები გვაქვს არა კონკრეტულ თანხებთან, არამედ პრინციპებთან დაკავშირებით, უნდა ყოფილიყო, თუ - არა ესა თუ ის კომპონენტი ტარიფში ასახული. ჩვენ ვთვლით, რომ სატარიფო მეთოდოლოგია არ იძლეოდა იმის საშუალებას, რა გადაწყვეტილებაც მარეგულირებელი კომისიის მიერ იქნა მიღებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ სემეკის მიერ „სოკარ ჯორჯია გაზის“ შენიშვნების გათვალისწინება ახალ ტარიფზე გავლენას მოახდენდა.
მიუხედავად ამისა, კომპანიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, გაასაჩივრებს თუ არა ახალ ტარიფს სასამართლოში.
კიდევ უფრო უკმაყოფილოა ოპოზიცია, თუმცა მათი გულისწყრომის მიზეზი უცნობია.
„სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება, გაზის ტარიფთან დაკავშირებით, ავლენს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ცინიზმს, თითქოს მადლობლები უნდა ვიყოთ ივანიშვილის, რომ გაზის ტარიფი არ გაიზარდა“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ეს შემცირება არ არის. გაზის ტარიფი თბილისისთვის რჩება იგივე და ყველამ კარგად ვიცით, დღევანდელ გაჭირვებაში რამდენად მძიმედ აწვება გადასახადები მოქალაქებს. თბილისისთვის ასეთი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, რეგიონებისთვის შეიძლება მაინც გაიზარდოს. კარგად გვახსოვს, ორი წლის წინ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სემეკმა, თბილისში იგივე დატოვა და ზოგიერთ რაიონში 17 თეთრით გაძვირდა. ამიტომ მთავარია, იმის გაგემა, რომ სიტყვა შემცირება, რომელსაც მთავრობა შეეცდება გააპიაროს, არაფრის მთქმელია და გადასახადები მძიმე ტვირთად დარჩება გაღარიბებულ მოსახლეობას“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.