ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, 2018 წლის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გიორგი კვირიკაშვილის გადაყენება, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში 2018 წლის პოლიტიკური მოვლენების შეჯამებისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, შიდა პოლიტიკაში მთავარი იყო ის, რომ შეიცვალა აღმასრულებელი ხელისუფლება და მოვიდა ახალი პრემიერი, ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა. ეს არის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც შიდა პოლიტიკას ეხება. მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლება მიხვდა, მისი საქმე მთლად კარგად არ მიდიოდა. ამან გამოიწვია ის, რომ გადააყენეს გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა. მაშინ ივანიშვილმა ბრძანა ასეთი რამ, რომ პარტიაზე კარგავდა კონტროლს. როგორც ჩანს, შიდაპარტიული დაჯგუფებები წარმოიქმნა. გარდა ამისა, ქვეყანაში სიტუაცია მთლად დამაკმაყოფილებელი არ იყო და ივანიშვილი გახდა იძულებული, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში. ჩემი აზრით, მისი დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ იქნება“, - განაცხადა ძაბირაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.
„კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობა, რეალურად კი კაცმა არ იცის, რა მმართველობა გვაქვს. პრემიერი უმაღლესი თანამდებობის პირია, მაგრამ ივანიშვილი მასზე მაღლა დგას. ეს მაგონებს საბჭოთა მართვის სტილს, როდესაც იყო პრემიერი და ასევე იყო პოლიტბიურო, რომელიც რეალურად წყვეტდა საკითხებს, მაგრამ პასუხს ფაქტობრივად არაფერზე აგებდა. მართვის დაახლოებით ასეთი ტიპი გვაქვს დღესაც და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სტილმა საბჭოთა კავშირშიც კი ვერ გაამართლა. საქართველოში მართვის ეს სტილი მითუმეტეს ვერ გაამართლებს და არც ამართლებს, იმიტომ რომ პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებიდან 6 თვის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში „ქართული ოცნებასთან“ ერთნაირი რაოდენობის ხმები აიღო, ამასაც დიდი მოხერხება უნდოდა. ჩვენ გვჭირდება გამართული სახელისუფლებო სტრუქტურა, ივანიშვილი, როგორც არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერი. ეს აუცილებელი პირობაა, თუმცა საკმარისი ეს ნამდვილად არ იქნება“, - აღნიშნა ექსპერტმა.
მისივე განცხადებით, საგარეო პოლიტიკაში რაღაც მნიშვნელოვანი გარღვევა არ მომხდარა.
„ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ორპალატიანი მხარდაჭერა მიიღო საქართველომ აშშ-დან. ეს უბრალოდ გვაძლევს ჩვენ და მთელ მსოფლიოსაც იმის განცდას, რომ აშშ-ში ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შეცვლა ჩვენდამი დამოკიდებულებას არ შეცვლის“, - განაცხადა ძაბირაძემ.