ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას გამოსვლა ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე კრიტიკის საგანი გახდა. მინისტრის განცხადებას გამოხმაურება, კონკრეტულად, ლარის კურსის სტაბილურობისა და უმუშევრობის დონის შემცირების საკითხებზე მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, მინისტრს წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში. ქობულიას განცხადებას - „დიასახლისებს მუშაობა არ უნდათ“, „ტაბულას“ რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, უპასუხა - „დიასახლისი მუშაობს! და იდიოტის გარდა არავინ იტყვის, რომ დიასახლისს მუშაობა არ უნდა“. კონსტანტინე გამსახურდიმ კი გიორგი ქობულიას მეორე ჯეჯელავა უწოდა ოღონდ - ეკონომიკაში.
გიორგი ქობულიას განცხადებები for.ge -სთან საუბრისას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა შეაფასა და ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადების ციტირებას მოვახდენ, რის გამოც მონისტრი არაერთგზით გააკრიტიკეს - „ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი უნდა იყოს ნაკლები ეკონომიკაში... ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც, ან იმპორტში უნდა გავიდეს... მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017 და 2018 წლებს შორის. ნაკლები კი არა, 65 მილიონი დოლარით მეტი დოლარი იყო ეკონომიკაში. რისგან უნდა გაიაფდეს ლარი? - ლარი შეიძლება გაიაფდეს მხოლოდ იმისგან ამ სიტუაციაში, თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები... ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს?! ამას ფიზიკის კანონები ეწინააღმდეგება და ეკონომიკის“, - თქვენ, როგორც ეკონომისტი, როგორ შეაფასებთ მის ამ განცხადებას?
პაატა ბაირახტარი: ლარის ვარდნა მოკლევადიან პერსპექტივაში მართლაც არ არის მოსალოდნელი. ჯერ ერთი მთელი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია გვქონდა დოლართან მიმართებაში და ეროვნული ბანკი ამას ხელოვნურად აჩერებდა და, რომ არა ეროვნული ბანკის ინტერვეციები, დღეს დოლართან მიმართებაში ლარი გაცილებით უფრო მყარი იქნებოდა. ახლა არის წინა საახალწლო პერიოდი, რატომაც მოთხოვნა გაცილებით გაზრდილია ეროვნულ ვალუტაზე და როგორც წესი, ამ დროს კიდევ უფრო მყარდება ხოლმე ლარი და რა საკვირველია, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არ ველოდებით ეკონომისტები. თუ ამ მიმართულებითაა საუბარი, გაუგებარია, რა გაუკვირდათ, მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არ არის.
საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ ლარის გაუფასურებას?
- საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს დამოკიდებული იქნება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკასთან, საგარეო ფაქტორებთან და ეკონომიკური გუნდის მიერ გატარებულ ფისკალურ პოლიტიკასთან.
შემდეგი წლისთვის ბიუჯეტი 2.70 გვაქვს დაგეგმილი და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის ფარგლებში იმოძრავებს ეროვნული ვალუტის კურსი. თუ ძალიან გამყარდა და წესით, არც უნდა გაამყარონ რომც ჰქონდეს ეროვნულ ვალუტას იმის საშუალება, რომ გაიმყაროს პოზიციები. ეროვნული ბანკი არ დაუშვებს მას, ანუ საკმარისზე მეტად არ გაამყარებს იმიტომ, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტი 2.70-ზეა დათვლილი.
ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირებულია და ხელფასების ზრდა შეინიშნება თითქმის ყველა სექტორში. პრინციპში, მან თქვა ის, რაც საქსტატის მონაცმებითაც ვიცოდით, ანუ ქალების საშუალო ხელფასი 851.9 ლარით, ხოლო კაცების – 1360.5 ლარით განისაზღვრა, ანუ ხელფასების წლიურმა ზრდამ 42.5 და 66.7 ლარი შეადგინა. ასევე საქსტატის მონაცემებით,(რაც მინისტრმაც თქვა), გაზრდილია დასაქმებულთა რაოდენობაც, მაგრამ მიუხედავად ამ მონაცემებისა ხალხი ვერ გრძნობს ეკონომიკურ წინსვლას, რატომ?
- ჩვენ ვცხოვრობთ დღეს ორ რეალობაში. პირველი რეალობა არის ის, თუ რა ხდება ქვეყანაში სინამდვილეში და მეორე რეალობაა, თუ რა მონაცემები გვაქვს ციფრებში. ციფრებში ჩვენ ნამდვილად გვაქვს უმუშევრობის დონის შემცირება, ამას ვერ გავექცევით, ეს ოფიციალური სტატისტიკაა და ნამდვილად უმუშევრობის დონე შემცირებულია წინა წლებთან შედარებით, მაგრამ მეორე საკითხია უშუალოდ მეთოდოლოგია და, თუ ჩვენ მეთოდოლოგიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მეთოდოლოგიის გადასინჯვის შემდეგ გაცილებით მეტ რელობაში აღმოვჩნდებით უმუშევრობის თვალსაზრისით.
კონკრეტურად რას გულისხმობთ?
- ჩვენთან დასაქმებული, რომელსაც 1 თვის განმავლობაში მაინც აქვს რაღაც ტიპის შემოსავალი მიღებული, ითვლება დასაქმებულად.
გულისხმობთ, რომ ძირითადად ამ მოკლევადიანი 1-3 თვიანი სამსახურების დაფიქსირების ხარჯზე იზრდება სტატისტიკის მონაცემები, მაგრამ, რეალურად, ერთთვინი სამსახური ვერ აუმჯობესებს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას?
- დიახ და ამავე დროს, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ადამიანები ითვლებიან დასაქმებულებად. ესეთი პარადოქსია, რომ სოფლად ხალხი უფრო დასაქმებულია და უფრო მაღალია დასაქმების დონე, ვიდრე ქალაქში და ამ დროს კარგად ვიცით, რომ საზოგადოება ქალაქში მოდის სამუშაოს საძებნელად და ზოგადად, საშუალო შემოსავალი ქალაქში უფრო მაღალია -ესეც, გარკვეულწილად, უცნაური შეუსაბამობაა.
რეალურად, ჩვენთან საშუალო ხელფასი ითვლება, რომ დაახლოებით 940 ლარია. ესეც არის ორი რეალობიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ვართ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები და ყველას გვყავს მეგობრები, გარემოცვა და მეტ-ნაკლებად, ყველამ ვიცით, რა არის საშუალო შემოსავალი ქვეყანაში და არ სჭირდება ამას გარკვეული ეკონომიკური გათვლები და სტატისტიკები. აღნიშნნული მონაცემები ცალსახად გაბერილია და ვერ ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვართ, მაგრამ კიდევ უარესია ის, რომ ეს საშუალო ხელფასი, რომელიც არის ოფიციალურად მითითებული, ესეც არ არის რეალური და ამაზეც გაცილებით ნაკლებია საშუალო სტატისტიკური ქართველი ადამიანის თვიური შემოსავალი და ანაზღაურება, რომელშიც ჩვენ ვართ.
სტატისტიკის მიხედვით შემცირებულია უმუშევრობის დონე, მაგრამ უსამართლობა იქნება თუ ვიტყვით, რომ პრობლემები სრულად მოგვარებულია უმუშევრობის თვალსაზრისით.
პრინციპში, ეკონომიკის მინისტრს არც უთქვამს, რომ უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემები სრულად მოგვარებულია, მან თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკაში წელიწადში 30-40 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება, მაგრამ ჩვენ გვინდა ეს მაჩვენებელი მივიყვანოთ 60 000 სამუშაო ადგილამდე წელიწადშიო, ანუ უფრო და უფრო ხალხი არ არის გაჭირვებული, მაგრამ მაინც გაჭირვებულიაო. იგულისხმა, რომ გუშინდელზე მეტად დღეს ხალხს არ უჭირს, რაც ასევე კრიტიკის საგანი გახდა. მაინტერესებს, თქვენი, როგორც ეკონომისტის პასუხი, რატომ არ უნდა უნდოდეს დიასახლისს მუშაობა? მოგეხსენებათ მინისტრმა უმუშევრობის დაძლევის საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ დიასახლისებს მუშაობა არ უნდათ და ასეთი ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში მათი ამოცანაა. ჯერ ასე საკითხის დასმა, რომ დიასახლის მუშაობა არ უნდა, ალბათ, არასწორია, ზოგ დიასახლისს 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 3-4 საათი სძინავს იმდენად დატვირთულია თავისი საოჯახო საქმეებით, ან შიძლება თავისი პატარა ბიზნესიც ჰქონდეს და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული 300 ლარიანი სამსახური სულაც არ უღირს ოჯახი დატოვოს და საკუთარი დრო და ენერგია მოახმაროს სამსახურს, რომელიც, რეალურად, შემოსავალს არ მისცემს.
- კი ბატონო, მაგალითად, ქალბატონი, რომელსაც შეთავაზება აქვს ბაგა-ბაღის მასწავლებლობაზე, სადაც ხელფასი დაახლოებით 150-300 ლარია, ეს ღირსეული ანაზღაურებაა?! იმ დიასახლისისთვის, რომლისთვისაც თავისი დღის დროის 60%-ს ატარებს სამსახურში, რა თქმა უნდა, უარს იტყვის.
ახლა აღმოჩნდა, რომ, თურმე ამ ადამიანებისთვის შემდეგი წლის ბიუჯეტშიც არაა თანხა, რომ გავუზარდოთ ხელფასი და ასეთი ხარვეზები ძალიან ბევრია. ასეთი მაგალითების ფონზე სტატისტიკებით თავის მოწონება, რომ, თურმე ქალბატონის ანაზღაურება საქართველოში 850 ლარია, სტატისტიკაა, რომლის გადახედვაზე და მეთოდოლოგიაზეც შეგვიძლია ვიდავოთ. სტატისტიკა ვერ ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ რიგითი ადამაინები ვცხოვრობთ. მეეჭვება, რომ ადამიანს, გნებავთ ქალს და გნებავთ მამაკაცს, ჰქონდეს შეთავაზება მაღალანაზღაურებად შესაბამის სამსახურში და მან უარი თქვას დასაქმებაზე.
რამდენად არის მოსალოდნელი, რომ სამსახური საქართველოში გახდეს მაღალანაზღაურებადი დღევანდელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე?
- პესრსექტივა არსებობს და ეს ბევრ საკითხებზეა დამოკიდებული. ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაცა კარგი შევნიშნო და ეკონომიკის მინისტრის გამოსვლაში ერთი პოზიტიური დავინახე. ამ ადამიანს გაცნობიერებული აქვს ის პრობლემები, რაც ჩვენ ეკონომიკას გააჩნია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემების მოგვარების გზებსაც გამონახავენ.