უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა გადაიდო
მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა, მოსამართლეობის კანდიდატების ირგვლივ დაპირისპირება და უკმაყოფილება გრძელდება.
საბჭოს არამოსამართლე წევრები - ანი დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს და დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ ამ კანდიდატების განხილვა შეჩერდეს, რათა უზენაეს სასამართლოში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გაძლიერება არ მოხდეს.
სწორედ ამის შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე გადაიდო - ამის შესახებ შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე გამოვიდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 10 მოსამართლის კანდიდატურამ "ოცნების" დეპუტატებიც აღაშფოთა.
კობახიძის თქმით კი, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით.
"როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა საბჭოს მხრიდან დასაბუთებული იყო სასამართლოს შემადგენლობის შევსების საჭიროებით. როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 28-დან 10 მოსამართლე, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის საქმეთა დროულ განხილვას და გადაწყვეტას.
"სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ გამოითქვა სურვილი, კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად.
"აღნიშნულის გათვალისწინებით და, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს უკვე გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას.
"ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით", - განაცხადა კობახიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მიიჩნევენ, რომ უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც, ცხადია, საჭიროებს გონივრულ ვადას და შესაბამის პროცედურებს. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პარლამენტარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემაც მიმართა და დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სასამართლოს შორის გონივრული არჩევანისკენ, ასევე, უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რისი მეშვეობითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კანდიდატურებს აარჩევს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესით, რაც უნდა მოხდეს გაზაფხულზე.
"ორშაბათს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისი მოღვაწეობის ყველაზე ღრმა ფსკერზე გავიდა. იმ ფორმით, რომლითაც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურები დაასახელა, პირველ რიგში, სილა გააწნა საქართველოს პარლამენტს, ქართულ საზოგადოებას.
"პარლამენტს გზაში დააწიეს მოსამართლეთა კანდიდატურების ბიოგრაფიები. მადლიერებას გამოვხატავ მთელი ქართული საზოგადოების მიმართ, ვინც ამ საკითხზე სერიოზული განცხადებები გააკეთა - სახალხო დამცველი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ადვოკატთა ასოციაცია.
"ეს არის ძალიან სწორი რეაქცია ამ ძალიან სამარცხვინო საქციელის მიმართ, რომელიც საბჭომ ჩაიდინა. ეს ნაბიჯი გადაიდგა წინასაახალწლოდ იმ იდეით, რომ ამ შავბნელ საქმეს საზოგადოებრივი ყურადღება მოაკლდებოდა როგორც საბჭოში, ისე პარლამენტში.
"მიმაჩნია, რომ სრულიად დაუშვებელია წინასაახალწლო დღეებში, 27-28 დეკემბერს, კანდიდატურების ნაჩქარევად განხილვა პარლემენტის მიერ. ეს იქნება უდიდესი დარტყმა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულობისა და სასამართლოს ნდობისთვის, რომელიც ისედაც დაბალია", - განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით კი, "ქართული ოცნების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა სურვილი გამოთქვა, შედგეს შეხვედრა საბჭოს იმ არამოსამართლე წევრებთან, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციან სიას.
მისი თქმით, საუბარია არამოსამართლე წევრებზე: ანა დოლიძეზე, ირმა გელაშვილზე და პირადად მასზე. ნაზი ჯანეზაშვილი შეხვედრის შეთავაზებას მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ შეხვედრისთვის მზად არის, სადაც დაინტერესებულ დეპუტატებს განუმარტავს, რა მიზეზით არ დაუჭირა მხარი უმაღლეს ინსტანციაში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურებს.
"ლევან გოგიჩაიშვილმა დააყენა დღეს ბიუროს სხდომაზე საკითხი, რომ მოისმინოს მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს კენჭისყრაში და ამ ხალხს მხარი არ დაუჭირეს.
"ეს არის ძალიან კარგი და ჯანსაღი ინიციატივა, რადგან მართლაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს პარლამენტისთვის, თუ რა პრობლემებია შიგნით და რატომ არ დავუჭირეთ მხარი ამ კანდიდატურების წარდგენას. სიამოვნებით შევხვდები პარლამენტის წევრებს.
"ხვალ ჩავალ ამ შეხვედრაზე და აუცილებლად გავაცნობ ჩემს ხედვას, თუ რა პროცედურები წარიმართა საბჭოში და რა ხარვეზები იყო. გავაცნობ ჩემს ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა იქნენ თანამდებობაზე არჩეული იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეები.
"მიმაჩნდა, რომ არ შეიძლება გაძლიერდეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძის კლანი", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების სია კი ასეთია: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
საბჭოს ამ გადაწყვეტილებამ საბჭოს არამოსამართლე წევრებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია. რამდენიმე მათგანი წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა გახმაურებული საქმის მოსამართლეები იყვნენ.