„გოგებაშვილის უკვდავი ნაწარმოებები თანამედროვე ბავშვებს ისევე ესმით, როგორც ესმოდათ გოგებაშვილის ეპოქის ბავშვებს“

„გოგებაშვილის უკვდავი ნაწარმოებები თანამედროვე ბავშვებს ისევე ესმით, როგორც ესმოდათ გოგებაშვილის ეპოქის ბავშვებს“

სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნება არასამთავრობოთა ნაწილმა უარყოფითად აღიქვა. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების ინიციატივას მხარი დაუჭირეს, ცალკეულმა ადამიანებმა ეს 21-ე საუკუნისთვის გაუგებარ მოვლენად შეაფასეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ და ქალთა მოძრაობის წევრი ბაია პატარაია აცხადებს, რომ „დედა ენა“ აღარც თანამედროვეა და აღარც ახლებური, მისი დაბრუნებით კი ჩვენ ვაკანონებთ იმას, რომ 21-ე საუკუნის ბავშვებმა წერა-კითხვა 100 წლის წინანდელი წიგნებით ისწავლონ.

„გოგებაშვილს ეს რომ ესმოდეს, გულიც გაუსკდება. ეს არც გოგებაშვილის პატივისცემაა და არც სამშობლოს სიყვარული... დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, სადაც ხელმისაწვდომია ლამის მთელი მსოფლიოს ცოდნა, ქართველები ისეთ სახელმძღვანელოებს წერენ, ბავშვს რომ სწავლა შესძულდება,“-მიიჩნევს ბაია პატარაია.

განსხვავებულად ფიქრობს იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრი და დამფუძნებელი ავთანდილ არაბული. For.ge-სთან საუბარში აკადემიკოსი აცხადებს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ მოძველდა. მისი განმარტებით, კონკრეტული ძეგლების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ძეგლი დაძველდა თუ არ დაძველდა. „დედა ენა“ ეროვნული კულტურის ძეგლად იმიტომ იქნა აღიარებული და ეს სტატუსი იმიტომ მიიღო, რომ იგი სიცოცხლისუნარიანია. სხვანაირად, იუნესკოს კონვენციის თანახმად, ძეგლს სტატუსი არ მიენიჭებოდა, თუ ის არ იქნებოდა მოქმედი და სიცოცხლისუნარიანი. ეს ნიშნავს, რომ „დედა ენა“ არ მოძველებულა. მის სიცოცხლისუნარიანობას ისიც ადასტურებს, რომ იაკობ გოგებაშვილის შემდეგ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, 13-მდე სახელმძღვანელო არსებობს, რომელშიც მთლიანად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაა“ გამოყენებული.

„გოგებაშვილი რომ უკვდავია და „დედა ენა“ ცოცხალია, ეს იქიდანაც ჩანს, რომ 13 ვერსიაა გამოცემული, უბრალოდ, სხვების ავტორობით. უბრალოდ, გოგებაშვილის საავტორო უფლება დარღვეულია. ახლა ლაპარაკია იმაზე, დავუბრუნოთ იაკობ გოგებაშვილს საკუთარი ავტორობა. მისი ანბანი, „აი ია“-დან დაწყებული, გოგებაშვილის წიგნიდან აქვთ გადატანილი მოქმედ სახელმძღვანელოებში. გოგებაშვილის ავტორობა კი დღემდე არ ჩანს, რაც უსამართლობაა. ეს სტატუსი საშუალებას გვაძლევს, სამართლიანობა აღვადგინოთ. სახელწოდება „დედა ენა“ მანამდე არც არსებობდა, ეს სიტყვა გოგებაშვილმა დაარქვა ამ წიგნს, ამიტომ „დედა ენა“ უნდა იყოს სწორედ იაკობ გოგებაშვილის ავტორობით.

რაც შეეხება ამ წიგნის შედგენილობას, მე კარგად ვიცნობ ამ თემას, რადგან აღნიშნულ კომისიაში ვიმუშავე და მინდა დაგარწმუნოთ, რომ გოგებაშვილისეული „დედა ენა“ არც ერთ თანამედროვე სახელმძღვანელოს არ ჩამორჩება თავისი ზოგადი მნიშვნელობით. მასში ძალიან თანამედროვე ტექსტებია, უბრალოდ, ენობრივად არის ისინი ადაპტირებული, განახლებული. იაკობ გოგებაშვილის წიგნში შემავალი „ჯიუტი თხები“ და სხვა უკვდავი ნაწარმოებები თანამედროვე ბავშვებს ისევე ესმით, როგორც ესმოდათ გოგებაშვილის ეპოქის ბავშვებს, მიუხედავად ინტერნეტიზაციის ეპოქისა“, - აღნიშნა ავთანდილ არაბულმა.

მისივე განმარტებით, არსებობს „დედა ენის“ ელექტრონული ვერსიაც. უბრალოდ, დახატვის პრობლემაა, რადგან მაშინ შავ-თეთრი ნახატები იყო. ეს გახლდათ შმერლინგის ნახატები, ახლა კი არაჩვეულებრივი ფერადი ნახატებით დაამშვენეს გოგებაშვილისეული „დედა ენა“ და დეისაძისა და მანანა მორჩილაძის ნახატებით საოცრად გაცოცხლდა „დედა ენა“.

ავთანდილ არაბული სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების მოწინააღმდეგეებს იმასაც შეახსენებს, რომ გოგებაშვილისეული „დედა ენა“ ალტერნატიული სახელმძღვანელოა, ანუ ნებაყოფლობით ირჩევს მასწავლებელი ამ სახელმძღვანელოს და ამით დემოკრატიულობის პრინციპი არ ირღვევა. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ვიღაცების კერძო ინტერესები ეჯახება საერთო ინტერესებს. კერძოდ, თუ წარმოვიდგენთ, რომ „დედა ენის“ 13 ვერსია გაკეთდა, რომელთაც თანაავტორებიც ჰყავს, ეს ნიშნავს, რამდენი ადამიანის ინტერესი შეიძლება იდგეს ამის უკან.

„თორემ როგორ შეიძლება იაკობ გოგებაშვილზე საქართველომ უარი თქვას?! ასე, ლომაიაც ამბობდა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები მკვდარი ტექსტებიაო. ე.ი. „ვეფხისტყაოსანი“ და ძველი ტექსტები არ უნდა ვისწავლოთ და მარტო თანამედროვე ტექსტები გვჭირდებაო“.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იაკობ გოგებაშვილი მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის დიდი რეფორმატორი და სიახლეების შემომტანი თავად იყო. დღეს კი ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, ამიტომ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპებით, რასაც თვითონ ეყრდნობოდა იაკობ გოგებაშვილი, რომელიც თავის დროზე თვითონაც კრიტიკის ობიექტი იყო.

„იაკობ გოგებაშვილი დღეს თვითონაც იქნებოდა ამ ინიციატივის კრიტიკოსი, რადგან ის მეთოდოლოგია, რომელსაც იგი იყენებდა, არ იყო მისი საავტორო მეთოდოლოგია. ეს იყო დასავლეთიდან შემოტანილი მეთოდოლოგია. დღეს ჩვენ შეგვიძლია, გოგებაშვილის „დედა ენის“ ბოლო რედაქციიდან ავიღოთ ის, რაც კარგია, მაგრამ ამ ყველაფრისთვის საკანონმდებლო ინიციატივის მინიჭება, ცენტრალიზებული მიდგომა და განათლების სამინისტროსთვის დავალების მიცემა, რომ კონკრეტულმა კომისიამ კონკურსგარეშე შეიმუშაოს ეს საკითხი, მერე სახელმძღვანელო გამოსცეს და სავალდებულო გახადოს ყველასთვის, ეს განათლების თანამედროვე პროგრესულ იდეებს და მიდგომებს არ მიესადაგება. თუ ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში და ვთქვათ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ აქვს იმის შნო, თანამედროვე ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო ლიტერატურა შექმნას, მაშინ სხვა მოცემულობა გვქონია. ეს მაშინ, როცა დღევანდელი ხელისუფლებაც და პრემიერ-მინისტრიც ყოველდღიურად ახსენებენ სიტყვა „ინოვაციას“ და განათლების მინისტრიც ამავეს ამბობს. მაგალითად, კალოს ლეწვა როგორ უნდა გავაგებინოთ ბავშვებს? გოგებაშვილის დროს სრულიად სხვა მოცემულობა იყო“, - აცხადებს რევაზ აფხაზავა.

მისივე თქმით, იმდროინდელ ბავშვებს, განსაკუთრებით, გლეხის შვილებს, რომლებიც სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებულნი და გარემოს მოწყვეტილნი გახლდნენ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ წერა-კითხვის შესახებ. ახლანდელი ბავშვები კი გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობენ, მათი უმეტესობა პირველ კლასში არა მარტო ქართულ ასოებს, არამედ ლათინურ ასოებსაც ცნობს. ამიტომ ახლანდელ ბავშვებს კითხვისა და წაკითხულის კარგად გააზრების ინტერესი რომ გავუღვიძოთ, თანამედროვე და მათთვის საინტერესო მეთოდები და ტექსტები უნდა გამოვიყენოთ. ამის მომხრე იყო სწორედ იაკობ გოგებაშვილი, ოღონდ მე-19 საუკუნის რეალობიდან გამომდინარე. თუკი გოგებაშვილის, წიგნიერების განვითარებაში დიდი როლის მქონე ამ ძალიან დიდი ადამიანის პრინციპებს არ გვინდა ვუღალატოთ, მაშინ მაქსიმალურად თანამედროვე მიდგომები უნდა დავნერგოთ.

„გოგებაშვილისეული „დედა ენა“ წერა-კითხვის სწავლების მე-19 საუკუნის ინსტრუმენტი იყო. იმდროინდელი სახელმძღვანელოთი სწავლა იგივეა, რომ სოფლის მეურნეობაში ჩვენ არ გამოვიყენით ტრაქტორი და ისევ თოხითა და ქვის იარაღებით ვიმუშაოთ. თუ ცალკეულ ადამიანებს ახლის შექმნის შესაძლებლობა არ აქვთ, სხვებს მაინც ნუ შეუზღუდავენ ამის კეთების შესაძლებლობას“, - მიაჩნია რევაზ აფხაზავას.