თბილისის ციხეში მომხდარი პატიმართა წამებისა და გაუპატიურების სკანდალის პარალელურად, ახალი გარემოებები გამოვლინდა სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილი ქართველი ოფიცრის, სერგო თეთრაძის ბურუსით მოცულ საქმეში. შარშან სექტემბერში ციხეში გარდაცვლილი ოფიცრის მეუღლემ, ნანა თეთრაძემ, რომელიც დუმილს ინარჩუნებდა, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლეც სწორედ ავადსახსენებელ გლდანის მე-8 საპყრობილეში დაიღუპა სასტიკი წამებით.
„დროებით დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა ჩემი მეუღლე, სადაც გაუსწორდნენ კიდევ ერთხელ და ჩემი ქმარი იყო ძალიან ნაწამები. ვიცი დანამდვილებით, რომ იმ საღამოს ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა შევიდნენ ჩემ ქმართან და თვითონ აწარმოებდნენ ამ დაკითხვას.“
ნანა თეთრაძის მეუღლის საქმეს და მისი საიდუმლოებით მოცული სიკვდილის ისტორიას რადიო თავისუფლებამ რამდენიმე რეპორტაჟი მიუძღვნა. პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი, 2011 წლის 17 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა საკუთარ სახლში დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ოფიცრის საცხოვრებელ სახლში მოგვიანებით ჩხრეკაც ჩატარდა. ერთი კვირის შემდეგ კი ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ოფიცერი სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინ და ოფიცრის მკვლელობაში უშუალოდ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მეგის ქარდავა დაადანაშაულა:
„მე მინდა ასევე დავაყენოთ ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას პასუხისმგებლობის საკითხი... დღეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს რეალურად ჯალათების ჯგუფი, რომლებმაც სერგო თეთრაძე შეიწირეს ასევე ‘შპიონომანიის’ ამ ეგიდით“.
სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილ, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე ახალი მოწმე გამოჩნდა გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომლის, ლადო ბედუკაძის სახით. ეს ის ბედუკაძეა, რომელიც პატიმართა დამცირებისა და გაუპატიურების სცენებს გლდანის ნომერ მე- 8 წინასწარი დაკავების საპატიმროში ციხის უფროსის დავალებით იღებდა და შემდეგ წამების ამსახველი კადრები ინტერნეტის საშუალებით, ნაცნობი ჟურნალისტების დახმარებით ბელგიიდან გაავრცელა. სატელეფონო საუბარში, ლადო ბედუკაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ციხის უფროსი და რეჟიმის უფროსი ეჭვმიტანილისაგან სასურველი აღიარებითი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ და ოფიცერი სწორედ გაუპატიურების მცდელობის დროს შემოაკვდათ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
„ბატონი სერგო იყო გამოცდილი ადამიანი, როგორც მე ვიცი, წლების განმავლობაში მუშაობდა სამხედრო დაზვერვაში და არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ადვილად გატეხილო, ადვილად დამორჩილებოდა მათ ნებას და ამიტომ მიმართეს უკიდურეს ზომას, გაუპატიურების მეთოდს. და არ მინდა ხოლმე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მოხდა საშინელი ფაქტი.“
ლადო ბედუკაძე ამბობს, რომ იგი უშუალო მოწმეა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა, რადგან იმ ღამეს მორიგეობდა. გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი დარწმუნებულია და მზად არის დამოუკიდებელ სასამართლოზე დაამტკიცოს, რომ სერგო თეთრაძის წამება უშუალოდ ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ დაუკვეთეს.
„რას ქვია არ იცოდა? როგორ, არ იცოდა კი არა და დაკვეთილი იყო ბაჩო ახალიას და მეგის ქარდავას მიერ. მეგის ქარდავა იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და მეგის ქარდავას და ბაჩო ახალაიას დაკვეთით იყო სააკაშვილის ე.წ. გახმაურებული ტერაქტის საქმეები. ეს ყველაფერი აწყობდა სააკაშვილს, რომ ყოფილიყო ზედმეტი ყურადღება, თუ როგორ ებრძვიან მას რუსები და როგორ ხდება მისი, როგორც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მოცილება. აი, მორიგი, შემდეგი რაღაც პიარ-კამპანია უნდა გაეთამაშებინათ ბატონი სერგოს ბედზე და ცხოვრებაზე და აი ამ გზით მოხდა მისი ამბავი, რაც დასრულდა ტრაგიკულად.“ (სტილი დაცულია)
თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ციხეში წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში განაგრძობს მუშაობას. რეპორტაჟზე მუშაობის დროს ერთადერთი შეკითხვით დავუკავშირდით როგორც შინაგან საქმეთა, ისე თავდაცვის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის პრესცენტრის ხელმძღვანელებს: აპირებენ თუ არა ამ უწყებებში სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას საქმეში გამოჩენილი ახალი გარემოებებისა და ახალი მოწმის ჩვენების შემდეგ? თუმცა, არც ერთ უწყებას ჩვენი შეკითხვისათვის არ უპასუხია. სამაგიეროდ, გასულ კვირაში, როდესაც რამდენიმე ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ბინის ორდერები გადასცა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კვლავ გაიმეორა მმართველი გუნდის ახალი სამხედრო დევიზი:
„თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონცეფცია, ჩვენ ჩვენ მებრძოლებს არსად არ ვტოვებთ.“
57 წლის გადამდგარი პოლკოვნიკი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე ვეტერანი სერგო თეთრაძე, ჩანს, არ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტის ამ კონცეფციაში მოხვედრას. სერგო თეთრაძე იმ მრავალ ასეულ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა მიმართ საქართველოს ხელისუფლება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ტოტალური საკადრო წმენდისა და მარგინალიზების კონცეფციას იყენებს.