უცხოელებზე მიწების მიყიდვის დეტალები გაზაფხულზე გადაწყდება

უცხოელებზე მიწების მიყიდვის დეტალები გაზაფხულზე გადაწყდება

უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება. პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხის კენჭისყრა გაზაფხულის სესიებზე ჩატარდება.

კანონის ინიცირება, რომელიც 1 წელია უკვე მზად არის, მხოლოდ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების და მხოლოდ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამას შესაბამისი პროცედურა ითვალისწინებდა.

„შესაბამისად, საგაზაფხულო სესიებზე ვგეგმავთ უკვე წარდგენას, პროექტი მზად არის თითქმის 1 წელიწადია. თებერვლიდან საკმაოდ საინტერესო პერიოდი გვექნება, როდესაც მოხდება კანონპროექტის ინიცირება და კენჭისყრა“ - განაცხადა დანელიამ.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, მიწა არის რესურსი, რომლის გაყიდვაც უნდა დაარეგულიროს ორგანულმა კანონმა, მის შემუშავებაზე პარლამენტი საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს.

ხელისუფლების ახალ ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებენ სპეციალისტები და იქვე აღნიშნავენ, რომ მიდგომა მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით პრინციპული უნდა იყოს. პროფესორ პაატა კოღუაშვილის თქმით, ასეთ დამოკიდებულებაა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში.

„მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა. ამავე დროს, არც ერთ თანამედროვე ქვეყანაში, მიწაზე საკუთრება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას (გამოყენების და ბოროტად გამოყენების უფლება), არამედ ის რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით.

მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და „ამოწურვადი“ (შეზღუდული) რესურსი. თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობის ზრდასთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც. ამიტომაც მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან შეუთავსებელია.

სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი, რადგან მიწა არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური და კულტურული ფასეულობა“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

სანამ საქმე აქამდე მივიდოდა, მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით დეკემბერში საქართველომ დიდი ვნებათაღელვა გადაიტანა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და უცხოელებს მიწების დასასაკუთრებლად 1 კვირიანი ფანჯარა გაუჩნდათ, ვიდრე ახალი კონსტიტუცია ამოქმედდებოდა. ასეთ გადაწყვეტილებას დიდი აქციები და საჯარო რეესტრის პიკეტირება მოჰყვა.

საბოლოოდ 16 დეკემბრამდე უცხოელებზე არანაირი ტრანზაქცია არ განხორციელებულა, ხოლო შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.