საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულება მიიღო. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საფინანსო სექტორში სესხის გაცემის წესები მნიშვნელოვნად შეიცვლება. ვარაუდი, რომ შეიძლება ახალი რეგულაციები კიდევ გადავადებულიყო, არ დადასტურდა. იანვრიდან იგი შერბილებული სახით, თუმცა მაინც ამოქმედდება.
რეგულირება გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციაზე. სესხის გამცემი ვალდებული იქნება, სესხის გაცემისას შეაფასოს მომხმარებლის შემოსავალი, უზრუნველყოფის ღირებულება და გასცეს სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი და უზრუნველყოფის ღირებულება ამ დებულებით დადგენილ ზღვრებს არ აღემატება. აღნიშნული კოეფიციენტები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისათვის, რაც, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიზნად ისახავს მსესხებლებისა და ფინანსური სისტემის დაცვას უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკებისაგან.
„დებულების პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისიდან ღია რეჟიმში მიმდინარეობდა. პროექტი გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, აქტიური შეხვედრები გაიმართა როგორც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კონსულტაციების პროცესში გამოთქმული მოსაზრებები აისახა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში. დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა (უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ლიეტუვაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა)“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
რეგულაციის ძირითადი პრინციპია ის, რომ ფინანსურმა ინსტიტუტმა ფიზიკურ პირს არ უნდა დააკისროს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) პირის გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე.
იყო ვარაუდი, რომ თავდებობის ინსტიტუტი საერთოდ აიკრძალებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სებ-ი ასეთ მკვეთრ გადაწყვეტილებაზე არ წავიდა, შესაბამისდა, იანვრიდან სესხის გამცემს შეუძლია დამატებით ფიზიკური პირის თავდებობის გამოყენება, მაგრამ მხოლოდ იმ თანხის ფარგლებში, რისი მომსახურების რესურსიც აქვს თავდებს ამ დებულების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ თავდები პირი წარმოადგენს მსესხებელი იურიდიული პირის მმართველი ორგანოს წევრს - პარტნიორს, აქციონერს ან მათი საოჯახო მეურნეობის წევრს, თავდების მიერ საკრედიტო კოეფიციენტების დაკმაყოფილება სავალდებულო არ არის.
ამ რეგულაციით სესხის გამცემს ევალება შეაფასოს მსესხებლის გადახდიუნარიანობა და არ გასცეს ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის სესხი ან დააკისროს სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა), ვიდრე ფიზიკურ პირს გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს.
ახალი დებულებით გათვალისწინებულია ასევე გამონაკლისები, რაც ადრე არ იყო ნავარაუდევი. მაგალითად, ლომბარდული სესხების დროს შემოსავლების შეფასება აუცილებელი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში, ფიზიკური პირის ვალდებულება მხოლოდ გირაოს საგნით იფარგლება.
ლომბარდული სესხები, რასაკვირველია, არ იკრძალება, თუმცა, როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, სესხის გამცემის მოთხოვნა შემოფარგლული იქნება მხოლოდ უზრუნველყოფაში წარმოდგენილი მოძრავი ქონებით და ვეღარ მოხდება კლიენტის სხვა ქონებაზე გადახდევინების დასაკუთრება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან რეგულაცია გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა იმ სუბიექტზე, ვინც სესხს 20-ზე მეტ პირზე გასცემს, მათ შორის მევახშეებზეც.