ესპანური გამოცემა Marca "სარაგოსას" ქართველ ფეხბურთელს გიორგი პაპუნაშვილს სტატიას უძღვნის, სადაც მას თოვლის ბაბუასთან აიგივებს და შობის გადამრჩენად მოიხსენიებს.
გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს:
"გიორგი პაპუნაშვილი გასულ შაბათს "თოვლის პაპუ" გახდა და "სარაგოსასთვის" შობა გადაარჩინა, მან გუნდსა და ფანებს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა: გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა.
ქართველი "ექსტრამადურასთან" მატჩში სამთვიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა, მას კოჭ-წვივის ტრავმა ჰქონდა, რომელიც ალბასეტეში მიიღო, მის განსაკურნებლად კლუბმა სხვადასხვა მეთოდებს მიმართა. ეს ალბათ მისი პროფესიონალური კარიერის ყველაზე საშინელი მომენტი იყო, თუმცა მუდმივი არაფერია და გამოჯანმრთელება მანაც მოახერხა. მის მიერ გოლის აღნიშვნაც ყველაფერზე მეტყველებს. ის განთავისუფლდა.
ჯილდოც შესაბამის დროს მოვიდა. სიტუაცია, თამაშის განვითარება, დრო... ამ მომენტს გმირი სჭირდებოდა და ვიქტორ ფერნანდესმა იცოდა, რომ ეს გმირი პაპუ იქნებოდა. მან სიგიჟე გამოავლინა და ამ გოლის შემდეგ ყველა იმედოვნებს, რომ ეს მათი აღმასვლის დაწყების წერტილი იქნება.
გასულ სეზონში, ის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მოთამაშე იყო. მისი თავდაჯერებულობით, არასტანდარტულობითა და თავისებური დარტყმის სტილით, ის ფანების ერთ-ერთ კერპად იქცა.
მიმდინარე სეზონის წინ მიღებულმა ტრავმამ არ მისცა საშუალება თამაში იმავე დონეზე დაეწყო, შემდეგ მიღებულმა დაზიანებამ კი ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა.
ახლა ის საბოლოოდ დაბრუნდა და სურს, რომ დაკარგული დრო აინაზღაუროს. ქართველი "რაკეტის" წყალობით "სარაგოსას" ფანები შობას უფრო მშვიდად შეხვდებიან, "თოვლის პაპუ" შობას გილოცავთ!