„პროგრესი, თუ არ დაინახა ქართველმა ადამიანმა, მაშინ მეტი ნოსტალგია გაუჩნდება საბჭოთა რუსეთის მიმართ“

„პროგრესი, თუ არ დაინახა ქართველმა ადამიანმა, მაშინ მეტი ნოსტალგია გაუჩნდება საბჭოთა რუსეთის მიმართ“

„არა ნატოს“ და „კი რუსეთს! -ასეთი შეძახილებით აღნიშნეს, გასულ წელს, გორში სტალინის დაბადების დღე „კომუნისტური პარტიის“ და საზოგადოება „სტალინელის“ წევრებმა. შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. მათი მთავარი მოთხოვნა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის ძეგლის აღდგენა იყო, რომლის დემონტაჟიც 2010 წელს მოხდა. საბჭოთა ბელადის 140-ე დაბადების დღემ წელსაც ხმაურიანად ჩაიარა, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში შეკრებილი გორელები ხელისუფლებას კვლავ ძეგლის აღდგენას სთხოვდნენ.

რას ნიშნავს ქართველი ხალხის გარკვეული ნაწილის მიერ, საბჭოთა ბელადის, მიმართ სიყვარული და რატომ არსებობს 21-ე საუკუნეში ნოსტალგია საბჭოთა რუსეთის მიმართ? - for.ge -ამ თემაზე, ისტორიკოსს, პროფესორ ზურაბ კვეტენაძეს ესაუბრა.

ზურაბ კვეტენაძე: დავიწყოთ იქიდან, რომ სტალინი გორიდან იყო და ვერ უარვყოფთ იმას, რომ ის იყო, ძალზედ მასშტაბური პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე. ამას ლაპარაკობდნენ მისი თანამებრძოლები, ვინც მასთან ერთად ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგალითად, ჩერჩილი, რუზველტი, დე გოლი.

 სტალინის მიმართ დადებით კონტექსტებზე კი არაა აქ საუბარი, საუბარია იმაზე, რომ ის ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყო. ამიტომ ამას თვითონ გორელები კიდევ უფრო სიამაყით უყურებენ. მაინც მოსწონთ ეს მისი სიძლიერე. ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყო და ამით არის განპირობებული ეს დამოკიდებულება.

ბატონო ზურაბ ისინი ამბობენ, რომ „არა ნატოს“ და „კი რუსეთს“, - ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ მათთვის მხოლოდ სტალინის სიძლიერე იყოს პრიორიტეტი, მათ სურთ რუსეთი.

- ასეთი მოწოდება მიუღებელია, რას ჰქვია რუსეთი გვინდა! ეს არის ტოტალიტარული რეჟიმების ეპოქა და ჩვენი განვითარების გზა უნდა იყოს დემოკრატიული და ამასთანავე ეროვნული იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ.

ჩვენ ამას ისე უნდა შევხედოთ, რომ ეს არის ისტორიული წარსული. ისტორიაში ხდება ის, რაც ხდება. ჩვენ ვერ შვცვლით ამას და ამაზე ჰეგელმა გაამახვილა ყურადღება, რომელმაც თქვა, რომ „მნიშნელოვანი მომხდარი ფაქტებია ისტორიაში“. იყო ბოლშევიზმი, კომუნიზმი, ფაშიზმიც არსებობდა, მაგრამ წავიდა ეს ტოტალიტარული რეჟიმები და დამთავრდა. რაღა დროს ტოტალიტარული რეჟიმისკენ მიბრუნებაა.

ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული ღია საზოგადოება, სადაც თუნდაც პრორუსული აზრი რომ ჰქონდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მე არ მიმაჩნია ტრაგედიად. დარწმუნებული ვარ ეს ხალხი ვერ იქნება უმრავლესობა, მაგრამ, თუ არის ვინმე და არ ახდენს, მაგლითად, ძალადობისკენ მოწოდებას და გამოხატავს თავისუფლად თავის ამ აზრს, თუნდაც ის იყოს აბსოლუტურად მიუღებელი, ასეთი აზრიც უნდა იმსახურებდეს პატივისცემას და არა გაკიცხვას და მოკვეთას. ჩვენ დღეს უნდა ჩამოვაყალიბოთ პლურალისტური საზოგადოება.

ბატონო ზურაბ, ისინი სტალინის ძეგლის აღდგენას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქცეიებით იმუქრებოდნენ.

- მათ ამის კონსტიტუციული უფლება აქვთ, თუ არ გავლენ ჩარჩოებიდან, მათ, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ გამართონ დემონსტრაციები. კანონი უნდა იყოს ყველასთვის კანონი. როცა სტალინის ძეგლი ჩამოაგდეს, მე მაგალითად გორელებს შევეკითხებოდი, რომ არ ჰკითხეს და ისე ჩამოაგდეს, ეს იყო ყოვლად მიღებელი, თორემ სტალინის ძეგლის დადგმის მომხრე დღეს არ შეიძლება ვიყოთ. მუზეუმში აუცილებლად უნდა იყოს ეს ძეგლი. ჯერ ერთი, ეს დიდი შემოსავლის წყაროც არის თუნდაც გორისთვის. უცხოელი ტურისტები მოდიან და სტალინი, რომელიც ამხელა ფიგურა იყო მსოფლიო ისტორიაში, ყველა ინტერესდება მისი სახლ-მუზეუმის ნახვით. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, შეიძლება, იქ იდგეს ძეგლი.

სტალინის წვლილი საქართველოს ოკუპაცია-ანექსიაში, რა თქმა უნდა, უდავოდ არის. ამას თვითონაც გაუსვა ხაზი არაერთ ინტერვიუში, როცა საქართველოს რუსეთთან შეერთებას ნაკლები ბოროტება უწოდა, ნიკო ბერძენიშვილთან შეხვედრის დროს. ასევე, როგორ შეიძლება არ გავიხსენოთ ჩვენი მასშტაბური და დიდი ქართველების ფიზიკური განადგურება, როგორებიც იყვნენ: სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, მიხელ ჯავახიშვილი და სხვები... და ჩვენც ახლა არ უნდა დავემსგავსოთ საბჭოთა რეჟიმს? აზრის გამოხატვის უფლება არ არის ტრაგედია, ეს კონსტიტუციური უფლებაა. გამოხატონ იმ ადამაინებმაც და ჰქონდეთ თავიანთი აზრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერის უმეტესობა ამ პოზიციაზე არ იდგება და ამავე დროს, რომ არ დადგეს ამ პოზიციაზე, ამისათვის უნდა განვითარდეს ქვეყანა და უნდა იგრძნოს ქართველმა ადამიანმა განვითარება და პროგრესი. დასავლეთი არის პროგრესი, ეკონომიკური სიძლიერე, კარგი გზები, კარგი ინფრასტრუქტურა და ა.შ. ეს თუ არ ვაჩვენეთ ჩვენ საქართველოს მოსახლეობას, ყოველთვის მეტი ნოსტალგია გაჩნდება საბჭოთა რუსეთის და ამ რეჟიმის მიმართ.

მაგრამ, სტალინზე, როგორც უდიდეს პოლიტიკურ ფიგურაზე, რომ ვისაუბროთ, მისი როლი დიდი იყო ფაშიზმის განადგურების საქმეში და ფაშიზმის განადგურება ძალიან დიდი პლუსია. მით უმეტეს მაშინდელი ცივილიზებული სამყარო მის გვერდით დადგა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იოსებ სტალინი თვითონ ჩაენაცვლა ფაშისტურ რეჟიმს და თვითონ იყო ავტორიტარი რეჟიმი, ფაშიზმზე გამარჯვებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის.

როგორ ფიქრობთ ბატონო ზურაბ, კონკრეტულად საქართველოსთვის რა გააკეთა სტალინმა კარგი, რის გამოც შეიძლება მოგვწონდეს ის, როგორც პოლიტიკოსი?

- ვიცით ჩვენ, რომ განძის დაბრუნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს, ღვთის კაცს, მაგრამ სტალინი და ბერია რომ არა, ჩვენ მაინც ვერ შევძლებდით იმ განძის უკან დაბრუნებას. შარლ დე გოლთან შეთანხმებით მოხდა ამ განძის უკან დაბრუნება, თუმცა ეს განძი დაიკარგებოდა, რომ არა ექვთიმე თაყაიშვილი. ექვთიმე კი ვერ ჩამოიტანდა ამ განძს, რომ არა ბერია და სტალინის დახმარება.

ასევე, ვიცით ჩვენ, რომ 1921-1945 წლებში დაიხვრიტა ინტელიგენციის წარმომადგნლები, მაგრამ მე პირადად ამ დროს ვუწოდებდი კულტურულ პარადოქსს. არნახულ წარმატებას მიაღწია ქართულმა კულტურამ და მეცნიერებამ ამ პერიოდში. მაშინ გაიხსნა მეცნიერებათა აკადემია, საბალეტო სკოლა, ფიზიკის და მათემატიკის ინსტიტუტი მაშინ გაიხსნა, ვეფხისტყაოსნი ითარგმნა, ასევე, 1943 წელს, რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია რომ ცნო, ეს პირდაპირ სტალინის დამსახურებაა.

მაგრამ, სტალინი ამბობდა, რომ ათეისტი იყო... საქართველოში ბევრი ეკლესია-მონასტერი განადგურდა სტალინის ბელადობის პერიოდში...

- როდესაც რევოლუცია მოხდა, ტროცკისტულმა მიმართულებამ დაიწყო, რა თქმა უნდა, ეკლესიების აუგად მოხსენიება და დაინგრა სტალინის დროს ბევრი, მაგრამ ომის წლებში ხდება შემობრუნება მისკენ. ჩვენი ქვეყნის ავტოკელფალია აღდგა 1917 წლის 25 მარტს, მაგრამ რუსეთი ამას არ ცნობდა. რუსეთმა ეს ცნო 1943 წელს, რომ არა სტალინი ცნობდა? - რა თქმა უნდა - არა. შეიძლება, რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, იძულებული გამხდარიყო რუსეთი ეცნო, მაგრამ რა იქნებოდა ისტორიაში ეს არ არის მნიშვნელოვანი. იმ დროს ცნეს ეს სტალინის ჩარევით.

თვითონ რუსეთშიც პეტრე პირველის დროიდან საპატრიარქო ტახტი იყო გაუქმებული და სტალინმა აღადგინა ეს და იქ მართლმადიდებლური მეცნიერებათა აკადემია გაახსნევინა.

ვფიქრობ, რუსები კარგად გვიცნობენ ქართველებს და იციან, რომ კულტურის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ თუნდაც, იმიტომ მოსწონდა საბჭოთა კავშირი, რომ ხელშეწყობა იყო კულტურის მიმართ. ქართული კულტურის განვითარებას სტალინი იმიტომ ხომ არ უწყობდა ხელს, რომ ამის ხარჯზე საქართველოს, რუსეთის შემადგენლობაში ყოფნას მარტივად შევგუებოდით?

- ქართული კულტურის განვითარებას 30-იან წლებში და მერეც სტალინი პლუს იმიტომაც უწყობდა ხელს, რომ დასავლეთში მიიჩნევდა ზოგიერთი, რომ თითქოს ის ველური და ჩამორჩენილი ქვეყნიდან იყო და ამით მსოფლიოს აჩვენა ეს კულტურა, თუ საიდან იყო თვითონ. ამანაც განაპირობა მის მიერ ხელშეწყობა კულტურული აღმავლობის საქართველოში.

კი, მაგრამ სტალინი ამბობდა, რომ „მე არ ვარ ქართველი, მე ვარ რუსი ქართული წარმოშობით“.

- დიახ და ხშირად აკეთებენ ამის უტრირებას. სტალინი მართავდა უზარმაზარ რუსეთის იმპერიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აკონტროლებდა თითქმის ნახევარ პლანეტას. აქედან გამომდინარე, ამხელა სახელმწიფოს რომ მართავ, იქ, რა თქმა უნდა, რუსული იყო წინა პლანზე წამოწეული. მაგალითად, ჩერჩილი მას ყველგან მოიხსენიებდა, როგორც რუს დიქტატორს.

ჩემთვის ბოლშევიზმი, როგორც იდეოლოგია მიუღებელია. დღეს 21-ე საუკუნეში ეს არის ისტორიული წარსული. დღეს უნდა გვქონდეს გეზი დასავლეთისკენ და ვვაზროვნებდეთ დემოკრატიულად.