„სირიიდან აშშ-ს გასვლა ნიშნავს, რომ დასუსტდება ამერიკის და გაიზრდება რუსეთის გავლენა ჩვენს რეგიონში“

„სირიიდან აშშ-ს გასვლა ნიშნავს, რომ დასუსტდება ამერიკის და გაიზრდება რუსეთის გავლენა ჩვენს რეგიონში“

ამერიკული მედიის ონფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას გეგმავს, რის მიზეზადაც მან „დაეშის“ (ისლამური სახელმწიფო, ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია ერაყსა და სირიაში) დამარცხება დაასახელა.

ტრამპის გადაწყვეტილების გამო თანამდებობა დატოვა ამერიკის თავდაცვის მდივნმა, ჯეიმს მატისმა. გადადგომის შესახებ დაწერილ წერილში მატისი ამბობს, რომ მისი შეხედულებები სრულად არ ემთხვევა პრეზიდენტ ტრამპის შეხედულებებს.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ რესპუბლიკელებიც, რომელებიც ფიქრობენ, რომ დაუშვებელია, სირიის მომავალი მხოლოდ რუსეთმა და ირანმა განსაზღვრონ. მათ ასევე არასწორად მიაჩნიათ შუა ბრძოლაში მოკავშირეების (ისრაელისა და პროქურთული YPG-ის) მიტოვება, რადგან ეს, მათი შეფასებით, საერთაშორისო არენაზე შეერთებული შტატების პრესტიჟს შელახავს. ტრამპის გადაწყვეტილებას არ უერთდება საფრნაგეთი და დიდი ბრიტანეთი. ისინი არ აპირებენ სირიიდან ჯარების გაყვანას.

რა ცვლილებებს უნდა ველოდეთ მსოფლიოში და საქართველოში, თუ მართლაც გავიდა აშშ სირიიდან და რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს ტრამპის ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის? - ამ თემაზე for.ge – რონდელის ფონდის მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

ზურაბ ბატიაშვილი: სხვათა შორის ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ამერიკელი სამხედროები სირიიდან გამოეყვანა და შეასრულა ეს დაპირება, მაგრამ ტრამპმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად „დაეშის“ თითქოსდა დამარცხება დაასახელა. თუმცა, რეალურად, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ ჩრდილოეთ სირიაში მოსალოდნელი თურქული სამხედრო ოპერაციისას უშუალოდ თურქულ-ამერიკული დაპირისპირება არ მომხდარიყო - ანკარასთან ერთგვარი გარიგება შედგა.

რა გარიგებაზეა საუბარი, ბატონო ზურაბ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს გარიგება იმ საფრთხეებთან შედარებით, რასაც აშშ- სირიიდან გამოსვლა გამოიწვევს?

- უმნიშვნელოა ის მომენტი, რომ თურქეთი, რომელიც აპირებდა სამხედრო ოპერაციის დაწყებას, ყველაფრის მიუხედავად, თავის თავში შეიცავდა საფრთხეს, რადგან, შესაძლოა, ამერიკელი და თურქი ჯარისკაცები ერთმანეთის წინააღმდეგ აღმოჩენილიყვნენ. ეს იქნებოდა ძალინ რთული თემა, ვინაიდან ორივე არის ნატოს წევრი ქვეყანა და ამას შეიძლება გამოეწვია დიდი კრიზისი. ამიტომ ამან გავლენა მოახდინა ტრამპის გადაწყვეტილებაზე გამოსულიყო სირიიდან.

სწორი გადაწყვეტილება მიიღო ტრამპმა? და თუ არა, რატომ?

- არ არის ეს სწორი გადაწყვეტლება, იმიტომ, რომ აშშ-ს წასვლით გამოწვეული სიცარიელე შეივსება იმ ძალებით, რომელიც რეგიონშია წარმოდგენილი და პირველ რიგში, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც სირიაშიცაა წარმოდგენილი და აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს. ფართოდ თუ შევხედავთ სიტუაციას, დავინახავთ, რომ რეგიონში დასუსტდება აშშ-ს გავლენა და გაიზრდება რუსეთის და მისი მოკავშირის, ირანის გავლენა. ირანის გავლენის გაზრდაც ნიშნავს საფრთხეების მომატებას იგივე ისრაელისთვის, რომელიც თავს არც თუ ისე დაცულად იგრძნობს ამის შემდეგ და ამის თაობაზე პრემიერ მინისტრმაც განაცხადა, რომ ისინი გააძლიერებენ სამხედრო შეტევების ინტენსივობას ირანის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც წარმოდგენილი არიან სირიაში.

თუ ისევ გაბატონდნენ რადიკალური ძალები, შემდეგშიც არაერთხელ მოაწყობენ თავდასხმას იგივე აშშ და დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში და ამას კარგად ხედავენ აშშ-ს პარტნიორები. მაგალითად, პარიზმა გადაწყვიტა, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედროები დატოვოს. აშშ-ის ისეთმა ახლო პარტნიორმაც კი, როგორიც დიდი ბრიტანეთია, ამ საკითხში ვაშინგტონს მხარი არ დაუჭირა, რადგან სამართლიანად მიიჩნევს, რომ „დაეშისა“ და, ზოგადად, ჯიჰადისტური საფრთხე ახლო აღმოსავლეთში ჯერჯერობით არ აღმოფხვრილა. ბოლო დროს კვლევა ჩატარდა, სადაც ნათქვამია, რომ მართალია, ამ უკანასკნელთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ფართობი შემცირდა, მაგრამ მათი რაოდენობა და დაფინანსების წყარო არ შეკვეცილა. დაახლოებით 250 000 ჯიჰადისტია მთელ მსოფლიოში გაფენილი და ეს გამოიწვევს იმას, რომ მათი ქმედებები წახალისდება. თუ ამერიკელები აქ არ იქნებიან ამ სიცარიელის შევსებას შეეცდება, არა მარტო რუსეთი და მისი მოკავშირეები, არამედ შეეცდებიან იგივე ჯიჰადისტური ძალებიც.

ბუნებრივია, ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უკვე მიესალმნენ მოსკოვი და მისი მოკავშირეები რეგიონში (ირანი და ასადის რეჟიმი), რადგან რეგიონიდან ამერიკელების გასვლით მათთვის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია იქმნება.

რომელ ქვეყანაზე აისახება ყველაზე მტკივნეულად ტრამპის ეს გადაწყვეტილება?

- აშშ-ის გადაწყვეტილება რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე უარყოფითად ისრაელზე აისახება, რადგან სირიაში მეტად გაძლიერდება ირანის ისედაც არცთუ მცირე გავლენა. ირანმა სირიაში ფეხის მოკიდებით პირველად შეძლო მთავარ მოწინააღმდეგესთან, ისრაელთან, ე.წ. „სახმელეთო ხიდით“ (ირანი-ერაყი-სირია) მიახლოება. ამიტომ ისრაელი რეგულარულად ახორციელებს საჰაერო თავდასხმებს სირიის ტერიტორიაზე განლაგებულ ირანულ სამხედრო ბაზებზე. ტრამპის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ არ დამალა, რომ მისი ქვეყანა აპირებს, იერიშების ინტენსივობა გაზარდოს.

რა შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის აშშ- გასვლა სირიიდან?

- გნებავთ ავღანეთიდან და გნებავთ სირიიდანაც ამერიკელების გასვლა ნიშნავს იმას, რომ ამერიკის გავლენა ჩვენს რეგიონში დასუსტდება, რაც არანაირად არ გვაწყობს და გაიზრდება რუსების გავლენა. რუსეთი გავლენასთან ერთად გაიზრდება ბევრი ქვეყნის დამოკიდებულების ხარისხი რუსეთზე. ანუ რუსეთი, თუ გახდება მთავარი მოთამაშე რეგიონში, მაშინ, იგივე ჩვენი მოკავშირეები, როგორიცაა თურქეთი და ისრაელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან თანამშრომლობა და გაიზრდება მათი რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი, რაც არ გვაწყობს ასევე.

ასევე საქართველოსთვის იმ მხრივ იქნება პრობლემა, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს ჯიჰადისტი მებრძოლების მოძრაობაში მოყვანას და, რაც შარშან ჩვენ თავზეც ვიწვნიეთ - ვგულისხმობ ჩატაევის და მისი რაზმის საქართველოში შემოღწევას - არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი პრობლემების წინაშე ისევ დადგეს საქართველო.

თუ რუსეთის გავლენა გაიზარდა, ეს, რა თქმა უნდა, ალბათ, საფრთხის შემცველი იქნება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვისაც...

- ნამდვილად. რუსეთის გაძლიერება დემოკრატიის განვითარებას ხელს არ შეუწყობს რეგიონში, რადგან ძალიან შორს არის რუსეთი დემოკრატიისგან, მაგრამ ამ მხრივ მაინც მთავარი წილი ჩვენზე მოდის, ჩვენ უნდა შევძლოთ ისე განვითარება, რომ ჩვენი დემოკრატიისკენ სწრაფვაში არავის არ შეეპაროს ეჭვი და ჩვენი დასავლური ორიენტაცია უნდა დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესით, რაც გაცილებით რთული იქნება, მაგრამ - მაინც.