ზაზა ფირალიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იოლად შეიძლება გავიგოთ, მან კარგად იცის, რომ დაძაბულობის განელება მისი პოლიტიკური დასასრულის ტოლფასია. ამიტომაც, როგორც ფილოსოფოსი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, სააკაშვილი მუდმივად იზრუნებს, რომ ზღვარზე გვამყოფოს. ამასთან, ფირალიშვილს რჩება შთაბეჭდილება, რომ ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ გრძნობს იმ პროცესებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარეობს.
for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
ქვეყანას ახალი კონსტიტუცია და ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს როგორც პრეზიდენტს არ აღიარებს და სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებს, მათ შორის - რიგგარშე საპარლამენტო არჩევნებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია მუდმივ ზეწოლაში ამყოფოს ხელისუფლება. ხელისუფლება კი, არ აპირებს ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან მიაჩნია, რომ ოპოზიციის მოთხოვნების ფორმა მოლაპარაკებების არანაირ სახელმძღვანელოში არ ჯდება. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე, ან ოპოზიციას აქვს იმის ლეგიტიმური უფლება, რომ ულტიმატუმებით ელაპარაკოს ხელისუფლებას?
ზაზა ფირალიშვილი: ვფიქრობ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბევრ ვერაფერს შეცვლის. ეგაა, პარლამენტში გაიზრდება წვრილი პარტიების ხვედრითი წილი, რაც არსებითად არ დაეტყობა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას. დიდი ალბათობით, ძირითად შტრიხებში იგივე კონფიგურაცია დარჩება, რაც დღეს გვაქვს. თანაც არც ამომრჩეველია ახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზად. საპრეზიდენტო არჩევნებმა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და მორალური რესურსები შეიწირა.
ამ ვითარებაში არა მხოლოდ ე.წ. შუაშისტი, არამედ თავისი მომხრე ამომრჩეველის მობილიზებაც გაუჭირდება ნებისმიერ მხარეს. შესაძლოა, რომელიმე იმ ძალას აქვს წარმატების იმედი, რომელიც თავის თავს ე.წ. მესამე ძალას მიაკუთვნებს, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, მათ რაიმე რეალური შანსი ჰქონდეთ. ჯერ ერთი, მათ შორის ახალი არჩევნებისათვის მზად არც ერთი არ ჩანს. გარდა ამისა, ამომრჩეველიც ემოციურად გადაღლილია და არ ჩანს მზად, რაიმე ძველისგან განსხვავებული არჩევანი გააკეთოს. უკეთეს შემთხვევაში ის პასიური იქნება, უარესში კი იმავე არჩევან გააკეთებს, რაც – ამ რამდენიმე ხნის წინ და ეს კიდევ უფრო გააღრმავებს უიმედობის განცდას. თქვენ წარმოიდგინეთ, ამომრჩეველსაც გაფრთხილება უნდა.
„ნაციონალებს“ არ სურთ დაინახონ, რომ ქართველი ამომრჩევლების კრიტიკულად დიდი ნაწილი მზად არის, მიიღოს სალომე ზურაბაშვილის პრეზიდენტობა, თუმცაკი, არა მხოლოდ მხარს არ უჭერდა მას, არამედ მის ოპონენტს მისცა ხმა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში, თურმე, დემოკრატიული და სამართლებრივი მექანიზმები იწყებენ ცირკულირებას. ბევრი ადამიანი ამჯობინებს, რომ მიიღოს შექმნილი რეალობა, როგორც სიტუაციურად უმცირესი ბოროტება. ვფიქრობ, ეს პროგრესის ნიშანია.
რაც შეეხება მთლიანად პროპორციულ წესზე გადასვლას ან საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას?
– ამის თაობაზე აუცილებლად უნდა შედგეს მოლაპარაკებები, მაგრამ, როგორც ჩანს, მხარეები ამისთვის მზად არ არიან. ორივე მხარეს აწყობს დღევანდელი მდგომარეობა. ულტიმატუმის ენით ხელისუფლებასთან ლაპარაკის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს და არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას. საქმე ისაა, რა შედეგებს მოიტანს ეს: კეთილს თუ ბოროტს.
როგორც ვხედავთ, არც ერთი და არც მეორე მხარე მზად არ არის ამგვარი მოლაპარაკებისათვის და ხისტი დაპირისპირების რეჟიმს ამჯობინებენ. დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“, 2003 წლის მსგავსად კვლავ რევოლუციური სიტუაციის მოდელირებას ცდილობს, ხოლო „ოცნებას“ ჯერაც აქვს რესურსი საიმისოდ, რომ „ნაციონალების“ მიერ შემოთავაზებული ურთიერთობების რეჟიმით რიგითი მოქალაქის წინაშე თავი გაიმართლოს.
სრული შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ გრძნობს იმ პროცესებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარეობს. განვლილმა არჩევნებმა ნათლად გვიჩვენა, რომ ერთიც და მეორეც საგრძნობლად არის გაუცხოვებული საზოგადოებისაგან, სადღაც კაბინეტებში ვიღაცეების მიერ მოფიქრებულ თამაშის წესებს გვთავაზობენ და თანაც გვგულისხმობენ არა ჩვენ, არამედ ვიღაცას, ვინც მათი წარმოდგენით საშუალო, ყოველდღიური, ქართველია.
ამ სიტუაციაში ამომრჩეველთა მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შერჩა პოლიტიკოსების მიმართ ის ბავშვურად გულუბრყვილო და მიმნდობი დამოკიდებულება, რომლის წყალობითაც მას ლამის, სამი ათეული წლის განმავლობაში მართავდნენ. ისინი დიალოგზე იმიტომ კი არ მიდიან, რომ მათი პრინციპული პოზიციაა ასეთი, არამედ იმიტომ, რომ ფიქრობენ, საპირისპირო მხარესთან დიალოგის დაშვება მარცხის აღიარებაა.
არადა, ჩვენ მათგან სწორედ ეს გვინდა. თუკი ქართულ საზოგადოებას დღეს რაიმე გამოიყვანს ჩიხიდან, ესაა სწორედ დიალოგი დაპირისპირებულ ძალებს შორის. თუ ვერ მოახერხებენ ამას და პოლიტიკური კლასისაგან ჩვენი გაუცხოვება კიდევ უფრო გაღრმავდება. არადა, ამ ვაკუუმის შემვსები ძალა ჰორიზონტზე არ ჩანს. სწორედ ესაა იმ ჩიხის ძირითადი კონტური, რომელშიც ვიმყოფებით.
მოლაპარაკებები მაღალ პოლიტიკურ კულტურას გულისხმობს და არა სახელისუფლებო თვითკმაყოფილებას ან ოპოზიციის მუდმივ იმედს, რომ რომელიმე კრიზისს რევოლუციად აქცევენ. კითხვას დაგიბრუნებთ: როგორ ფიქრობთ, მზად არიან ამ მდგომარეობის დასაძლევად? მე მგონია, რომ არა. ჰოდა, გვიწევს იმის ყურება, თუ როგორ მოქმედებენ ისინი მოცემული მომენტის სარგებლისათვის და მოთმინებით ველით, როდის აღმოვაჩენთ მათ მოქმედებაში მორალური პირობითობების დაცვის სურვილს თუ არა, რაღაც შორსმიმავალი სახელმწიფოებრივი სტრატეგიის ნიშნებს მაინც. მოცემული მომენტის სარფიანად გამოყენების ინტერესები აქვს ყველაფერ ამას.
„ჩვენ დავამხობთ ხელისუფლებას კანონიერი გზით“ – აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე. ხელისუფლების დამხობას და პროცესების რადიკალიზაციას ითხოვს მიხეილ სააკაშვილი. ის რაც ველისციხეში ვიხილეთ, ალბათ, რთულია დაიჯერო, რომ ეს დაპირისპირება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ თელავში გაემართათ საპროტესტო აქცია. ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს „ნაციონალური მოძრაობა“ ვითარების რადიკალიზაციას, ამ პროცესებში ექნებათ მოსახლეობის მხარდაჭერა და რაც მთავარია არსებობს პროცესების რადიკალიზაციის საფრთხე?
– „ნაციონალურ მოძრაობას“ ემართება ის, რაც უნდა დამართნოდა კიდეც. მათ უჭირთ, მიხვდნენ, რომ დღეს საქართველოში რევოლუციის მომწყობი ძალა არ არსებობს და, მით უმეტეს, ისინი ვერ მოახერხებენ ამას. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მის ზოგ ლიდერს მაინც სწორედ ის უნდა, რომ 2020 წლამდე შეინარჩუნოს ეს ზღვრული დაძაბულობა.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავის თავს მხოლოდ რეფორმატორად ხედავს და არ უნდა აღიაროს, მის მიმართ დამოკიდებულებაში რა შეიცვალა 2007 წლის შემდეგ; არ სურს აღიარება, რომ 2003 წლის პიარტექნოლოგიებით ჩვენი საზოგადოების მართვა უკვე შეუძლებელია. დაწმუნებული ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ის მაქსიმუმია, რომლის მიღწევაც მას ძალუძს.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იოლად შეიძლება გავიგოთ. მან კარგად იცის, რომ დაძაბულობის განელება მისი პოლიტიკური დასასრულის ტოლფასია. ამიტომაც ის მუდმივად იზრუნებს, რომ ზღვარზე გვამყოფოს. არ გამოვრიცხავ, რომ თავადვე ესმის, რომ ნებით თუ უნებლიედ ამით ხელისუფლებას სამსახურს უწევს. საპრეზიდენტო არჩევნებმა ეს კარგად გამოაჩინა. მეორე მხრივ, მას სხვა გზა არა აქვს. გავიმეორებ: დარწმუნებული ვარ, ორივე მხარის სტრატეგია ახლა 2020 წლის არჩევნებისაკენ არის მიმართული.
დღეს „ნაციონალებს“ არც პოლიტიკური და, ალბათ, არც მატერიალური რესურსი არა აქვთ, საქმე „ხელისუფლების კანონიერი გზით“ დამხობამდე მიიყვანონ. მოკლედ, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ჩიხშია შესული. დაპირისპირებული მხარეები ახალს ვერაფერს სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას. ამ უკანასკნელს კი, და ეს არჩევნების დროსაც გამოჩნდა, ნამდვილად არ უნდა თამაშის ძველი წესების მიღება.
რაც შეეხება ხელისუფლებას და მის პასუხისმგებლობას – ამ შემთხვევაში ხელისუფლება არის კომფორტულ მდგომარეობაში? ხელისუფლებამ, რომელმაც დაუშვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემართა პოლიტიკური პროცესი, შეძლებს ამ შემთხვევაში იმოქმედოს გონივრულად, წინდახედულად და რაც მთავარია, შეძლოს, პოლიტიკური პროცესის წარმართვა?
– მე ვერ გავიზიარებ აზრს, რომ პოლიტიკურ პროცესებს მხოლოდ „ნაციონალები“ მართავენ. განა არ ვიცით, რომ ხელისუფლებასაც ხელს აძლევს იმის აქტიურობა, ვისი მორალური რესურსებიც შეზღუდულია?! პირიქით, ხელისუფლებას შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან „ნაციონალები“ დაძაბულობის რაღაც კრიტიკულ ზღვარს ვერ გასცდებიან. ხოლო დაძაბულობის იმ დონით, რომელსაც ისინი ქმნიან, როგორც ვთქვი, მხოლოდ თუ ამართლებენ „ოცნების“ პოლიტიკას.
„ნაციონალები“ შეეცდებიან, ეს წინარე რევოლუციური რეჟიმი შეინარჩუნონ იმის იმედით, რომ ოცნება 2020–მდე კვლავ დაუშვებს მარიხუანას კულტივირების სურვილის მსგავს შეცდომებს, მისი საკადრო პოლიტიკა ისევ და ისევ, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანი იქნება და მის მიმართ საპროტესტო განწყობები კრიტიკულად გაიზრდება.
მოდით, კითხვა ასე დავსვათ: თავად „ოცნება“ დაუშვებს კი, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე რომელიმე ახალი სერიოზული მოთამაშე გამოჩნდეს, თუნდაც არსებობდეს ამისი რესურსი? ამ ვითარებაში და ამ სტრატეგიით უფრო გონივრული პოლიტიკის მოფიქრება შეუძლებელია.
პარტია დაშორდა ხალხს – ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მოტივი. დაანონსა რეორგანიზაცია. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორ ადგილას დაბრუნდა ივანიშვილი. კონსტიტუციონალისტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სახელმწიფო მოწყობა უნდა შევუფარდოთ იმ კონსტიტუციას, რომელიც არსებობს და ამიტომ, ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერის თანამდებობაზე, რადგან პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ვერ შეძლებს პროცესების მართვას. თქვენ როგორ ფიქრობთ, მმართველობაში და ზოგადად, განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ივანიშვილი ოფიციალურად უნდა იყოს პირველი პირი?
– პარტია ხალხს ჯერ კიდევ მაშინ დაშორდა, როდესაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ამომრჩეველსა და მხარდამჭერებს მადლობა არ გადაუხადეს, ხოლო საზოგადოებრივი მოძრაობა ისე დახურეს, როგორც არარენტაბელურ ბიზნესორგანიზაციას დახურავდენ. კაცმა არ იცის, თუ სად ინახება ამ მოძრაობის მიერ შექმნილი საპროგრამო დოკუმენტები. ამ დაშორებაში საკმაოდ დიდი როლი შეასრულა საექსპერტო წრეების, მასმედიის და არასამთავრობო სექტორის მიმართ თავიდანვე ცუდად გათვლილი პოზიციის დაჭერამ. საბოლოოდ, ხალხთან დაშორება განსაზღვრა იმან, რომ სააკაშვილისეული „ცეცხლოვანი“ დინამიზმი და ძალადობაზე დაფუძნებული მოდერნიზაცია შეცვალა არა „მოდერნიზაციამ ადამიანური სახით“, არამედ დიდწილად უენერგიო, და სახელმწიფოებრივ იდეებს და გამოკვეთილ პიროვნებებს მოკლებულმა პოლიტიკამ.
ივანიშვილისათვის პრემიერ მინისტრის თანამდებობა შეიძლება სერიოზული მახე აღმოჩნდეს. ეს მან, წესით, კარგად იცის. საერთაშორისო საზოგადოება ისედაც კარგი თვალით არ უყურებს გამორჩეულად მდიდარი ადამიანების პოლიტიკურ აქტივობას და, მით უმეტეს, მათი რესურსების ჩართვას პოლიტიკურ ბრძოლაში. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ცუდი როლი ითამაშა მარიხუანას კულტივირების იდეამაც. არ ვიცი, ვის მოუვიდა ეს აზრად. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ბევრია ისეთი ვინმე, ვინც მიიჩნევს, რომ იოლია ხელი შეაწმინდო ივანიშვილს. დარწმუნებული ვარ, ასეთები ახლა ყველა ხერხით ცდილობენ მის დარწმუნებას, რომ „ოცნებას“ საქმე კარგად აქვს და 2020 წელს არავითარი სერიოზული საფრთხე არ ელით.
ამასთან, ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლაც რომ უნდოდეს, მისი პარტიის სახით ისეთი პოლიტიკური სხეული შეიქმნა, რომელსაც მის გარეშე თავის გადარჩენის უნარი არა აქვს, ხოლო ამ სხეულის კრახი მის ბედზეც შეიძლება აისახოს. ამიტომაც მგონია, რომ მისი ახლანდელი მდგომარეობა სიტუაციურად ოპტიმალურია, თუმცა კი არ არის საუკეთესო. ჯერ კიდევ შეიძლება, ვინმე სხვას დაეკისროს არასასურველი პროცესების გამო პასუხისმგებლობა და ამით უკმაყოფილება რაღაც ხარისხით მაინც განიმუხტოს. თუმცა არც ეს რესურსია ამოუწურავი.