რა პერსპექტივა აქვს მოქმედ პოლიტიკურ ძალებს 2019 წელს და გამართლდება, თუ არა საზოგადოების მოლოდინი მესამე პოლიტიკური ძალის შექმნასთან დაკავშირებით.
ამ და სხვა საკითხებზე "მთელი კვირა" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
"მთელი კვირა" როგორ შეაფასებდით 2018 წელს, რა ტენდეციები გამიკვეთა და რა გაკვეთილი მიიღო პოლიტიკურმა სპექტრმა?
რამაზ საყვარელიძე: ძირითადი ტენდენცია გამოიხატა იმაში, რომ საზოგადოებას არ მოსწონს, არც სახელისუფლებო ძალა და არც მისი ოპონენტი. ამის დასტური იყო 25 ნოემბრის მიტინგი, რომელზედაც გამოჩნდა ლოზუნგი "სილა ოცნებას" - "მუშტი ნაციონალებს".
საზოგადოების ამ გზავნილზე, რეაგირება პირველმა ივანიშვილმა მოახდინა. ბოდიში მოიხადა და შეპირდა მდგომარეობის გამოსწორებას. რასაც ვერ ვიტყვით "ნაციონალურ მოძრაობაზე", რომელიც არც წარსულზე და არც აწყმოზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს. პატივს რომ არ სცემს საზოგადოებას ეს არის ცენტრალური მოტივი, ხმები რომ ვერ მიიღო.
"მ.კ": რა პერსპექტივა აქვს ამ ორ პოლიტიკურ ძალას 2019 წელს, რომელიც ექსპერტთა ვარაუდით, პოლიტიკური დუღილის წელი იქნება?
რ.ს: არა მგონია, რომ "ნაციონალურ მოძრაობამ" ამ სახით საზოგადოების ნდობა მოიპოვოს, რადგან ქცევის წესს არ იცვლის. თანაც მარცხი ცუდი რამეა პოლიტიკური ძალისთვის და უკვე მერამდენედ იწვნია ეს მარცხი.
დღემდე მიშას ქარიზმით არსებობს. "მიშათი და მიშას გარეშე" ჩატარებული ექსპერიმენტიც ვნახეთ "ევროპული საქართველოს" სახით, რომელიც პრინციპში 11%- ს ვერ ასცდა.
რაც შეეხება "ოცნებას", ვფიქრობ, მმართვის სტილია შესაცვლელი, თუ შედეგი არ ვარგა, არ ვარგა მართვა, ანუ პრობლემა მართვაშია. ამ მხრივ, ივანიშვილმა სწორი გადაწვეტილება მიიღო, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. ე.ი მას შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს სიტუაცია.
"მ.კ": თუმცა, საზოგადოება ახალი ძალის დაბადების მოლოდინშია. "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კალაძე კი აცხადებს, რომ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. ანუ "ოცნებიდან" რომელიმე ლიდერი გავიდეს და დამოუკიდებლად შექმნას პოლიტიკური ძალა. ექსპერტებს თუ დავესესხებით, სწორედ კალაძე მოიაზრება "ოცნებაში" ყველაზე მზარდ პოლიტიკურ ფიგურად და ალაბთ იგი ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ინიციატივა ხელში აიღოს.
რ. ს: ბუნებრივია, რომ საზოგადოებას უკმაყოფილების ფონზე უნდა მესამე ალტერნატივა, ანუ ალტერნატივებში უნდა არჩევანის საშუალება. რაც შეეხება კალაძეს, შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური კარიერის სურვილი, რადგან მზარდი ფიგურაა, აშკარად თვალშისაცემია მისი პოპულარობა, გამართულად მიჰყავს პროცესი, საზოგადოებას სულ საქმის კურსში ამყოფებს, რაც პიარის კუთხით მისთვის მომგებიანია.
მაგრამ, კალაძემ ისიც აჩვენა, რომ არის ფრთხილი, და თუ თავს ვერ გრძნობს მომწიფებულად, ნაბიჯს არ დგამს. ისიც კარგად იცის, რომ ხელისუფლებაზე პრეტენზია და მერე მართვის ხელში აღება, რთული ამოცანაა, ამიტომ არ მიკვირს, რომ დღეს ცხადად არ ჰქონდეს ამ ნაბიჯის გადაგმის სურვილი.
"მ.კ": ამ თემებს არ უკავშირდება, თუმცა აქტუალურია, ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ეწურება. რამდენად დიდია ალბათობა, რომ ჟვანიამ ეს პოსტი მეორე ვადით შეინარჩუნოს?
რ.ს: მეეჭვება, რომ "ოცნებამ" ოპოზიციის პრეტენზიები გაითვალისწინოს, იმ შემთხვევაში თუ ჟვანიას კანდიდატურის წინააღმდეგ წავა. ისინი ხომ კატეგორიულად მოითხოვენ საარჩევნო კომისიის მთლიანად შეცვლას, მაშინ ოპოზიცია იტყვის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთო. თანაც, არა მგონია, რომ "ოცნებას" რაიმე სასაყვედურო ჰქონდეს თამარ ჟვანიას მიმართ.