"ნეტა ქართველი ხალხი უყურებდეს, როგორი ამაყი ვიქნებოდი-მეთქი" - გურამ კაშია "ვიტესიდან" გაცილებას იხსენებს

გურამ კაშიამ "ვიტესში" გატარებული წლების შემდეგ კარიერა ამერიკულ "სან ხოსეში" განაგრძო, 1 დეკემბერს "ემენთან" მატჩისას ჰოლანდიური კლუბის ყოფილი კაპიტანი და ლეგენდა საზეიმოდ გააცილეს.

გურამ კაშია ამ დღეს INSTAGRAM-ზე იხსენებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ, როგორც საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გვპირდება, ისტორიას გაგრძელებაც ექნება:

შაბათი. 1 დეკემბერი

გამეღვიძა უცხო გარემოში. უცენ მივხვდი, რომ ჩემს მეგობრებთან ვიყავი ჰოლანდიაში.

გამახსენდა, რომ დღევანდელი დღე იყო განსხვავებული. ტელეფონში ჩავიხედე და დღის განრიგი შევამოწმე.

პირველი შეხვედრა 12 საათზე მქონდა დანიშნული. დაახლოებით ათი საათი იყო, უცებ შხაპი გადავივლე და 40 წუთი ჩაცმას მოვუნდი.

ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ განსაკუთრებული დღე იყო. მოკლედ, გამოვეწყე და გავუდექი გზას.

პირველი შეხვედრა მქონდა ჩემს პირველ სპორტულ დირექტორთან და მეგობართან.

თავად ვთხოვე შეხვედრა. საინტერესო კაცია, ძალიან საინტერესო ხედვა აქვს ფეხბურთზე და ფეხბურთელებზე.

ცოტა დააგვიანა და მეც დრო არ დავკარგე და ჩემს ინსტაგრამზე სურათი დავდე და დავაანონსე.

ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი კომენტარებში. მივხვდი, რომ ხალხი მელოდებოდა.

ტედიც გამოჩნდა. ერთი საათი ვისაუბრეთ იმ წლებზე, როცა ერთად ვმუშაობდით. ტედი ძალიან დამეხმარა ჰოლანდიურ კარიერაში, ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს.

დრო უცებ გავიდა და 13:30 მეორე შეხვედრა მქონდა ჩანიშნული არნემის პარკში, რაც ძალიან მეუცნაურებოდა.

მოკლედ გავუყევი გზას. იქვე ვიყავი, მივედი და დამხვდა დაახლოებით 20-30 ადამიანი. ეს ხალხი ვიცანი, ვიტესის გულშემატკივრები და ამავდროულად აქტივისტები იყვნენ, ანუ პატარა ორგანიზაცია, ვოლონტიურული, ვინც ფანებს მართავს.

რამდენიმე კამერაც შევნიშნე. გამოველაპარაკე მათ და მითხრეს, რომ ჩემთვის მადლობის გადახდა უნდათ გარკვეული ფორმით.

არნემის პარკი ძალიან დიდია და ცხოველებიც ჰყავთ, ხოდა ირმებთან მიმიყვანეს და ყველაზე დიდი რქებისკენ მიმითითეს და მიამბეს მის შესახებ, რამაც მართლა გამაკვირა.

თურმე ირმებს ჰყავთ თავიანთი ლიდერები, რომლებიც მთელ ჯოგს განაგებენ. ანუ ის გამორჩეული ლიდერია, როგორც მე ვიყავი ვიტესში.

ხოდა ამ ირემს დაარქვეს "გურამი", იმიტომ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს... გრძელი ამბავია...

მოკლედ ირემი მყავს ჰოლანდიის პარკში.

15:00 საათზე ინტერვიუ მქონდა ვიტესის ტელევიზიასთან, განვლილ 8 წელიწადზე ვილაპარაკე. უნდა აღვნიშნო, რომ ყოველი ინტერვიუსა თუ შეხვედრისას ხალხი დაბრუნებას მთხოვდა, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

მათ ისევ ვჭირდები და ისევ მაფასებენ...

რა მაგარია არა?

გადავწყვიტე ხულიგანი გულშემატკივარივით ჩამეცვა

მალე მოვრჩით და ორი საათი თავისუფალი დრო მქონდა. სახლში მივბრუნდი, გამოვიცვალე და მივხვდი, რომ ძალიან ოფიციალურად მეცვა.

სარკეში ჩავიხედე და ოფიციალური შარვალი და ფეხსაცმელი რომ დავინახე, ვთქვი, რომ ეს მე არ ვიყავი.

ეს იყო ჩემი დღე და ვინმესთვის ან პროტოკოლისთვის არ უნდა ვყოფილიყავი. გადავწყვიტე ხულიგანი გულშემატკივარივით ჩამეცვა. გავთავისუფლდი და წავედი სტადიონისკენ.

თამაში ახლოვდებოდა.

გემრიელად ვჭამეთ, ვიცინეთ და ცოტა ღვინოც დავლიე

17:00 საათზე ვახშამი მქონდა დანიშნული იმ ბიჭებთან ვისთანაც წლები ვთამაშობდი და ვმეგობრობდი. გემრიელად ვჭამეთ, ვიცინეთ და ცოტა ღვინოც დავლიე.

18:00 მოკლე ინტერვიუს შემდეგ ყველასთან სათითაოდ სურათები გადავიღე და სპონსორებმაც ულტიმატუმი წამოაყენეს, თუ არ დავბრუნდებოდი გუნდში, მას აღარ დაასპონსორებდნენ.

მოკლედ ყველა მხრიდან პატივისცემას ვგრძნობდი და მეც მკერდგამოწეული დავსეირნობდი და ყველას ვესალმებოდი.

18:30 თამაში დაიწყო და მეც ავღმოჩნდი ხელმძღვანელებთან და დირექციასთან ლოჟაში. თამაში უღიმღამოდ მიდიოდა. დასაწყისში ტაბლოზე გამოვჩნდი, რაც მეც შევამჩნიე და გამეღიმა. ფანებმაც შემამჩნიეს, ძველი დრო გამახსენდა:

ყველა მხრიდან პატივისცემას ვგრძნობდი

გურაააამ კაშიიიიიააა, გურააამ კაშიიიიააააა!

ჟრუანტელმა დამიარა, როგორც ყოველთვის

თამაში გაგრძელდა, გოლიც გავიტანეთ და უფრო კარგი ხასიათი შექმნა მოედანზე, მეც კმაყოფილი ვუყურებდი.

37-ე წუთი დადგა და ისევ დაიწყო: გურაამ კაშიიიააა, გურააამ კაშიიიიააა! ისევ ემოციები მომაწვა და გავიფიქრე, ნეტა, ქართველი ხალხი უყურებდეს, როგორი ამაყი ვიქნებოდი-თქო.

საბედნიეროდ, თამაშს ესწრებოდნენ გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე. მაგათზე გავიფიქრე, ნეტა, რას ფიქრობენ ახლა-თქო.

40 წუთი რომ გახდა, დირექტორმა თავაზიანად მთხოვა, რომ ქვევით მოედანზე ერთად ჩავსულიყავით.

წამოვედი და ჩვენს ხელმძღვანელებთან გავიხუმრე:

Guys it's show time

ამ მომენტში სტადიონი იცლება, მაგრამ ამჯერად ფეხი არავის მოუცვლია.

კლუბის მფლობელებს გაეცინათ და ჩვენც დავეშვით ქვევით. გასასვლელში ვიდექი და მსაჯმაც ჩასტვინა და ტაიმი დამთავრდა.

ამ მომენტში ტრადიციულად სტადიონი იცლება. გულშემატკივრები ლუდის დასალევად ან წასახემსებლად გადიან, მაგრამ ამჯერად ფეხი არავის მოუცვლია. ბიჭები გამოდიოდნენ და ხელს მირტყამდნენ.

ბოლოს მსაჯები გამოვიდნენ და ძალიან თბილად მომიკითხეს. მათ მითხრეს, რომ ლიგას ვაკლივარ და ჩქარა უკან უნდა დავბრუნდე. დრო მოვიდა, მოედანზე შევსულიყავი.

მოედანზე შევდგი ნაბიჯი და...