ევროკავშირის საზღვრიდან საქართველოში უკან მოაბრუნეს რამდენიმე ტონა თხილი, რომელშიც კიბოს გამომწვევი სოკო აღმოაჩინეს. ადამიანის ორგანიზმში აფლატოქსინის მოხვედრა მძიმე დაავადებებს იწვევს. ექსპერტი დავით ჯორბენაძე, რომელიც ევროპული ბაზრისათვის განკუთვნილი პროდუქციის ლაბორატორიის კონსულტანტია, ამბობს, რომ ევროკავშირში ქართულ პროდუქციას სულ უფრო ხშირად იწუნებენ და უკან აბრუნებენ.
ბოლო პერიოდში გაიზარდა შემთხვევები, როდესაც შემოწმების დროს ქართულ თხილში აფლატოქსინს პოულობენ. მიზეზი არასწორი გამოშრობა-შენახვა-ტრანსპორტირებაა. დაავადება თვალით უხილავია, თუმცა მას ობის სოკოებს შორის ყველაზე საშიშად მიიჩნევენ.
ალფატოქსინს მძიმე კარცენოგენული თვისებები აქვს. ის იწვევს სიმსივნესა და ღვიძლის დაავადებებს. აფლატოქსინი სწრაფად და მარტივად ვრცელდება და არ კვდება თერმული დამუშავებით.
თავად ბიზნესმენები საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ. სამთავრობო უწყების მიერ დადგენილი რისკზე დაფუძნებული კონტროლი კი შესაძლოა, ქართული თხილის რეპუტაციის შელახვის მიზეზი გახდეს.
თხილის ექსპორტიორი კომპანიის Nuts.ge-ის ხელმძღვანელის მამუკა ბერიაშვილის განცხადებით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბაზრიდან უკან გამობრუნებულ ქართულ თხილში არ აღმოჩნდა ის დარღვევები, რის გამოც პროდუქცია ევროპულ ბაზარზე არ დაუშვეს.
„უკან დაბრუნებული თხილის სრული შემოწმება გავაკეთეთ, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისოდ აკრედიტირებულ ლაბორატორიებში. ორივე ლაბორატორიის პასუხი იყო იდენტური, რომ დაავადება არ აღმოჩნდა, მაგრამ ამის პარალელურად, ჩვენ გვქონდა ევროპული საზღვრის კონტროლის ანალიზი, სადაც ფიქსირდებოდა დაავადება.
სიმართლე გითხრათ, მე თვითონ პასუხი არ მაქვს, რასთან არის ეს დაკავშირებული“, - აცხადებს მამუკა ბერიაშვილი და აღნიშნავს, რომ საუბარია კვიპროსის საზღვარზე. მსგავსი ნაბიჯები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს არის ხელოვნური ბარიერები ბიზნესისთვის.
„გარკვეული ქვეყნის საზღვრები ხელოვნურად აფერხებენ ქართული თხილის იმპორტს. ხდება საზღვრიდან გამობრუნება, რის შემდეგაც პროცესში ერთვება სურსათის ეროვნული სააგენტო, აჰყავს სრულ კონტროლზე და ხდება ტვირთის შემოწმება. ხშირ შემთხვევაში მიზეზი, რომლის გამოც პროდუქცია უკან გამოაბრუნეს, არ დასტურდება. ეს არის ბიზნესის შეფერხება“,- აცხადებს Nuts.ge-ს ხელმძღვანელი „ბიზნეს მედიასთან“.
მოსალოდნელ სკანდალთან დაკავშირებით საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა
„პირველ რიგში, გვინდა განგიმარტოთ, რომ დადგენილ ზღვარზე მეტი აფლატოქსინის მაჩვენებლის აღმოჩენა ევროკავშირის საზღვარზე ნორმალური მოვლენაა და არ ეხება მხოლოდ ქართულ თხილს. აფლატოქსინის აღმოჩენის ბევრად მეტი შემთხვევა ფიქსირდება თურქული და აზერბაიჯანული წარმოშობის თხილებში.
2018 წლის მანძილზე საქართველოდან ევროპაში გასულ ასობით პარტიიდან თხილში აფლატოქსინი აღმოჩნდა მხოლოდ 6 შემთხვევაში.
ევროკავშირის საზღვარზე აფლატოქსინის აღმოჩენის შემთხვევაში თხილი ბრუნდება უკან საქართველოში. საზღვარზე თხილს ხვდება სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ამოწმებს ტვირთს, ლუქავს მას და აცილებს დაცულ საწყობამდე, სადაც ასევე ხდება მისი დალუქვა.
დალუქული თხილი კვლავ მოწმდება აფლატოქსინის შემცველობაზე. აფლატოქსინის შემცველობის დადასტურების შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ ხდება მისი გადარჩევა და გასუფთავება საეჭვო თხილის გულისაგან, რადგან მასაში უმნიშვნელო რაოდენობის დაავადებულ გულს შეუძლია იმოქმედოს მთლიან ანალიზის შედეგებზე. გადარჩევის შემდეგ, პროდუქცია განმეორებით მოწმდება ევროპულ ლაბორატორიებში. თუ აფლატოქსინი აღარ აღმოჩნდა, მეწარმეს ეძლევა უფლება განმეორებით მოახდინოს თხილის ექსპორტი. გამორჩეული წუნდებული თხილი კი ექვემდებარება განადგურებას.
გვინდა ცალსახად აღვნიშნოთ, რომ არც ერთი კილოგრამი დაავადებული თხილი არ ხვდება ქართულ ბაზარზე და არც ერთ შემთხვევაში არ არის მისი გამოყენება მწარმოებლის კეთილ ნებაზე დამოკიდებული.
სიცრუეა საკითხის ისე წარმოჩენაც თითქოს ევროკავშირის საზღვარზე აფლატოქსინის აღმოჩენის მიზეზი არის ის, რომ აღარ ხდება მისი კონტროლი. საკითხი პირიქითაა, სექტემბრიდან კონტროლი გაძლიერებულია. იმის გარდა, რომ სახელმწიფომ დაიწყო საექსპორტო თხილის შერჩევითი კვლევა აფლატოქსინზე, მეწარმეები თავადაც ვალდებულნი არიან და მათი ინტერესიცაა, რომ გამორიცხონ აფლატოქსინის შემცველი პროდუქციის ექსპორტი და თავიდან აირიდონ პროდუქციის მობრუნების რისკი“, - აღნიშნავენ თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში.