სესხების განულების პროგრამამ იმაზე მეტი ადამიანი მოიცვა, ვიდრე ვარაუდობდნენ. მასშტაბური პროექტის დასრულებამდე ჯერ კიდევ 1 კვირაზე მეტია და იგი უკვე შეეხო ნავარაუდევ 600 000 ადამიანს, ხოლო ჩამოწერილი სეხსების ოდენობამ კარგა ხანია გადააჭარბა ნაგულისხმევ 3 მლრდ ლარს.
21 დეკემბერს, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე (vali.ge) მონაცემები კვლავ განახლდა. ერთიან ბაზას დღეს კიდევ 4 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ესენია: სს „ფინკა ბანკი საქართველო“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4ფინანსი“, სს „იკაპიტალი“, სს მისო ქართული კრედიტი.
აღსანიშნავია, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა.
ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 597 ათას 659 მსესხებლის, 1,271,038 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,903,232,705 ლარია. ვებ-გვერდზე უკვე ატვირთულია 36 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები.
პროგრამის წარმატებულობაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. როგორც მან მთავრობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას დაადასტურა, ამ დროისთვის 590 000-ზე მეტი ადამიანი ამოღებულია ე.წ. შავი სიიდან.
„იმ წესებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, მომავალში გამოირიცხება, რომ საქართველოს მოქალაქე ოდესმე ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ე.წ. შავ სიაში. თითქმის 600 000-ზე მეტი ადამიანი იყო შავ სიაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამუშაო ძალის თითქმის ერთი მესამედი აღმოჩნდა ნორმალური, ცივილიზებული, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიღმა. ესაა სრულიად წარმოუდგენელი.
ვერც ერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ გადაფარავდა ამ უდიდეს გამოწვევას და ძალიან დიდ მინუსს. ამ ნაწილში ჩვენ მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი.
ესაა ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 1-ელ იანვარს, ახალ წელს ჩვენი 600 000 მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება. კიდევ ერთხელ მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომ არა მათი მხარდაჭერა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია. დღეისთვის 590 000-ზე მეტი ადამიანი ამოღებულია ამ შავი სიიდან“, - განაცხადა ბახტაძემ.
მასშტაბურმა პროგრამამ ცვლილებები გამოიწვია ბანკების შიდა მენეჯმეტშიც. მაგალითად, გაირკვა, რომ „ლიბერთის“ მიერ განულებული სესხები, შესაძლოა, ბანკის სააქციო კაპიტალის 10%-ს აღემატებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკმა აქციონერთა საერთო კრება მოიწვია. მიზეზი კი ბანკის წესდებაა: თუკი ბანკის მიერ ისეთი ქონების გასხვისება ან გადაცემა ხდება, რომლის ღირებულებაც აღემატება ბანკის სააქციო კაპიტალის ღირებულების 10%-ს, გადაწყვეტილებას იღებს ბანკის აქციონერთა საერთო კრება.
კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანკმა მიიღოს სესხების განულების პროექტში მონაწილეობა და სესხები საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცეს.