მიუნჰენის “ბაიერნი“ გერმანიისთვის და განსაკუთრებით ბავარიის რეგიონის მოსახლეობისთვის ის კლუბია, რომლითაც თაობები ამაყობენ. სწორედ ამიტომ, როდესაც მიუნჰენური გიგანტის ამსეზონური რბილად რომ ვთქვათ არცთუ საამაყო გამოსვლა უდევთ თვალწინ, რიგითი მიოქალაქეებიც კი ცდილობენ კლუბს დაეხმარონ და გერმანელებს როგორც წესი ეს საქმეც ძალიან კარგად გამოსდით.
მიუნჰენში (ისევე როგორც გერმანიის თითქმის ყველა ქალაქში) საშობაოდ მუდამ იმართება ბაზრობები, სადაც შედარებით შეღავათიან ფასად შესაძლებელია სხვადასხვა საშობაო ნივთებისა და საჭმელ-სასმელის შეძენა. ბავარიაში მდებარე რამდენიმე დიდი ლუდსახარში სწორედ “ბაიერნის“ გასამხნევებლად გაერთიანდა და საშობაოდ მათ მიერ გამოტანილი დიდებული გერმანული ლუდის გაყიდვიდან შემოსული თანხით “რეკორდმაისტერისთვის“ სიურპრიზის გაკეთება სურთ.
სიურპრიზი იმის სიურპრიზია, რომ უნდა დამალო და ვისაც უკეთებ, მისთვის მოულოდნელი უნდა იყოს. თუმცა მაინც გაჟონა ინფორმაციამ და როგორც გერმანიის ბულვარული პრესა წერს, ბავარიელ მელუდეებს გადაწყვეტილი აქვთ საშობაო ბაზრობიდან აღებული თანხით “ალიანს არენაზე“ შესვლის და მატჩებზე დასწრების საშუალება ყველაზე ღარიბ მიუნჰენელებს მისცენ. როდესაც ასეთ ამბებს გაიგებ, “ბაიერნის“ ფეხბურთელებს კი არა, რიგით ქართველსაც კი მოგემატება ცხოვრების და წარმატების მოტივაცია...