მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის „რეალი“ არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ „ალ აინს“ დაუპირისპირდება. აზიელებმა ნახევარფინალში მოულოდნელად „რივერ პლეიტი“ დაამარცხეს და სენსაცია გამოაცხვეს.
„ალ აინის“ მთავარი მწვრთნელი ზორან მამიჩი ამბობს, რომ „რეალი“ მერსედესია და მისი გუნდი სმარტი, მაგრამ იმედს არ კარგავს:
„აქ ყოფნა ძალია სასიამოვნოა. შემიძლია ვთქვა, რომ „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და მასთან პარალელის გავლება არ შეგვიძლია. ყოველშემთხვევაში ჩვენ ფინალში ვართ და ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. გუნდი ცოტა გადაღლილია, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი თამაშის ჩატარება მოგვიწია და უკანასკნელი მატჩიდან სამი დღე გავიდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მცირე როტაციის ხარჯზე გუნდი თამაშისთვის მზად იქნება.
შეუძლებელი არაფერია, რადგან ეს ფეხბურთია. იღბალი თუ ჩვენს მხარეს იქნება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უნდა გვჯეროდეს, რომ გამარჯვება შეგვიძლია და ჩვენ ყველა თამაშის მოგება გვინდა. მაგრამ მესმის, „რეალი“ მერსედესია, ჩვენ კი სმარტი“, - განაცხადა მამიჩმა.
„რეალისა“ და „ალ აინის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.