„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის არგამოძიება საქართველოს ისტორიის წინაშე ჩადენილი დანაშაულია“

„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის არგამოძიება საქართველოს ისტორიის წინაშე ჩადენილი დანაშაულია“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული დაღუპვის საქმე კვლავაც გაუხსნელია. 2018 წლის 31 დეკემბერს 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება და, რადგან ამ ხნის განმავლობაში პროკურატურას ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება. მამის მკვლელის დასჯის მიზნით ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ბოროტების ბუნაგთან“ - მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს და განსაკუთრებულ შემთხვევებში ხანდაზმულობის ვადის გაუქმება მოითხოვეს.

ცოტნე გამსახურდიას განმარტებით, საქმეში არსებობს უამრავი მამხილებელი მასალა, გამოკვეთილია ამ საქმის ორგანიზატორები და მკვლელი, საბჭოთა კგბ-ს სტაჟიანი თანამშრომელი, მაგრამ პროკურატურა თავისი უნიათობით ცდილობს ხსენებული ვადის გაწელვას.

„რატომ არ იძიებენ საქმეს? ლოგიკურია, დამნაშავეებს ხელს აფარებენ! მკვლელის პასუხისგებაში მიცემას, როგორც ბანქოს ამოწევას წყებიდან წამოჰყვება ფიგურანტების მთელი ბანდა, ქართველი მოღალატეებისა და რუსული სპეცსამსახურების კვალი საქართველოს პირველი, დამოუკიდებლობის გამომცხადებელი პრეზიდენტის მკვლელობაში“, - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

გამსახურდიას თქმით, 2011 წლიდან ის მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას გამოძიებას. უფრო მეტიც, საქმეში იკვეთება ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც ადებენ ხელს, თუმცა პროკურატურა სიფრთხილეს იჩენს.

ცოტნე გამსახურდია იმასაც ამბობს, რომ მის ოჯახს ძალიან სჭირდება იმ ადამიანების გვერდში დგომა, ვისთვისაც სულერთი არ არის სიმართლის ბედი ამ ქვეყანაში. თუმცა იმასაც დასძენს, რომ არავისთვის ხვეწნას არ აპირებს და მარტოც რომ დარჩეს, ბრძოლას გააგრძელებს, რათა საკუთარ სინდისთან და ქვეყანასთან მართალი იყოს.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის არგამოძიება საქართველოს ისტორიის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, სწორედ ეს არის ისტორიული დანაშაული.

„ჩემს საავტორო გადაცემაში აუცილებლად შევეხები ამ საქმეს, მით უმეტეს, ახლოვდება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ტრაგიკული „იუბილე“, როცა 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია გაუგონარი სისასტიკით მოკლეს. როდესაც ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაზეა საუბარი, ცალკე საუბრის თემაა, იმ პერიოდში ვინ სად იდგა და რა პოზიციას იჭერდა, მაგრამ ზვიად გამსახურდია ჩვენს მიერ არჩეული კანონიერი პრეზიდენტი გახლდათ, ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავასთან ერთად. ასევე, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა მერაბ კოსტავა და ამაზე ცალკე უნდა წარიმართოს გამოძიება“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და მიიჩნევს, რომ პირდაპირი პოლიტიკური შეკვეთით მოკლული ლიდერის ზვიად გამსახურდიას საქმეს ხანდაზმულობის ვადა არ უნდა შეეხოს.

ანალიტიკოსის განმარტებით, ეს ჩვენი ისტორიაა და, როგორც ილია ჭავჭავაძისა და მსგავსი დიდი პიროვნებების ტრაგედიაზეა საუბარი, ხანდაზმულობის ვადა არ უნდა გავრცელდეს.

მისივე თქმით, ზოგიერთებს განსაკუთრებულად უყვართ ზვიად გამსახურდიას შეცდომებზე საუბარი, ამ დროს განა ედუარდ შევარდნაძეს არ ჰქონდა შეცდომები? თანაც, შევარდნაძეს მართვის მეტი გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე ზვიად გამსახურდიას. ზვიად გამსახურდია კი დისიდენტი იყო, იატაკქვეშეთში ებრძოდა საბჭოთა რეჟიმს, მას სხვა ფსიქოლოგიური, მენტალური უნარები გააჩნდა.

„ყველას აქვს თავისი შეცდომები, ოთხი პრეზიდენტი გვყავდა და ყველა იდეალური იყო? ზვიად გამსახურდიას მიმართ არავის მიუცია შეფასება, რომ მის პერიოდში იყო ავტორიტარული რეჟიმი. უფრო მეტიც, მოგვიანებით შერიგების აქტი განხორციელდა და არავის უთქვამს, რომ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური შეცდომები იყო ავტოკრატიული. გასაგებია, რომ მაშინ ჩვენ გარე ძალა გვებრძოდა, სახელმწიფოებრივი მართვის უნარი საქართველოს არ ჰქონდა, თუმცა პოსტსაბჭოთა ყველა ქვეყანამ გაიარა ეს პერიოდი - ზოგან სამოქალაქო ომი იყო, უზბეკეთ-თურქმენეთში მძიმე სიტუაცია იყო, რუსეთში ელცინის პერიოდში მოხდა ორი სამოქალაქო ომი, სისხლიანი შეტაკებები“.

ვახტანგ მაისაია ადასტურებს, რომ იგი გაეცნო კონსტანტინე გამსახურდიას საპარლამენტო გამოძიების მასალებს და კარგია, რომ ამგვარი გამოძიება ჩატარდა. თუმცა მიიჩნევს, რომ უფრო მეტად საჭიროა საერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ახალი ტიპის გამოძიების ჩატარება. ამ მხრივ ლაფანყურის საქმის შესახებ გამოცდილება გვაქვს, სადაც ლაფანყურის საზოგადოებრივ კომისიაში პირადად ვახტანგ მაისაიამაც მიიღო მონაწილეობა. ანალიტიკოსის თქმით, ამ გამოძიების ფარგლებში მათ იმაზე მეტი დაადგინეს, ვიდრე დღევანდელმა გამოძიებამ დაადგინა. კერძოდ, მათ დაადგინეს, ლაფანყურის სპეცოპერაციის რეალური მოტივი, ვინ როგორ დახოცა ჩვენი მოქალაქეები და მოახდინა მათი მანიპულირება. ამდენად, ზვიად გამსახურდიას საქმის ირგვლივაც უნდა დაიწყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოძიება, გამოცდილი, პატივსაცემი ადამიანების მონაწილეობით შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია და ზვიად გამსახურდიას მკვლელობას წმინდა ისტორიული შეფასება მიეცეს, რადგან ეს უკვე აღარ არის წმინდა პოლიტიკური და კრიმინალური მკვლელობა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ხანდაზმულობის ვადის გარკვევა იურისტების პრეროგატივაა, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ბურუსით მოცულ დაღუპვის ფაქტს, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ საქმის სრულფასოვან გამოძიებაზე უნდა იზრუნოს.

„ეს სახელმწიფოს პრესტიჟის საქმეა. ალბათ, იურისტები მონახავენ გამოსავალს ამ სიტუაციიდან, რათა ხანდაზმულობის ფორმალური მიზეზის გამო არ მოხდეს ამ საქმის თაროზე შემოდება. ზვიად გამსახურდიას ისტორიული როლი აღიარებულია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების კუთხით. მხოლოდ გონებაშეზღუდული ადამიანები და ზვიად გამსახურდიას აშკარა ოპონენტები არ აღიარებენ ამ როლს“,-აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.