„სალომე ზურაბიშვილს მისი წინამორბედის მსგავსად არ აქვს კომპლექსი, რომ „თავისი კაცობა ამტკიცოს“

„სალომე ზურაბიშვილს მისი წინამორბედის მსგავსად არ აქვს კომპლექსი, რომ „თავისი კაცობა ამტკიცოს“

პრეზიდენტი და პრემიერი ერთად გაემგზავრებიან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რაც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობიდან გამომდინარე, უპრეცედენტო მაგალითია. მარგველაშვილის პრეზიდენტობისას მიუნხენის კონფერენციას საქართველოდან მხოლოდ პრემიერი სტუმრობდა, ახლა კი მიუნხენში ჩასული სალომე ზურაბიშვილი მამუკა ბახტაძისთვის ზედმეტი თავის ტკივილი არ იქნება. მოსაწვევები ორივე მათგანს მოუვიდა და, შესაბამისად, ორივე ერთად ეწვევა მიუნხენს.

ახალი პრეზიდენტისა და პრემიერის სავარაუდო ჰარმონიული ურთიერთობის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

თებერვალში დაგეგმილ მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივი გამოჩენა ხომ არ იქნება ახალი ფილმი პრემიერ-პრეზიდენტის თანაარსებობის თვალსაზრისით? ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ჰარმონიული ურთიერთობა მალე დასრულდება და ზურაბიშვილსა და მთავრობას შორის კინკლაობა დაიწყება. თქვენი აზრით, რამდენ ხანს გასტანს მათი შეხმატკბილებული დამოკიდებულება?

- მოსაწვევი ბარათები ორივე პირზეა გამოგზავნილი. ამდენად, პრეზიდენტსა და მთავრობის ხელმძღვანელს თანამშრომლობა მართებთ და ისინი ითანამშრომლობენ ახლაც და შემდეგ პერიოდშიც და ამაში უცნაური არაფერი არ არის. მართალია, შესაძლოა, განსხვავებული პოზიციები არსებობდეს, მაგრამ მკვეთრი დაპირისპირება არ იქნება. სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად განსხვადება წინა პრეზიდენტისგან. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალზე პრინციპული ადამიანია, მას ნამდვილად გააჩნია მოლაპარაკებისა და მეორე მხარის მოსმენის, კარგი გამოსავლის მოძებნისა და კომპრომისების უნარი.

პრემიერიც არ არის ისეთი, რომ არაფრის გამო დაპირისპირებაში შევიდეს ვინმესთან. აქედან გამომდინარე, მათ შორის კონფრონტაციას არ ველოდები. დღევანდელი პრეზიდენტის უფლებამოსილება ასეთია, მას მთავრობის კონტრასიგნაციით შეუძლია, საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. კონფერენციებზე დასწრება სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ დროს შეუძლია, მით უმეტეს, ეს არის კონფერენცია და არა რომელიმე საერთაშორისო მოლაპარაკება, სადაც შეთანხმების გაფორმება მიმდინარეობს. ეს იქნება საქართველოს პოზიციის წარმოჩენა და ეს პოზიცია ერთგვაროვანი იქნება პრეზიდენტის მხრიდანაც და პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც.

უთანხმოება ან სხვადასხვაგვარი შეხედულება რაიმე საკითხთან დაკავშირებით ამ მომენტში არ არსებობს, მაგრამ მომავალში რა თემის ირგვლის შეიძლება შეიქმნას გაუგებრობები? რას ვერ დათმობს სალომე ზურაბიშვილი?

- რახან ასეთი გამოცდილება გვაქვს და მარგველაშვილის დროს ასეთი რაღაცები ხდებოდა, მაინც ასეთი მოლოდინი არსებობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება. დარწმუნებული ვარ, თუკი მომავალში სხვადასხვაგვარი შეხედულებები იქნება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, ეს ცივილიზებულად გადაწყდება, მოილაპარაკებენ და არ გაუჭირდებათ საერთო ენის გამონახვა. მხედველობაში აუცილებად უნდა მივიღოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო მომლაპარაკებელია და, როდესაც პარტნიორს განსხვავებული აზრი აქვს, ცდილობს, საერთო აზრამდე მივიდნენ. ამაში მას არა მარტო უნარები ეხმარება, არამედ შესაბამისი გამოცდილებაც. ასე რომ, საკუთარ მთავრობასთან არ გაუჭირდება საერთო ენის გამონახვა. არც გიორგი მარგველაშვილივით აქვს ერთგვარი კომპლექსი, რომ „თავისი კაცობა დაამტკიცოს“ წინააღმდეგობების შექმნით. სალომე ზურაბიშვილი თავისუფალი ადამიანია და არც იმას ველი, რომ მთავრობა ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რაც აიძულებს ქალბატონ სალომეს, საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსიროს.

გიორგი მარგველაშვილი თავის დროზე ამბობდა, „პლასტელინივით ადამიანი ვარ, სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას ვიღებ“, მაგრამ ამ ნათქვამის საწინააღმდეგო მიიღო მარგველაშვილისგანქართულმა ოცნებამ“. მისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილი არ მალავს, „მე ჯიუტი ვარ, ბოლომდე წამსვლელი, კახელიც ვარ და მეგრელიც“. ჩვენს პოლიტიკაში თუკი ყველაფერი საწინააღმდეგოდ ცხადდება, მაშინ ხომ შეიძლება, ყველასათვის მოულოდნელად პრინციპული სალომე ზურაბიშვილი კომპრომისული გახდეს?

- მართალს ბრძნებთ, გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში მისი ნათქვამისგან განსხვავებული რეალობა მივიღეთ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, ყველაფერი გამოჩნდება. წინასწარ ძნელია რაიმეს თქმა, მაგრამ რამდენადად ვიცნობ ქალბატონ სალომეს, რა შთაბეჭდილებაც დამრჩა მის შესახებ, სალომე ზურაბიშვილი რაიმეს აკვიატების გამო კონფრონტაციული არ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას საუკეთესო მომლაპარაკებლის გამოცდილება აქვს, ეს მისი პროფესიაა და რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ საკუთარ მთავრობასთან საერთო ენა ვერ გამონახოს.

ვინ უნდა წავიდეს საზღვარგარეთულ მიწვევებზე, ეს გიორგი მარგველაშვილის დროს გადაულახავი დილემა აღმოჩნდა. როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთის ვიზიტით ჩრდილი არ მიადგეს მეორის ვიზიტს და არ გადაიფაროს თემები?

- ეს შეთანხმების ამბავია, თუ სამომავლოდ ვინ გაემგზავრება საზღვარგარეთ. ფაქტია, რომ პრემიერიც და პრეზიდენტიც ერთ საქმეს, ანუ საქართველოს საქმეს აკეთებენ და საქართველოს ემსახურებიან. შეთანხმების შედეგად გაირკვევა, ზოგ შემთხვევაში სალომეს გამგზავრება უფრო ეფექტური იქნება, თუ პრემიერ ბახტაძის. ეს შეეხება როგორც საერთაშორისო კონფერენციებს, ისე მოლაპარაკებებს საქართველოს სახელით. სხვათა შორის, ამგვარი მოლაპარაკების წარმართვა, ასევე, შეუძლია პრეზიდენტს, ოღონდ ამას სჭირდება მთავრობის ნებართვა. ჩემი აზრით, სრულიად სხვა ეტაპზე გადადის ეს ურთიერთობები და წარსულში დარჩება ყოფილ პრეზიდენთან არსებული გაუგებრობები.

როდესაც მოლაპარაკებებზეა საუბარი, ჩვენ ვიცით, როგორი მკვეთრი განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, თუ რა უნდა უძღოდეს ვლადიმერ პუტინთან მის მოლაპარაკებას, მაგრამ, თუ მაინც გაიმართა ეს მოლაპარაკება, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ სადავო თემად იქცა მარგველაშვილის პერიოდში, ვინ უნდა სწვეოდა ვლადიმერ პუტინს - პრემიერი თუ პრეზიდენტი. ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ამ უთანხმოებას ბოლო მოეღება?

- ის იყო სიჯიუტის მწვერვალი, ასეთი საკითხების განხილვისას არ შეიძლება მკვეთრი დაპირისპირება. უბრალოდ, მოლაპარაკებით შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა. კონსტიტუციით ეს ასეა, რასაკვირველია, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, საერთაშორისო მიმართულებით აქტიურობა გამოიჩინოს, მაგრამ ამას სჭირდება მთავრობის თანხმობა, მთავრობასთან შეუთანხმებლად ამას ვერ გააკეთებს. არა მგონია, სალომე ზურაბიშვილს საგარეო პოლიტიკაში გაუჭირდეს მთავრობისგან თანხმობის მიღება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, თუკი პუტინთან შეხვედრა გამართება, თქვენ უფრო ემხრობით, სალომე ზურაბიშვილზე შეჩერდეს არჩევანი, ვიდრე მამუკა ბახტაძეზე?

- ვითარებას გააჩნია, სხვადასხვა მოლაპარაკებების დროს შეიძლება მთავრობის მეთაურის გამგზავრება სჯობდეს, სხვა ვითარებაში კი, პრეზიდენტმა აჯობოს.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, რანგის თვალსაზრისით, როცა მეორე მხარეს არის, სიტყვაზე, პრეზიდენტი პუტინი, საქართველოდან ვინ აჯობებს გაემგზავროს?

- რასაკვირველია, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. პრეზიდენტი ფორმალურად არის სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი არის პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, პრობლემა არ იქნება, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს პრემიერ-მინისტრი, თუმცა არც ის იქნება პრობლემა, პრეზიდენტი შეხვდეს პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებები პუტინთან, ცხადია, უახლოეს პერსპექტივაში გამორიცხულია, თუკი რუსეთის პოლიტიკა მკვეთრად არ შეიცვლება, მაგრამ ამ მოლაპარაკებების გამართვის საქმეშიც სალომეს ჩვენი მთავრობის ნებართვა დასჭირდება. საკუთარი ინიციატივით ქალბატონი სალომე ამას ვერ გააკეთებს.

თუკი პუტინთან შეხვედრის საჭიროება დადგება, ორივე მხარე (ჩვენი პრემიერიც და პრეზიდენტიც) ძალიან იოლად შეთანხმდება. ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს, ეს არ არის მარგველაშვილის პერიოდი, როდესაც კონფრონტაცია პირადი ურთიერთობის გამო მოხდა და მერე გამწვავდა.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში, ასევე, მოქმედებდა ირაკლი ღარიბაშვილის ხისტი ფაქტორიც, რომელიც განსხვავდებოდა კვირიკაშვილის კონსტრუქციული ტონისგან, რომელმაც პრეზიდენტობის მიწურულს მადლობაც კი გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს. ჯერჯერობით მამუკა ბახტაძე ხისტ მიდგომებში არ შეიმჩნევა.

- მართალი ბრძანდებით. როდესაც კონფლიქტია, ორივე მხარეს რაღაც გარკვეული შეცდომები აქვს დაშვებული. არც ბახტაძეა კონფრონტაციული და არც სალომე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონი პრინციპულია, კომპრომისების მოძებნისკენაა მიმართული. თანაც, სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ საუკეთესო მომლაპარაკებლად ითვლება არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.