სამშენებლო სექტორში სიახლეები გრძელდება. მომავალი წლიდან არქიტექტორებს სერტიფიცირება ელით. 2019 წლის მეორე ნახევრიდან ყველას ვისაც სურვილი აქვს ბაზარზე დარჩეს და დაკვეთებს მოემსახუროს, აუცილებლად სერტიფიკატის მიღება მოუწევს. თავდაპირველად ეს პროცესი მხოლოდ თბილისში იგეგმებოდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ პროცესი თანდათანობით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
თბილისის მერია არქიტექტორების სერტიფიცირების სისტემის დანერგვაზე მუშაობს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან და სპეციალისტებთან სამუშაო ჯგუფში შეხვედრა გამართეს.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, იმ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა, რომელიც არქიტექტორების პროფესიულ საქმიანობას დაარეგულირებს, ჯერ არ დასრულებულა.
„არქიტექტურულ წრეებში მიიჩნევენ, რომ ეს მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა და ჩვენც ასე ვფიქრობთ. ეს ყველაფერი ბაზარზე, ქალაქის მასშტაბით, უფრო კვალიფიციური არქიტექტურული მომსახურების გაჩენას და მერიაში უფრო პროცესიონალური პროექტების წარმოდგენას ემსახურება. ჩვენ ვეცდებით არქიტექტურულ ბაზარზე, თბილისის მასშტაბით, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოვახდინოთ“, - განაცხადა ხმალაძემ.
ამასთან, როგორც თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა განაცხადა, სერტიფიცირების პროცესი სავარაუდოდ, 2019 წლის მეორე ნახევარში დაინერგება და შესაბამის საკვალიფიკაციო ტესტირებას გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.
თავდაპირველად თითქოს საუბარი იყო, რომ არქიტექტორებს სერტიფიცირება მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით გაევლოთ, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ მათ ამ პროცედურის გავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით დასჭირდებათ. დედაქალაქის მერიის პოზიციაა, რომ ეს საკითხი თბილისის ფარგლებში მოწესრიგდეს, თუმცა არქიტექტურული კავშირის მოსაზრებით, სერტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. მანამდე კი, ვიდრე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ შეიქმნება ცენტრალური საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მართავს და გააკონტროლებს ამ პროცესს, სწორედ მერიაა პასუხისმგებელი პროცესების სწორად წარმართვაზე.
დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, არქიტექტურული საქმიანობის შესახებ დიდი ხანია მუშაობს პროფესიული საზოგადოება.
„წინასწარი განხილვისთვის რაც იყო საჭირო ინფორმაცია მივიღეთ და მხარეებს შორის კომუნიკაციაც შედგა. პროცესი იმ დონემდეა მისული, რომ უკვე შესაძლებელია თავად ინიციატივაზე, იმ ტექნიკურ საკითხებზე ვიმსჯელოთ რა როგორ გავაკეთოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა კაკულიამ.
არქიტექტორების სერტიფიცირების საკითხი კარგა ხანია დღის წესრიგში დგას და ეს პროცესი, სავარაუდოდ, 2019 წლის მეორე ნახევრიდან დაიძვრება, თუმცა მშენებლებისა და ურბანისტების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ კუთხით განხორციელებული ცვლილებები საკმარისი არ არის და ახლო მომავალში აუცილებელია მშენებელ ინჟინერთა სერტიფიცირების პროცესიც დაიწყოს.