გიორგი ქობულიას ქონება 40 მილიონს აჭარბებს - რა წერია ეკონომიკის მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში?

გიორგი ქობულიას ქონება 40 მილიონს აჭარბებს - რა წერია ეკონომიკის მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში?

ძვირადღირებული ბინები და მიწის ნაკვეთები მოსკოვში, თბილისში, წყნეთში, ბეთანიაში, ბაკურიანში.... ძვირადღირებული და ბოლო მოდელის ავტომანქანები - რამდენიმე.... წილები და მილიონობით დოლარის ღირებულების აქციები და ობლიგაციები სხვადასხვა კომპანიებში, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში და ეს ყველაფერი არ არის... - ასე გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც მან 3 თვის წინ შეავსო და რომლის მიხედვითაც, სრულიად "ლოგიკურია" მისი მოსაზრება, რომ საქართველოში ადამიანებს არც ისე უჭირთ, როგორც ჰგონიათ. რადგან, მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მინისტრმა ალბათ არ იცის, გაჭირვების დეფინიცია.

მინისტრი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსეთიდან სპეციალურად მოიწვია და პრემიერ მამუკა ბახტაძის სამთავრობო კაბინეტში ეკონომიკის მინისტრად დანიშნა, მრავალმილიონიანი ქონების მფლობელია. გიორგი ქობულიამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 9 სექტემბერს შეავსო. მინისტრის დეკლარაციაში წერია, რომ ის ფლობს ბინებს და მიწის ნაკვეთებს მოსკოვში, თბილისში, წყნეთში, ბეთანიასა და ბაკურიანში. მის საკუთრებაში ფიქსირდება 2014 წელს 455 000 დოლარად შეძენილი 2 ბინა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე და 35 000 დოლარად შეძენილი 3 ავტოსადგომი.

ასევე, 2014 წელს 485 000 დოლარად შეძენილი საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი წყნეთში. ასევე, მეუღლესთან, ოლგა კორსიკთან თანასაკუთრებაში ფლობს 2016 წელს 73 196 550 რუბლად შეძენილ ბინას მოსკოვში, რომელიც მაშკოვას ქუჩა #13-ში მდებარეობს და 125 კვ.მ-ია. იქვეა ქობულიების ოჯახის საკუთრებაში არსებული 14,2 კვ.მ ავტოფარეხი, რომლის ღირებულება 5 მილიონი რუბლია. ხოლო იქვე არსებული არასაცხოვრებელი ფართის (სავარაუდოდ, კომერციული ფართის) ღირებულება 7 მილიონი რუბლია, რომელიც 100 ათას დოლარს აჭარბებს.

ქობალია უძრავ ქონებას ფლობს ბეთანიაში. 1331 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ქობულიას 2005 წელს 15 ათას დოლარად შეუსყიდია, ხოლო იქვე არსებული 259 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 12 500 დოლარად. ქობულია ასევე, სოფელ ბეთანიაში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2007 წელს მისთვის უჩუქებიათ, ისევე როგორც დაბა ბაკურიანში უჩუქებიათ 2012 წელს 55 კვ.მ. ფართის ბინა. მინისტრის საკუთრებაში ფიქსირდება 2008 წელს შეძენილი 83 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანა "ტოიოტა ლენდკრუიზერი“. ასევე, 2012 წელს 123 453 ევროდ შეძენილი "პორშე პანამერა“ და 2014 წელს 2 140 148 რუბლად შეძენილი "მერსედესი E კუპე“.

ეკონომიკის მინისტრს მფლობელობაში ფიქსირდება აგრეთვე ქართული და უცხოური კომპანიების ფასიანი ქაღალდები. მაგალითად, კომპანია „მაკკინზი და კომპანიაში“, რომელშიც ქობულია მინისტრად დანიშვნამდე მუშაობდა, 2007-2018 წლებში 1,853 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციები აქვს შეძენილი. ქობულიას 3,931 მილიონი აშშ დოლარი და 2,474 მილიონი ევრო აქვს გადახდილი „ნორზერნ ტრასტი“-ს აქციებში, 592 620 დოლარი – „ჯორჯიან კაპიტალის“ ობლიგაციებში, 250 ათასი ევრო "საქართველოს ბანკის“ სტრუქტურირებულ ნოტებში, 551 ათასი დოლარი "საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციებში, 60 ათასი დოლარი "m2“-ის ობლიგაციებში.

2017 წელს გიორგი ქობულიას ბიუჯეტი ძირითადად დახარჯულია ფასიანი ქაღალდების შეძენაზე. შემოსავლებს შორის ფიქსირდება 112 ათასი ლარი, რომელიც მან ბინის გაქირავების შედეგად მიიღო. საბანკო დეპოზიტებისა და ფასიანი ქაღალდებისგან მიღებული სარგებელი კი, 8146 ფუნტ სტერლინგს, 213 ლარს, 9609 აშშ დოლარს, 41 686 ევროს და 38 315 აშშ დოლარს შეადგენს. გიორგი ქობულიას საბანკო ანგარიში უფიქსირდება ორ რუსულ ბანკში "სითიბანკი მოსკოვი“ 741,18 დოლარი, 270 888,67 რუბლი, 112 520,98 ევრო და "ვითიბი 24 მოსკოვი“ 6425 რუბლი, 160 ევრო.

მის სახელზე ფიქსირდება ასევე "საქართველოს ბანკში“ 11683,31 ლარი, 535 637,49 ევრო და 675 476.35 დოლარი. დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ქობულიას დეკლარაციის შევსების მომენტში ხელზე 15 ათასი ევრო ჰქონდა. ეკონომიკის მინისტრის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ქობულიას ქონება 40 მილიონ ლარს აჭარბებს.

შეგახსენებთ, გუშინ გიორგი ქობულიამ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით: "არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ეს არ არის მართალი და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს და ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ ეს ასე არაა“, -განაცხადა გიორგი ქობულიამ.