სტალინის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს კიდევ ერთხელ გაცხოველდება ჩვენი მოსახლეობის გრძნობები დიდი ბელადის სასარგებლოდ, ან სტალინის საზიანოდ, როგორც რეპრესიების შემოქმედისა. საქართველოს მოსახლეობა, ალბათ, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ არის ისე პოლარიზებული, როგორც იოსებ სტალინის პერსონის შეფასებისას. უბრალო ხალხს, განსაკუთრებით, გორელებს, ტაქსისტებს, ბაზრობაზე მომუშავეებს ზეაღმატებითი დამოკიდებულება აქვთ სტალინის მიმართ და მათგან ხშირად გაიგონებთ, რომ დღესაც „სტალინი გვჭირდება“. თუმცა რა იმალება ამ სურვილის მიღმა და უნდათ თუ არა სტალინი რეპრესირებულთა შთამომავლებს, ეს დიდი ბელადის გამაფეტიშებლებს სულაც არ ადარდებთ.
საბჭოთა ოკუპაციის კვლევის თანახმად, საქართველოზე რუსის ჯარის მხრიდან იერიშის მიტანის მთავარი წამქეზებელი სტალინი იყო, რომელსაც სძულდა საქართველო, რადგან თავის დროზე ქართველებმა იგი არ აღიარეს. ლენინი, სავარაუდოდ, წინააღმდეგი იყო საქართველოში შემოჭრის, მას ეშინოდა იმ გავლენის, რომელიც ამ უმიზეზო, ღია აგრესიას შეეძლო მოეხდინა გარესამყაროზე, მაგრამ სტალინს შურისძიება სწყუროდა და აისრულა კიდეც.
1921 წელს წითელი არმიის მიერ დაპყრობილ საქართველოს რამდენიმე თვის შემდეგ ეწვია გამარჯვებული სტალინი. ის კომუნისტურ რუსეთში გავლენიან პირად ითვლებოდა, მაგრამ როდესაც ქართველთა პირისპირ აღმოჩნდა, სტალინი მიახვედრეს, რომ ქვეყნის დაპყრობა უცხო ხიშტებით მიუღებელი იყო. თბილისის სამთავრობო დარბაზში გამოსვლისას მას არაერთხელ გააწყვეტინეს სიტყვა და ათასობით ქართველმა შეძახილებით, „მოღალატე, მკვლელო, გამყიდველო“ გააცილა გაფითრებული სტალინი, რომელმაც დარბაზი გაძლიერებული დაცვით დატოვა. სახელდახელოდ შეკრებილ კომუნისტური პარტიის წევრებს კი სტალინმა უთხრა, საქართველოს ცხელი უთოთი უნდა გადავუაროთო.
სტალინის ფენომენის შესახებ For.ge საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა.
ხშირად გაგვიგია, თითქოს სტალინმა არაფერი იცოდა იმ რეპრესიების შესახებ, რაც საქართველოში ხორციელდებოდა და თითქოს ეს მხოლოდ ბერიას თვითშემოქმედება იყო. სინამდვილეში, იცოდა თუ არა სტალინმა სისხლიანი რეპრესიების შესახებ? თუ ვირწმუნებთ, რომ მან არაფერი იცოდა, ამით სტალინს ვაყენებთ ჩრდილს, რომ მან თურმე არ იცოდა, როგორ იმართებოდა უზარმაზარი საბჭოთა იმპერია?!
- რა თქმა უნდა, სტალინმაც და ბერიამაც ყველაფერი იცოდნენ, ანუ ყველამ ყველაფერი იცოდა. ეს იყო სახელმწიფო ტერორი, სპეციალური მასობრივი წმენდის ოპერაციები, რომელიც იგეგმებოდა ცენტრში, იგზავნებოდა ადგილებზე შესასრულებლად, შემდეგ უკვე ხდებოდა რესპუბლიკების დონეზე მუდმივი კოორდინაცია, თუ როგორ მიმდინარეობდა ოპერაციის მსვლელობა. სტატისტიკა მუდმივად იგზავნებოდა ცენტრში, კონკრეტული ადამიანების დონეზეც ხშირად ხდებოდა ამ საქმეების განხილვა. მაგალითად, 1937-38 წლების ტერორის დროს არსებობდა ე.წ. სტალინური სიები, ეს იყო ეტაპობრივად გადაგზავნილი სიები, რამდენიმე ათეულ ათასეულ ადამიანზე, რომელთა შესახებაც რესპუბლიკის უშიშროება, ანუ რეპრესიული ორგანო სანქციას ითხოვდა პოლიტბიუროსგან, ანუ უმაღლესი პარტიული ჯგუფისგან. პოლიტბიუროს ხელმძღვანელი კი სტალინი იყო, ანუ პოლიტბიუროს სანქციით ხდებოდა ამ ადამიანების დახვრეტა.
ამ შემთხვევაში ბერიას როლი როგორი იყო? მით უმეტეს, არის საპირისპირო მოსაზრება, რომ ბერია დიდი ქართველი იყო, მაგრამ მას თავს ახვევდნენ აგრესიულ ქმედებას.
- 1937-38 წლებში ბერია არ არის უშიშროების შეფი, უშიშროების შეფი ამ დროს არის გოგლიძე. თუმცა ბერია არის კომპარტიის ცეკას მდივანი, იგი მუდმივად საქმის კურსშია და ხელმძღვანელობს საბჭოთა წმენდის ჩატარებას.
ნუთუ ცალკეულ რესპუბლიკებს არ შეეძლოთ, შეემცირებინათ დასახვრეტ პირთა რიცხვი, თუ დახვრეტის ნორმა მაინცდამაინც გადაჭარბებით უნდა შეესრულებინათ?
- მასობრივი წმენდისას წინასწარ იყო გამოკვლეული გაანგარიშებები, როგორი კატეგორიის ადამიანებს უნდა შეხებოდა წმენდა და ასეთი ადამიანები რამდენნი იყვნენ აღრიცხულნი ცალკეულ რესპუბლიკებში. ყოველ ჯერზე მიმდინარეობდა ამ გაანგარიშების კორექტირება. ვთქვათ, წინასწარი გაანგარიშებით, განსაზღვრული იყო 4 ათასი ადამიანის დახვრეტა, მაგრამ ადგილზე კარგად დაამუშავებდნენ ინფორმაციას, კარტოთეკებით, სხვადასხვა წყაროებით, ასახავდნენ „მტრების“ შესახებ ზუსტ ინფორმაციას და აღმოჩნდებოდა, რომ წინასწარი გაანგარიშება არ შეესაბამებოდა რეალობას, გაცილებით მეტი „მტერი“ იყო გამოვლენილი და სჭირდებოდათ მათ წინააღმდეგ მაქსიმალური ზომებისთვის სანქცია.
ამ სიების კორექტირებას ქართველები ახდენდნენ?
- რა თქმა უნდა, რესპუბლიკის პარტიული ელიტა ძირითადად ქართველებისგან შედგებოდა, არც ბერია იყო სხვა ეროვნების. მართალია, თვითონ უშიშროების აპარატის შიგნით ქართველები არ იყვნენ აბსოლუტურ უმრავლესობაში, მაგრამ 1937-38 წლებისთვის ნახევარზე მეტი თუ არა, მინიმუმ, ნახევარი მაინც ადგილობრივი კადრები იყვნენ. ამ მასობრივ სასაკლაოს ამიტომაც ერქვა ტერორი, რომ ეს იყო საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაცია და განსხვავებით სხვა რეჟიმების მასობრივი ტერორისგან, იგი ძალიან ფართო სპექტრს მოიცავდა. იმ პერიოდში არავის ჰქონდა უსაფრთხოების გარანტია, არავინ იცოდა, ვინ იყო მსხვერპლად მონიშნული. იქ იყო დათქმა, კონტრრევოლუციური, ანტისაბჭოთა ელემენტი, ტროცკისტი, შპიონაჟი, საბოტაჟი, მავნებლობა. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოქცეულიყო ამ კატეგორიაში. მით უმეტეს, ეს იყო დაჩქარებული სადამსჯელო ოპერაცია, არ ხდებოდა თითოეული ადამიანის შესახებ ინდივიდუალურად მსჯელობა, თუნდაც ფორმალური პროცედურების დაცვით. საგანგებო ტიპის არასასამართლო ორგანოები იღებდნენ გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის საფუძველზე და რამდენიმე წუთში განსაზღვრავდნენ ადამიანების ბედს. გადაწყვეტილება საბოლოო იყო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. მეტიც, ამ ადამიანებმა არც კი იცოდნენ, რომ მათ შესახებ გადაწყვეტილებას ვიღაც იღებდა და ამას ხვდებოდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც განაჩენის აღსრულებისთვის გაჰყავდათ.
რა თქმა უნდა, სტალინმა ყველაფერი იცოდა თუნდაც სტატისტიკის და თუნდაც ინდივიდუალურად ადამიანების დონეზე. ყველა ამ პროცესში პიროვნულად ჩართული იყო სტალინიც და ბერიაც.
ინტელიგენციის დევნაში სტალინს მიუძღვის წამყვანი როლი, მისი ნათქვამიდან გამომდინარე, რომ საქართველო უნდა გადაიხნას, თუ ყველაფრის შემსრულებელ ბერიას?
- ეს საერთო ტერორის ნაწილია და წმენდის პროცესი მიმდინარეობს ყველა რესპუბლიკაში. არავის მიმართ განსაკუთრებული პირობები არ არსებობს. უფრო მეტიც, საქართველოს შემთხვევაში არიან გაცილებით მკაცრნი, რამდენადაც ეს არის პერიფერია, ეს არის ქვეყანა, რომლის ოკუპაციაც ყველაზე ბოლოს მოხდა, სადაც იყო აქტიური წინააღმდეგობის მოძრაობა 20-იან წლებში, ძალიან ფართო ანტისაკოლმეურნეო მოძრაობა და გამოსვლები. საქართველოს მიმართ არანაირი დანდობა არ იყო, რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უარყოფითად გახლდათ განწყობილი რეჟიმის მიმართ, ბევრი ადამიანი არც მალავდა პროტესტს, ბევრი მალავდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მათ არ უყვარდათ მაშინდელი რეჟიმი.
რაც შეეხება ბერიას, ფაქტია, რომ ბერიას ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მრავალწლიან კვლევას საჭიროებს, რისი საშუალებაც არის, რადგან არსებობს საამისო დოკუმენტები, მაგრამ არავინ მკვლევარს ხელს არ უწყობს. პირიქით, დიდი დაბრკოლებაა ამ დოკუმენტებთან შეხება.
ეს დოკუმენტები ყოფილი კგბ-ს არქივშია?
- არა, ეს დოკუმენტები ინახება თუნდაც პარტიის არქივში, ან კიდევ სხვა საარქივო ფონდებში, რომლებიც სხვადასხვა არქივებშია გაბნეული. ეს დაკავშირებულია უზარმაზარ ფასებთან, ფულს გახდევინებენ ინფორმაციის მიღებაში, ბევრ რამეზე კი გეუბნებიან, რომ არ შეიძლება კონკრეტული ინფორმაციის გაცემა. ამ მხრივ სრული კატასტროფაა. მარტივი შეფასებით, ბერია იყო ჩვეულებრივი საბჭოთა ფუნქციონერი, კარიერისტი, რომელიც ცდილობდა, ეჩვენებინა მაქსიმალური მობილიზება, წარმატება „ხალხის მტრებთან“ ბრძოლაში. ის ცდილობდა, ეფექტურ მაკონტროლებლად წარმოეჩინა თავი, რაც მას ეხმარებოდა ყოველ დონეზე, რათა გადანაცვლებულიყო ზედა დონეზე.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, როცა გერმანული ჯარები ევროპაში შექმნილ ქართულ ლეგიონთან ერთად საქართველოს საზღვრებს მოადგნენ, ქართველთა ნაწილს კომუნისტური რეჟიმის დამხობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახლა გამოცხადების იმედი გაუჩნდა. ფიქრობენ, რომ მაშინდელ იატაკქვეშა მთავრობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რაფავა (ბერიას ახლო მეგობარი) ხელმძღვანელობდა. იმასაც ამბობენ, თითქოს ბერიამ იცოდა გერმანელებთან რაფავას მოლაპარაკების შესახებ და ამ საქმეში ახალისებდა კიდეც.
- ისევე, როგორც სტალინის შესახებ არის უამრავი მითი და დღეს გარკვეული ძალები გაშმაგებულად ცდილობენ, სტალინი ქართველ პატრიოტად და მოწმუნე ადამიანად წარმოაჩინონ, ანალოგიური მინიმოდელია ბერიას შემთხვევაშიც. ეს არის იმის გაგრძელება, რაც ხდებოდა თუნდაც მათ სიცოცხლეში, როცა სტალინის მაქსიმალურ განდიდებას და მის ბელადად წარმოჩენას ცდილობდნენ. ანალოგიური პროცესია საქართველოს დონეზე მისი მარჯვენა ხელის, ამ შემთხვევაში, ბერიას ფიგურის მიმართ. მართალია, ჩაიარა საბჭოთა პერიოდმა, მაგრამ დღესაც ვხედავთ, რომ სტალინის სხვანაირ ფორმატში წარმოჩენა ისევ სურს ჩვენს საზოგადოებას და ეს ხდება არა მხოლოდ გორში. ზოგადად, ეს თაობის და ჩვენი საზოგადოების მენტალობის პრობლემაა.
ზოგიერთებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა, ნუთუ არაფერი კარგი არ გაუკეთებია ან სტალინს, ან ბერიას საქართველოსთვის?
- როგორ შეიძლება კარგზე ლაპარაკი, როდესაც მათ დროს ხდებოდა უმძიმესი დანაშაულები, მოქალაქეების მასობრივი განადგურება, საკუთარი ოჯახის წევრების განადგურებაც კი. ეს იყო რეჟიმი, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა ძალაუფლების შენარჩუნება - კონტროლი, გარკვეული იდეოლოგიური აბსურდული ილუზიების დამტკიცების სურვილი, თითქოს ეს იყო რეალობა. ამას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმის დათვლა, თითქოს სტალინისა და ბერიას დროს რაღაც წარმატება იყო და ამის მიჩქმალვა არ შეიძლება, ეთიკურად და მორალურად გაუმართლებელია.
ეს იყო ძალადობრივად თავს მოხვეული რეჟიმი. თვით რუსეთის შიგნითაც ბოლშევიკები არავის აურჩევია, მათ ძალაუფლების უზურპაცია მოახდინეს და მთელი 70 წლის მანძილზე არავისთვის უკითხავთ, უნდოდათ თუ არა მათი მმართველობა. საქართველოს შემთხვევაში, ეს იყო ორმაგად თავსმოხვეული რეჟიმი, რადგან ოკუპირებულნი აღმოვჩნდით და შემდეგ გვაიძულეს ასეთ რეჟიმში გვეცხოვრა. თავისთავად, სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, ცდილობს, იარსებობს და მას სჭირდება ნებისმიერი ტიპის ინსტრუმენტი (ინფრასტრუქტურა, ინსტიტუტები). თუ იმას ჩავთვლით, რომ სტალინისა და ბერიას დროს ქარხნები არსებობდა, დასაქმებულნი იყვნენ ადამიანები, რატომ გვგონია, რომ ეს საბჭოთა რეჟიმის წყალობა იყო? ეს ისედაც იქნებოდა, რადგან თვითონ რეჟიმს სჭირდებოდა სასიცოცხლოდ.
მთლიანობაში, იმ ავბედით წლებში საქართველოში რამდენი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს?
- საქართველოს შემთხვევაში, არ გვაქვს სრული სტატისტიკა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, არქივები გაუმჭვირვალეა.
ყოველ შემთხვევაში, დახვრეტილთა უმეტესობას ქართველები შეადგენდნენ? გადმოცემით, დიდი სისასტიკით გამოირჩეოდნენ კრემიანი და სხვები ქართველების მიმართ. კრემიანმა არა მარტო დუბინკით სცემა ევგენი მიქელაძე, არამედ თოფის საწმენდი „შომპოლი“ გაუყარა ყურში, როცა გაიგო, რომ ის დირიჟორი იყო.
- საქართველო მუდმივად იყო მულტიეთნიკური და მრავალეროვანი ქვეყანა და ტერორი არავის მიმართ არ იყო რბილი. ცხადია, რაოდენობრივად ქართველები იყვნენ მეტნი და ქართველები უფრო მეტად იხვრიტებოდნენ, თუმცა საბჭოთა რეჟიმი ეთნიკური უმცირესობების მიმართაც მკაცრი იყო, ვიდრე ძირითადი ეთნიკური ჯგუფების მიმართ. აქ ეთნიკურობა არ ყოფილა წამყვანი ელემენტი, განადგურების სარჩული იყო პოლიტიკური და სოციალური. უბრალოდ, ეროვნება ხშირად ფონად მისდევდა ამ ყველაფერს.