გამონათქვამი "მთავარი - არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა" დღეს დამარცხებულის ნუგეშისცემისთვის გამოიყენება.
ხანდახან ამ ფრაზას ოლიმპიურ დევიზსაც უწოდებენ, რაც არასწორია - ოლიმპიურ მოძრაობას ერთადერთი ოფიციალური დევიზი "ჩიტიუს, Aლტიუს, Fორტიუს!" - "უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად!" აქვს. ამ ფრაზის ავტორი კი ოლიმპიურ მოძრაობაში ბარონ პიერ დე კობერტენის მოკავშირე ფრანგი მღვდელი ანრი დიდონი გახლავთ. ფრაზა მან ერთ-ერთ კოლეჯში სპორტული შეჯიბრებების გახსნის დროს წარმოთქვა. ბარონს ფრაზა მოეწონა და ოლიმპიადის ოფიციალური დევიზად გამოაცხადა.
1908 წლის ოლიმპიადაზე მარათონის სიგრძე 42 კმ-სა და 195 მ-ს შეადგენდა.
საქმე იმაშია, რომ პირველ ოლიმპიადებზე ეს დისტანცია არ იყო ზუსტად რეგულირებული. პირველ ოლიმპიადაზე 1896 წელს ათენში დისტანცია მარათონის ადგილიდან საბრერძნეთის დედაქალაქამდე გრძელდებოდა, ანუ იმეორებდა მანძილს, რომელიც ლეგენდის თანახმად ბერძენმა მეომარმა, სახელად ფიდიპიდმა გადალახა, როცა ათენის მოსახლეობას სპარსელებზე გამარჯვების ამბავი ამცნო. მართალია მეომარმა "მხოლოდ" 34,5 კმ გაიარა, სპორტსმენებს კი ორგანიზატორებმა გზა 40 კმ-მდე გაუზარდეს.
მომდევნო ოლიმპიადებზე მარშრუტის სიგრძე ასევე 40 კმ-ს შეადგენდა. მთავარ პირობად კი რჩებოდა, რომ გზა ყველა მონაწილისთვის ერთნაირი ყოფილიყო.
ორგანიზატორებმა მარშრუტი ლონდონის თამაშებზეც განსაზღვრეს, როცა მეფე ედვარდ VII -მ ოჯახთან ერთად მოითხოვა მარათონის მარშრუტის შეცვლა ისე, რომ სამეფო საგვარეულოს უინძორის სასახლის აივნიდან მარათონისთვის თვალყურისდევნება შეძლებოდა.
შეცვლილი მარშრუტის სიგრძემ 42 კმ და 195 მეტრი შეადგინა. მარათონების სიგრძე კიდევ ორ ოლიმპიადაზე შეიცვლება, ვიდრე 1921 წელს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია "სამეფო სტანდარტს" საბოლოოდ არ დაამტკიცებს. ერთი ადამიანი ამ რეფორმისთვის, ალბათ, მთელი ცხოვრება წყევლიდა ინგლისის მეფეს. საუბარია იტალიელ მორბენალ დორანდო პეტრიზე.
გამარჯვების იმედით ლონდონის მარათონისთვის პეტრი მიზანმიმართულად ემზადებოდა. მარათონი ძალიან ცხელ დღეს, თანაც შუადღით გაიმართა.
პეტრის სირბილი ძალიან სწრაფად არ დაუწყია და კონკურენტებს თანდათანობით უსწრებდა. 32-ე კმ-ზე ის მეორე ადგილზე იყო, 39-ე კმ-ზე კი ყოფილი ლიდერი "დაეცა", იტალიელსა და ოქროს მედალს შორის კი მხოლოდ 3 კმ. რჩებოდა.
შემდეგ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დრამა გათამაშდა. საბოლოოდ დაუძლურებულმა პეტრიმ სტადიონამდე მიირბინა, სადაც მას 75 ათასი მაყურებელი მიესალმა. ფინიშამდე რამდენიმე ასეული მეტრი რჩებოდა, მაგრამ სპორტსმენმა ორიენტაცია დაკარგა და სხვა მხარეს გაემართა. როდესაც მსაჯებმა ათლეტს ეს გააგებინეს, ის მობრუნებას შეეცადა, მაგრამ წაიქცა. წამოდგომა მხოლოდ მსაჯების დახმარებით შეძლო, მაგრამ სირბილი განაგრძო.
დანარჩენი კი გლადიატორის ბრძოლას დაემსგავსა - ბოლო 200 მეტრის დისტანციაზე პეტრი 4-ჯერ დაეცა, მსაჯების დახმარებით დგებოდა, მაგრამ ფინიშის ხაზი მაინც გადაკვეთა. შოკირებულმა არტურ კონან დოილმა, რომელიც თამაშებზე რეპორტიორად მუშაობდა, დაწერა: "მსაჯების გადაწყვეტილების მიუხედავად იტალიელის უდიდესი ძალისხმევა სპორტის ისტორიიდან არასოდეს ამოიშლება".
მსაჯების გადაწყვეტილებაზე საუბრისას მწერალი იმას გულისხმობდა, რომ მარათონელზე არბიტრის დახმარება დაუშვებელი იყო. სწორედ ამას შეეხო დელეგაციის პროტესტი, ამერიკის შეერთებული შტატები მარათონის შედეგებზე გადახედვას ითხოვდა. ამერიკელებს პირადი ინტერესი ჰქონდათ - ფინიშამდე მეორე ამერიკელი სპორტსმენი ჯონ ჰეისი მივიდა.
პროტესტის გადახედვის შემდეგ, მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება - პეტრის დისკვალიფიკაცია, ოქროს მედალი კი ჰეისს გადაეცა.
პეტრის დიდმა ტრაგედიამ, რომელშიც დამნაშავე შესაძლოა, ინგლისის სამეფო ოჯახის კომფორტისთვის დამატებული მანძილი გახდა, მთელი მსოფლიო გააოგნა. დედოფალმა ალექსანდრამ იტალიელისთვის სპეციალური თასი შეუკვეთა, რომელიც მას დაჯილდოვების ცერემონიაზე გადაეცა.
მარათონის დრამიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლონდონის წმ. პავლეს საკათედრო ტაძარში ჩატარდა მსახურება, რომელიც ოლიმპიადის მონაწილეებს მიეძღვნა. ქადაგებაში ამერიკელმა ეპისკოპოსმა, ეტელბერტ ტალბოტმა, პავლე მოციქულის ეპისტოლედან კორინთელთა მიმართ ფრაგმენტის კომენტირებისას და დორანდო პეტრის ისტორიის გახსენების შემდეგ, თქვა:
"საბოლოოდ ნამდვილი ოლიმპიადა საიმედო გაკვეთილს გვაძლევს: თამაშები თავისთავად უკეთესია, ვიდრე დევნა და ჯილდო. წმ. პავლე გვეუბნება, რამდენად უმნიშვნელოა ჯილდო. ჩვენი ჯილდო არის ის, რაც უკვდავია და არა ის, რაც დროებითია. და თუმცა მხოლოდ ერთს შეუძლია დაფნის გვირგვინის მიღება, ყველას თანაბრად შეუძლია გაიზიაროს კონკურენციის სიხარული".
ეპისკოპოსის ფრაზა ყველა დამსწრე ადამიანს დაამახსოვრდა, განსაკუთრებით კი პიერ დე კუბერტენს. კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ, ოლიმპიელებისთვის მიძღვნილ სამთავრობო ბანკეტზე ის ტალბოტის ქადაქებას იხსენებს და მთავარი აზრის ფორმულირებას ასე ახდენს:
"ამ ოლიმპიადებზე გამარჯვება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მონაწილეობა".
სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ფრაზის "მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა" ტრიუმფალური მოგზაურობა.