„საქართველოში სააკაშვილი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც გასამართლდა“

„საქართველოში სააკაშვილი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც გასამართლდა“

იწყება თუ არა დაპირებული სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში და ვისი საქმეების განხილვა უნდა დაიწყოს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა, რომელიც ბუტა რობაქიძის ოჯახის გვერდით იდგა, როცა შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ.

ხელისუფლებამ პირველ ტურში მიღებული არასასურველი შედეგების შემდეგ დააანონსა, რომ ხალხის ნებას გაითვალისწინებდა. შესაძლოა, ჩავლილი და თავსმოხვეული კოაბიტაციის შემდეგ უკვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, რასაც ჰქვია სამართლიანობის დამკვიდრება ქვეყანაში?

- ბუტა რობაქიძის საქმემ აჩვენა, რომ ეს არის ერთადერთ სამართლიანი გადაწყვეტილება მოსამართლის, ასევე, პროკურატურის მხრიდან, სადაც აბსოლუტურად ზუსტი კვალიფიკაცია მიეცა სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ ამ დანაშაულს. ცხადია, კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან ბუტას ვერავინ დააბრუნებს და სიცოცხლეს ვერავინ მისცემს, მაგრამ კარგია, რომ სამართლიანობის აღდგენის განცდა გაჩნდა საზოგადოებაში. აქ არ არის მხოლოდ ერთი მომენტი, რომ ვერაგულად მოკლეს ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს, აქ იმაზეა საუბარი, რომ მაშინდელი რეჟიმი ჩაერთო არა მხოლოდ ამ ფაქტის დამალვაში, არამედ ფაქტის ცრუ მიმართულებით წარმოჩენაში. ზუსტად ეს არის სახელმწიფო დონის დანაშაული, რადგან მთელი მმართველი პოლიტიკური ძალა იყო სახელმწიფო დამნაშავე. დღეს კი მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისაჯნენ და არა შემკვეთები. იმედია, მომავალში სწორედ შემკვეთები დაისჯებიან, ვინც დაავალა დონაძეებს, მიქაძეებსა და სხვა არამზადებს დანაშაულის ჩადენა. ამდენად, ეს არ არის ამ საქმის აპოგეა, აპოგეა უნდა იყოს იმ სუბიექტების დაპატიმრება, ვინც სახელმწიფო დანაშაულის ბრძანება გასცა. სამართალიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო, ჩვენ მანამდე გვქონდა ფოტორეპორტიორების საქმის გამამართლებელი განაჩენი, ასევე, სხვა საქმეებიც, მაგრამ დღეს იყო გარდამტეხი ელემენტი, როცა საზოგადოებამ ირწმუნა, რომ სისხლიანი კამარილიის წარმომადგენლებს არ შერჩებათ ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, როგორი ხანგრძლივი ვადაც არ უნდა გავიდეს. ამიტომ დასავლეთს არავინ ეკითხება, აღვადგენთ თუ არა ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობას, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რა საშინელებებს სჩადიოდა მაშინდელი რეჟიმი. ეს უკვე არის საფუძველი იმისა, რომ პარლამენტმა მიიღოს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებული რეზოლუცია, სადაც მაშინდელ რეჟიმს სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცემა. ეს დროულია, დრომ უკვე წარმოაჩინა, რას წარმოადგენენ „ნაციონალები“, თუნდაც კახეთში განვითარებული მოვლენებიც ამას ადასტურებს.

თუკიპატრიოტთა ალიანსისმიერ მომზადებულ რეზოლუციას პარლამენტი მიიღებს, მაშინნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, უნდა აიკრძალოს?

- ცალკე საუბრის თემაა, როგორ განვითარდება მოვლენები, მთავარია, პოლიტიკური შეფასება მიეცეს მაშინდელ დანაშაულებრივ რეჟიმს. თუმცა პოლიტიკურ შეფასებამდე უნდა მიიღონ კანონი ლუსტრაციის შესახებ, სწორედ ლუსტრაციის კანონი არეგულირებს, როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიის ან დახურვა, ან შენარჩუნება. ლუსტრაცია ითვალისწინებს იმ ადამიანების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვასაც, რომლებიც რეჟიმის უშუალო მომსახურენი და ხელმძღვანელნი იყვნენ. „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს თუ აეკრძალებათ პოლიტიკური მოღვაწეობა და ისინი ჩამოსცილდებიან პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სივრცეს, დამერწმუნეთ, „ნაცმოძრაობა“ ისევე გაქრება საქართველოს უახლესი ისტორიიდან, როგორც იალბუზზე გაზაფხულზე არსებული თოვლი.

ბუტა რობაქიძის დედამ აღნიშნა, მე შვილი მომიკლეს, ამ ადამიანებს კი 5 წლით ციხეში ჩასხდომაც არ სურთ, ნაცვლად იმისა, საკუთარი ფეხით წასულიყვნენ ციხეში და ცოდვა ჩამოერეცხათ. ანუ აქ მონანიების ფაქტორი საერთოდ დაკარგულია?

- ბუნებრივია, მონანიებაზე აქ საუბარი ზედმეტია. მთავარი ის კი არ არის, რომ მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ მათ ჩაიდინეს სახელმწიფოს წინაშე დანაშაული.

ცალკეული საქმეების განხილვა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ცალკეული სააქმები გამოიძიონ, სხვა საქმები კი, გახმაურებული, თუ გაუხმაურებელი, უგულებელყონ? სხვა საქმეებზე რომ არაფერი ვთქვათ, თქვენი წამების საქმეც ხომ არ უნდა მიიჩქმალოს?

- კი ბატონო, მართალია, ჩემს საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, სტრასბურგმაც მიიღო ჩემი საქმე და ჩვენ ველოდებით განაჩენს, მაგრამ მუხროვანის საქმის შესახებ რომ არაფერი იძვრის? მუხროვანის საქმე იყო სააკაშვილის რეჟიმის მთავარი პოლიტიკური დანაშაული, რადგან ამ საქმის შეკერვით სააკაშვილი აპირებდა მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების ჩატარებას იმ დროს მოქმედ ოპოზიციურ ლიდერებზე, საზოგადოებრივ მოღვაწეებზე. მას სურდა, მასობრივი სისხლიანი რეპრესიები იმ ქართველი სამხედროების წინააღმდეგ, რომელთაც ომში გამოიჩინეს თავი. ცალკე უნდა გამოიყოს კრიალაშვილის, ამირიძისა და კობა ოთანაძის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რასაც შეეწირა საქართველოს გმირი, გია კრიალაშვილი. მის გარდა, ორი ადამიანი განწირული იყო სასიკვდილოდ. ფაქტობრივად, ისინი მოკლულები იყვნენ, უბრალოდ, ღვთის წყალობით გადარჩნენ.

გარდა ამისა, შედეგი არ დამდგარა აფრასიძეების ამოხოცვის საქმეზეც.

- რა თქმა უნდა, ეს საქმეები გამოსაძიებელია. უნდა დაისაჯონ ისინიც, ვინც ეს ბრძანება შეასრულეს. აქ მარტო ის კი არ იკვეთება, რომ გიორგი ბარამიძე იყო ბრძანების გამცემი, ბარამიძე იყო შემსრულებელიც, რადგან მოკლეს ორი უდანაშაულო ადამიანი. თუკი აფრასიძეები იყვნენ კრიმინალები, როგორც ამას „ნაციონალები“ ირწმუნებოდნენ, ამაზე თავისუფლად შეეძლოთ ჩაეტარებინათ სრულიად სხვაგვარი ოპერაცია და არ მიეყენებინათ დარტყმა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. აი, საიდან წამოვიდა ქართული სოფლების დაბომბვის ტენდენცია. სააკაშვილისა და ბარამიძისნაირმა არამზადებმა გასცეს ბრძანება, ქართულ სოფელზე სამხედრო ძალა გამოეყენებინათ. მათ დაბომბეს ქართული სოფელი და ასეთი გაუგონარი დაბომბვა რუსეთის საიმპერიო არმიას არ ჩაუდენია სოფელ ჩხალთაში. მოგეხსენებათ, სოფელი ჩხალთა რუსებმა მიწასთან გაასწორეს არტილერიით და დახოცეს მოსახლეობა. დაახლოებით ისეთივე რამ მოხდა 21-ე საუკუნეში, როცა შეირაღებული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს.

ალბათ, არასწორი იურიდიული კაზუსია, რომ ნებისმიერ საქმეზე, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ხანდაზმულობის ვადას იშველიებენ. როდესაც დანაშაულზეა საუბარი, ხანდაზმულობა გაუგებარია და, ეს ეწინააღმდეგება ცნობილ გამოთქმასაც, რომ სამართალი ურმით დადის.

- როგორ შეიძლება, ისტორიული დანაშაული და სისხლის სამართლის დანაშაული ერთ დონეზე დავაყენოთ?! კანონი კანონობს, მაგრამ ზოგჯერ კანონი ისეთი უმეცრებითააა აღსავსე, რომ იმ კანონის აღსრულება უკვე დანაშაულია. სამართლის გარდა, არსებობს პოლიტიკა, არსებობს სოციალური სფერო, არსებობს მორალი. სააკაშვილმა რომ მიიღო აპართეიდული კანონები და ავტორიტეტული რეჟიმი, მაშინ ისიც სამართალი იყო? მაშინ იმ სამართლით ვიცხოვროთ? სამართალი არ არის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მომენტი, რადგან სამართლის გარდა, არსებობს ისტორია, პოლიტიკა, სინდისი, მორალი, რასაც თანაბარი უფლებები გააჩნია. ამიტომ ერთმა სამართლებრივმა კაზუსმა არ უნდა გადაფაროს დანარჩენი ელემენტები. რაც სააკაშვილმა იკადრა, ეს იყო გარეწრობის უმაღლესი მწვერვალი, მას პრეზიდენტობას ჩამოვართმევდი და ავკრძალავდი პრეზიდენტად მის მოხსენიებას. საქართველოში სააკაშვილი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც გასამართლდა. არც ერთი ჩვენი სხვა პრეზიდენტი არ გასამართლებულა.