"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებზეც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული:
მიხეილ სააკაშვილს (საქართველოს ექსპრეზიდენტი) საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პროკურატურამ რამდენიმე ბრალი წაუყენა. მათ შორის იყო სახელმწიფოს კუთვნილი 8.837.461 ლარის გაფლანგვა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა და ყოფილი პარლამენტარის ვალერი გელაშვილის ცემა. ექსპრეზიდენტს ასევე ბრალად ედება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ექსპრეზიდენტის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ჰოლანდიაა.
ზურაბ ადეიშვილს (იუსტიციის ყოფილი მინისტრი) კობა დავითაშვილის ცემის, ასევე ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე, აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "იმედში" შეჭრის საქმეზე აქვს წაყენებული ბრალი. მას უნგრეთმა მისცა თავშესაფარი.
დავით კეზერაშვილს (თავდაცვის ყოფილი მინისტრი) გამოძიება თავდაცვის სამინისტროში შესყიდვებიდან დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება და მას ბრალი ჰქონდა წაყენებული ასევე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "იმედის" წილების უკანონოდ გადაფორმება-განკარგვის საქმეზე. პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსანს თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების გამოძალვასაც ედავება. კეზერაშვილი დაკავებული იყო საფრანგეთში, თუმცა ფრანგულმა სასამართლომ მის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვა, საბოლოოდ გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ერეკლე კოდუას (შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი) ბრალი წარუდგინეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თაღლითობაზე (ორი ეპიზოდი), ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს "იმედში" შეჭრისა და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე. მთავარმა პროკურატურამ მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
დათა ახალაიას (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) საქართველოს სსკ-ს ორი მუხლით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. გასულ წელს დათა ახალაია საბერძნეთში დააკავეს, თუმცა მისი საქართველოში ექსტრადირება არ მომხდარა. საბერძნეთის სასამართლომ ის პატიმრობისგან გაათავისუფლა.
მეგის ქარდავას (საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი) საქართველოს პროკურატურამ 11 ბრალი წაუყენა, რომელთაგან უმეტესობა წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და წამების ორგანიზებას ეხება. ქარდავა უკრაინაშია და თავშესაფრის მინიჭების საკითხის გადაწყვეტამდე მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს.
გიორგი უდესიანს (კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე) მთავარმა პროკურატურამ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად ბრალი წაუყენა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ციხეში წამების ორგანიზებასა და მისთვის ქონების იძულებით დათმობაში. გია უდესიანი ამჟამად უკრაინაშია.
იოსებ თოფურიძეს (კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე) ბრალად ედება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, წამება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ყოფილ მაღალჩინოსანს ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს. კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე თავს სტამბოლს აფარებს.
ქართულ მართლმსაჯულებასთან პრობლემები აქვთ უკრაინაში მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ორ ყოფილ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს და გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს გიგი კალანდაძეს. ლორთქიფანიძეს საქართველოს პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმეზე წაუყენა ბრალი, ხოლო გიგი კალანდაძის წინააღმდეგ სასამართლო განხილვები ელბერ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე მიმდინარეობს.