სესხების განულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გასანულებელი ვალების სიაში მკვდარი სულები ხვდებიან. შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ განულების პროგრამა კრიტიკული ხარვეზებით მუშაობს. უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა პროექტის ოფიციალურ ჩამონათვალში მოქალაქეები გარდაცვლილ ადამიანებს პოულობენ. ირკვევა ისიც, რომ რამდენიმე ასეული ლარის განვადება ათასობით ლარის დავალიანებად ხელოვნურად იქცა. ვითარებაში გასარკვევად ცოტა დრო რჩება. ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და საახალწლოდ, 31 დეკემბერს დასრულდება.
გარდაცვლილები ვალების განულების პროგრამაში - ეკონომიკის მინისტრი ხარვეზებს აღიარებს. გიორგი ქობულია ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის.
„ვალების განულების პროგრამა მიმდინარეობს ისე, როგორც იყო დაგეგმილი და მე მგონია, რომ ყველა კმაყოფილი უნდა დარჩეს. თუ მცირე ხარვეზებია სადღაც, არა მგონია ამას რამე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც წვრილმანი დარღვევები ყოფილიყო იქ, მაგრამ ეს ალბათ ტექნიკური საკითხი არის და ალბათ, ფინანსთა სამინისტრო მართავს ამ საკითხს“, - ამბობს ქობულია.
ფინანსთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში შესაძლებელია იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ, რადგან მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას სასესხო ურთიერთობებში. შესაძლოა, მხარეები ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არიან შეთანხმებული.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომელიც მას სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა. ამასთან, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში“, - განუცხადეს „კომერსანტს“ ფინანსთა სამინისტროში.
ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, რომ ფონდს სიებს შესაბამისი საკრედიტო დაწესებულებები აწვდიან და შესაბამისად, ფონდს მათი ამ კუთხით გადამოწმება ფიზიკურად არ შეუძლია.
„თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოვალის გარდაცვალების შემდეგ დავალიანება გადადის მემკვიდრეობით, ამიტომ ასეთ პირებზე ვალის განულებას არანაკლები მნიშვნელობა აქვს“, - განმარტვავს ჩხეტიანი.
საკითხს ეხმიანებიან ეროვნულ ბანკშიც, სადაც აღნიშნავენ, რომ ეს საკითხი არ არის მათი რეგულირების სფერო და სიები კი ფონდ „ქართუს“ კრედიტორებმა მიაწოდეს.
„მოგახსენებთ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ვალდებულებების სამართლებრივ შედეგს. ამასთან, სადაზღვევო შემთხვევები, გარდა სპეციალური კანონმდებლობისა, ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსით რეგულირებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგახსენებთ, მოცემული სფერო არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის რეგულირებას და თუ მხარეს მიაჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა, უნდა მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.
რაც შეეხება სიების გადაცემის თემას, გარიგება შედგა ფონდ „ქართუსა“ და კრედიტორებს შორის და მსესხებლების სიაც ფონდს უშუალოდ კრედიტორებმა მიაწოდეს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.