პირველი აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტსა და

პირველი აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტსა და "ოცნების" ნაწილს შორის

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის უკვე პირველი აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა - ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი დადებითად არ აფასებს.

შეგახსენებთ, გაბუნიას ამ თანამდებობაზე დანიშვნა, მისი წარსულის საადვოკატო საქმიანობის ერთი ეპიზოდის გამო, არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს. საქმე ეხება სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ზვიად დევდარიანს, რომლის ინტერესებსაც სწორედ დიმიტრი გაბუნია იცავდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილიც სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით სთხოვს გაბუნიას განმარტებას. მაგალითად, "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დიმიტრი გაბუნიამ, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, უფრო ნათელი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

"პატივს ვცემ ადვოკატის პროფესიას, მის ფუნქციასა და როლს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა კეთილსინდისიერ საქმიანობას, მაგრამ ბატონ დიმიტრი გაბუნიასთან დაკავშირებით ვისურვებდი, ნათლად და მკვეთრად დააფიქსიროს თავისი პოზიცია სექსუალურ შევიწროებაზე და ყველა სახის შევიწროება დაგმოს", - აღნიშნავს ნინო წილოსანი "რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თანაპარტიელი დიმიტრი ცქიტიშვილი კი საპარლამენტო უმრავლესობის პირველი წარმომადგენელი იყო, ვინც ამ დანიშვნასთან დაკავშირებით თავისი კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. იგი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებით "დიდად აღფრთოვანებული არ არის" და დიმიტრი გაბუნიას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად თავად არ დანიშნავდა. ამის შესახებ ცქიტიშვილმა 19 დეკემბერს მთავრობის მიერ სექსუალური შევიწროების კანონპროექტის შესახებ მოწყობილ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

"დიდად არ ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ ეს პრეზიდენტის კომპეტენცია იყო. ეს იყო მისი გადასაწყვეტი", - განაცხადა დეპუტატმა.

ცქიტიშვილის განცხადებას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აფასებს და აღნიშნავს, რომ ცქიტიშვილის აზრი მთლიანად "ქართული ოცნების" შეხედულებას არ წარმოადგენს.

"ცქიტიშვილი ცდილობს, რომ ერთ მხარესაც გაუგოროს კოჭი და მეორესაც. ეს მისი პოზიციაა, მაგრამ ცქიტიშვილის აზრი ხომ არ არის მთელი უმრავლესობის აზრი? იგი არის ერთ-ერთი რიგითი წევრი", - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ცქიტიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის კომპეტენციაა".

უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის უფლებას წარმოადგენს და უმრავლესობის წევრები ვალდებულნი არიან, მას დაეთანხმონ.

"ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და მას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში ჩვენ მას უნდა დავეთანხმოთ. ზურაბიშვილს თუკი ასეთი აზრი გააჩნია, ის არის დამოუკიდებელი, არჩეული პრეზიდენტი და ახლა რევიზიებს არ საჭიროებს", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

უმრავლესობის დეპუტატ შოთა ხაბარელისათვის დიმიტრი გაბუნიას კანიდიდატურა სრულიად მისაღებია.

"ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, ალბათ, რაღაცაზე დაყრდნობითაა გაკეთებული. არ ვიცი, ალბათ, ცქიტიშვილსაც აქვს რაღაც პოზიცია ამ საკითხთან დაკაშვირებით. მე, როგორც პარლამენტის ერთ-ერთ წევრს, არანაირი პრეტენზია არ მაქვს გაბუნიასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს შოთა ხაბარელი.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწევს, გაითვალისწინოს როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შეხედულება, ასევე მმართველი პარტიისაც, რადგან ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში "ქართულმა ოცნებამ" გარკვეული წვლილი შეიტანა.

"გაბუნიას კანდიდატურის მიმართ არა მარტო უმრავლესობის მხრიდან გაისმა ასეთი მოსაზრებები, არამედ საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. არ არის გასაკვირი, რომ ვინმემ უმრავლესობიდან მისაღებად ჩათვალა, ეს შთაბეჭდილება გაეზიარებინა, მაგრამ ამას არ მგონია, დიდი ამბები მოჰყვეს.

"ფაქტია, რომ ზურაბიშვილს მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წარდგენილია, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, გარკვეულწილად, "ქართული ოცნების" აზრი გაითვალისწინოს, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის. ზურაბიშვილმა იცის, რომ მათი როლი მის არჩევაში საკმაოდ დიდია", - აცხადებს კაკაჩია.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ განსხვავებული მოსაზრებები უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე წინააღმდეგობა ან ერთგვარი შეჯახება მოხდება ამ ორ მხარეს შორის.

"ის, რომ აზრთა სხვადასხვაობა იქნება, ბუნებრივია. ჩვენ მოწმენი გავხდებით იმისა, რომ "ოცნება", როგორც ფრაქცია და მისი ცალკეული ნიშნის წევრები გამოხატავენ განსხვავებულ აზრს სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით და მათ შორის - საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც.

"თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც კონფრონტაცია არსებობს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის. უბრალოდ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ "ოცნების" ფრაქციაში არის უამრავი დაჯგუფება, რომელთაც განსხვავებული ინტერესი აქვთ და რაც უფრო დრო გავა და მივუახლოვდებით საპარლამენტო არჩევნებს, მით უფრო გამოიკვეთება ამ ცალკეული შიდა ფრაქციების ინტერესები", - აცხადებს გორგილაძე.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, დიმიტრი გაბუნიას კანიდიდატურასთან დაკავშირებით რამდენად უღირს მმართველ პარტიასთან დაპირისპირება.

"თუ არგუმენტები არის სერიოზული, თვითონ გადაწყვეტს, უღირს თუ არა ასეთი კანდიდატურის დაჟინებით დანიშვნა და ალბათ, იმის შემდეგ გადაწყვეტს, რაც მოისმენს უმრავლესობის მხრიდან არგუმენტებს. გადაწყვეტს, უღირს თუ არა ამის გამო უმრავლესობასთან დაპირისპირება", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე კი გამორიცხავს უახლოეს მომავალში მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის რაიმე დაპირისპირებას.

"უახლოეს მომავალში ამას გამოვრციხავ, 3-6 თვეში გამოვრიცხავ ინტერესების რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას, მაგრამ საერთო ურთიერთობას პრეზიდენტსა და "ოცნებას" შორის განსაზღვრავს საერთო პოლიტიკური კონტექსტი", - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.