„ნაცმოძრაობამ“ თბილისში პარლამენტის წინ გაშლილი კარვები მოულოდნელად თავადვე აიღო. თუმცა, ოპოზიციას მანამდე რუსთაველის გამზირზე პერმანენტული აქციები ჰქონდა დაანონსებული.
რაზე შეიძლება მიანიშნებდეს „ნაცმოძრაობის“ გეგმების ცვლილება? პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „90-იანი წლების სტილით პოლიტიკის კეთება“ უკვე მიუღებელია და ოპოზიციაც ალბათ ხვდება, რომ ასეთ შემთხვევაში მხარდამჭერებს დაკარგავს.
„ნაცმოძრაობამ“ მასშტაბური აქციების ჩატარება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ დაანონსა. ისინი ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარს აპროტესტებენ, სადაც მათ გზა ჩაკეტილი დახვდათ და თელავში ჩასვლა და დაანონსებული აქციის გამართვა ვერ მოახერხეს.
სწორედ ინაუგურაციის დღეს, 16 დეკემბერს, აქციის ფარგლებში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში, რუსთაველის გამზირდე, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე კარავი გაშალა, თუმცა მათ 18 დეკემბერს, კარვები აშალეს.
რამაზ საყვარელიძე: ვისურვებდი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაენახა, რომ ამ სტილით, შეიძლება ითქვას 90-იანების სტილით, პოლიტიკის კეთება უკვე აღარ შეიძლება. სხვა თუ არაფერი, მოსახლეობისთვის არის მიუღებელი, რაც ეტყობა კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერთა რიგების შეთხელებას და თუკი ამ პოზიციას ნელ-ნელა მაინც მიუახლოვდებიან, მაშინ კარვებიც უნდა აიღონ და აყალმაყალიც უნდა შეწყვიტონ.
„რეზონანსი.“: ანუ, თქვენი აზრით, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას პერსპექტივა არ აქვს?
რ.ს.: საბჭოთა პერიოდი რომ მთავრდებოდა და საბჭოთა სახელმწიფო ჩვენი სახემწიფო არ იყო, პროტესტის ნიშნად და დესტრუქციისთვის ყველა საშუალებაზე მიდიოდნენ ადამიანები, მათ შორის, ქუჩებში საპროტესტო აქციებზე, დესტაბილიზაციის მოწყობაზე და ა. შ. მაგრამ ახლა ასეთი ნაბიჯებით „ნაცმოძრაობა“ საკუთარ სახელმწიფოს ავნებს და სახელმწიფოს რყევა დღეს არავის არ მოსწონს და არავის ეპიტნავება.
მემგონი კარგი იქნება, თუ ნელ-ნელა სხვა ტიპის ოპონენტაციაზე და დაპირისპირებაზე გადავლენ, როგორც თანამედროვე პოლიტიკურ ურთიერთობებს შეესაბამება.
„რეზონანსი”: აქვს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ გაზაფხულიდან აქციების ჩატარების პოტენციალი?
რ.ს.: გაზაფხულიდან შეიძლება რესურსი მიემატოს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ აქამდე ჩატარებული მათი აქციები ხალხის დიდი რაოდენობით არ გამოირჩეოდა. მემგონი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხი აკლდება.