ვინც ძალაუფლებისაკენ არ მიისწრაფვის და ვისაც ოდნავ მაინც აღელვებს ამ ქვეყნის ბედი, ყველა შიშით შეჰყურებს 2019 წელს.
ამ ახალ წლებს გადავაგორებთ და მერე კი კარგი არაფერი გველოდება წინ.
დაიწყება გაუთავებელი მიტინგები, მსვლელობები, აქციები, კარვები, მივარდნები, შევარდნები, გამოვარდნები, გამძვინვარდებიან სალაყბოები, ცეცხლზე ბენზინს დაასხამენ, იქნება ლანძღვა-გინება, გაწევ-გამოწევა, ლანძღვა-გინება, ბღლარძუნი, ჩხუბი.
წლეულს ხომ იყო ეს ყველაფერი, გაისად იქნება რაც იქნება!
გაისად ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კანონის შეცვლას, საკონსტიტუციო ცვლილებასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს იზამენ, ქვეყანას დააქცევენ, ოღონდ თავისას მიაღწიონ. თან იფიცებიან, მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში ვიმოქმედებთო.
პარადოქსია, კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვენ და არც დარღვევაზე დაიხევენ უკან, ოღონდ, კონსტიტუციის ფარგლებში!
რვაასი ათასი ვართო, იმუქრებიან, ხვალ უფრო მეტი ვიქნებითო, სჯობს დაგვყვეთ, თორემ გვიან იქნებაო.
სწორედ ამის მსგავსი მოვლენებისა ეშინოდათ დამფუძნებელ მამებს, როცა დემოკრატიულ სახელმწიფოს აფუძნებდნენ ამერიკაში.
დემოკრატიის სწორედ ამგვარ ნაკლოვანებებზე მსჯელობენ ჯონ ადამსი და ტომას ჯეფერსონი პირად მიმოწერაში და მათგან თავის დაღწევის გზებს ეძებენ.
სწორედ ამიტომ ცხარობდა ფიშერ ეიმსი, - რესპუბლიკური სახელმწიფო და დემოკრატიული სახელმწიფო ერთი და იგივე არააო; ფრთხილად, თორემ დემოკრატიისაკენ მივექნებითო; დემოკრატია სამოქალაქო სიქველეს ვერ აღზრდის და როცა დაინახავს, რომ ზნეობა ხელს უშლის თავაწყვეტილ სრბოლაში ძალაუფლების მოპოვებისა და ტკბობისა, თავიდან მოიშორებსო; მოკლედ, არ არსებობს ზნეობა სამართლიანობის გარეშეო, ამბობდა ეიმსი, და შესაძლოა, სამართლიანობა დემოკრატიის შემწე გამოდგეს, მაგრამ დემოკრატია არასოდეს შეეწევა სამართლიანობასო.
სწორედ ამიტომ მიიღეს მტკიცე და უცვლელი, თავისი წინაპრების, ბრიტანელების, უძველესი კონსტიტუციის თარგზე გამოჭრილი კონსტიტუცია, რომელიც არ იცვლება, რადგან თუ შეიცვლება ამერიკის სახელმწიფოს საფუძვლები შეირყევა.
სწორედ ამიტომ დაამატეს მოგვიანებით დემოკრატიას ლიბერალიზმი, რომ როცა დემოკრატია სახელმწიფოსა და კანონიერებას საფრთხეს შეუქმნის, ლიბერალიზმით დაოოკონ.
სწორედ ამიტომ განასხვავებენ მაჟრიტარულსა და კონსტიტუციურ დემოკრატიებს ერთმანეთისაგან, რომ ერთში პოპულარი ხმები და მასებია მთავარი და მეორეში კი სახელმწიფოს კონსტიტუცია.
კონსტიტუციის ხშირი შეცვლა სახელმწიფოს საფუძვლების რყევას იწვევს, ეს აქსიომაა!
ჩვენო, იტყვიან კონსტიტუციური ცვლილებების მოსურნენი, თავიდანვე ვამბობდითო, კონსტიტუციისათვის ხმა არ მიგვიციაო, არ ვარგაო, უნდა შეიცვალოსო, ახალი საარჩევნო კანონი, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია გვინდაო, მოკლედ, ეგ ჩვენი კონსტიტუცია არ არისო!!!
აი, ძაღლის თავიც ამოითხარა! ქურდს რომ ყური უგდო დღეში ათჯერ გატყდებაო!
კი, მაგრამ თვითონ არ ამბობდნენ, კონსტიტუციის ფარგლებში ვიმოქმედებთო?! ესე იგი, აღიარებენ კონსტიტუციას, რაკი მისი მოთხოვნების შესრულებას აპირებენ. და თუ აღიარებენ მაშინ მისი ყველა მუხლი უნდა დაიცვან და ისე უნდა მიაღწიონ ცვლილებას, როგორც ეს თვით კონსტიტუციაში წერია.
არა, ასე არ სურთ, დემოკრატიული გზით სურთ, ხალხი უნდა გამოიყვანონ, ქუჩები გადაკეტონ, აურზაური მოაწყონ და დაე ხალხმა გადაწყვიტოსო, ხალხია წყარო კანონისა და სამართლისაო.
ჰო, მაგრამ როცა კანონი და სამართალი დადგენილია და მიღებული, ის ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ, მთავრობაზეც, პარლამენტზეც, ოპოზიციაზეც, და თვით ხალხზეც. ასე იქცევიან თავისი ქვეყნის მოყვარული პოლიტიკოსები.
როცა ხალხი კანონზე მაღლა დადგება, რევოლუცია დაიწყება.
და ეს სწორედ იმ რევოლუციონერებს სურთ, პირველ „დემოკრატიულ რევოლუციას“ ანუ პუტჩს რომ დაუჭირეს მხარი და მეორე, „ვარდების რევოლუცია“, ანუ სასახლის გადატრიალება თვითონ მოამზადეს და განახორციელეს.
ძალაუნებურად იკითხავ, ახლაც იგივეს ხომ არ აპირებენო, მაგრამ არაო - ამბობენ, კონსტიტუციის ფარგლებშიო და სწორედ ამის დაჯერებაა ძნელი.
თუკი არ სცნობ ხელისუფლებას, არ სცნობ არჩეულ პრეზიდენტს, კრიმინალებსა და მკვლელებს უწოდებ პარლამენტის წევრებსა და მინისტრებს, ხალხსა და სახელისუფლებო ორგანოებს დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებ, ამბობ, თუ კიდევ უნდათ რევოლუცია, მიიღებენო, მაშასადამე გასული ხარ კონსტიტუციის ფარგლებიდან და რევოლუციონერი ხარ, ისეთი როგორიც ლენინი იყო, იარაღი უნდა აისხა და ომი დაიწყო.
ნუ გგონიათ რომ ვაჭარბებ, ასეთი რამ უკვე მოხდა ჩვენს ქვეყანაში და კვლავაც შესაძლებელია მოხდეს.
ამას პოლიტიკური პარტიებისათვის არ ვწერ, იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ყურს მათხოვებენ. მკითხველისათვის ვწერ, ეგებ დამიჯეროთ, გაიზიაროთ ჩემი აზრი, გავავრცელოთ და ყველას მივაწვდინოთ; მოდით უარი ვუთხრათ არჩევნებს, 2019 წელს!
გამოვაცხადოთ 2019 უარჩევნებო წელიწადად საქართველოში!
ამას არც მთავრობა სჭირდება, არც პარლამენტი, არც პარტიები, არც რეფერენდუმი და არც კონსტიუციური ცვლილება. ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, ამომრჩევლებმა გადავწყვიტოთ, რომ 2019 წელს საქართველოში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს!
რას მივაღწევთ ამით?
პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს და ცოტას ამოვისუნთქებთ.
რუსეთს ეწყინება, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ და ვშრომობთ.
მეგობრებს გაუხარდებათ, იფიქრებენ, ეგება ამათაც ეშველოთ რამეო.
საბიუჯეტო თანხები დაიზოგება და სოციალური საჭიროებისაკენ მიემართება.
თბილისის ქუჩებში მიტინგები და მსვლელობები აღარ იქნება.
ფიზიკურად დავისვენებთ.
ფსიქოზისაგან განვიკურნებით.
თოქ-შოუები დამშვიდდებიან და ჩვენც დაგვამშვიდებენ.
ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, დროებით, ერთმანეთს შეურიგდებიან.
ახალგაზრდები დაინახავენ, რომ უფროსები არ ჩხუბობენ და თვითონაც არ იჩხუბებენ.
აღარ იქნება ლანძღვა-გინება და ბღლარძუნი პარლამენტში . . . ღმერთო რას მოვესწარით! ადრე კაცები ეძიძგილავებოდნენ ერთმანეთს, ეხლა დედაკაცი და მამაკაცი იწევენ ერთმანეთის საცემრად.
დაპირისპირებანი დროებით შენელდება.
განხეთქილება აღარ გაიზრდება ქვეყანაში.
ოპოზიციური პარტიები ხალხის ქუჩაში გამოყვანას კი არ შეეცდებიან, მომხრეების შეგროვებასა და გადაბირებას შეუდგებიან. მიხვდებიან, რომ თუ გონივრულად იმოქმედებენ 2020-ში მეტი ამომრჩეველი ეყოლებათ.
ხელისუფლებას დრო ექნება, დაფიქრდეს, 2020 წლის არჩევნების წაგების შიშით, დანაპირები აღასრულოს და მოსახლეობისათვის შრომის, ცხოვრების გაუჯობესების პირობები შექმნას და ეგებ ამომრჩეველიც დაიბრუნოს.
ყოველივე ამისათვის ნუთუ არ ღირს, რომ პირი შევკრათ და არჩევნებს უარი ვუთხრათ, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე?!
ჰო, ვიცი რომ ჩემი წინადადება ხუმრობას ჰგავს, მაგრამ ისეთი ხუმრობა შევარცხვინე რომ . . .