მოდელირებული მხარდაჭერა, ანუ ვინ უფრო უსინდისოა

მოდელირებული მხარდაჭერა, ანუ ვინ უფრო უსინდისოა

აღსრულდა! ვარშავაში ჩატარებულმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დადგენილება საქართველოს შესახებ.
 
დადგენილებაში მოიხსენიება ოკუპირებული ტერიტორიებიც და ქართველთა ეთნოწმენდაც. დარჩება ამის შემდეგ ვინმე, ვისაც ეჭვი შეეპარება იმაში, რომ ნატო ცალსახად გვიჭერს მხარს რუსეთთან დაპირისპირებაში?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „კურიერის“ ეკრანიდან ამაყად გვამცნო ამ გამარჯვების შესახებ. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თaნახმად: “როგორც ბაქრაძემ ვარშავიდან “კურიერის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, დღევანდელი რეზოლუციით გამოხატულია მთელი დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების, ნატოს წევრი 28 ქვეყნის აზრი, რომ არანაირი დამოუკიდებელი აფხაზეთი და ოსეთი არ არსებობს, რომ აღნიშნული ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ნაწილია; რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები”.

რასაკვირველია საქართველოში ყველას მოეხსენება ბატონი ბაქრაძის მხედართმთავრული ნიჭის შესახებ. გავიხსენოთ მისი ისტორიული გამოთქმები ოკუპანტებთან ჩანგლებით და ფიწლებით ბრძოლის შესახებ.
 
გასაკვირი არ არის რომ ასეთ ადამიანს პრეტენზია ჰქონდეს ჩვენი შეიარაღებული ძალების მთვარსარდლობაზეც და, შეთავსებით, საქართველოს პრეზიდენტობაზეც (ახალი კონსტიტუციური წყობის პრეზიდენტს ვგულისხმობ). 
მაგრამ საქართელოს პარლამენტის თვმჯდომარემ, მინიმუმ, უნდა იცოდდეს, რა ფორუმს ესწრებოდა ვარშავაში და ვინ დაუჭირა მხარი საქართველოსთვის ხელსაყრელ რეზოლუციას.

პარლამეტის თავმჯდომარემ გვამცნო, რომ “რეზოლუცია გამოხატავს ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს აზრს”.

ამ თემაზე „იმედის“ ჩვეულებრივი (არამოდელირებულ) „ქრონიკის“ ეკრანზე გამუდმებით იყო წარწერა: “ნატო მხარს უჭერს საქართველოს“ და ყველაფერი წარმოდგენილი იყო, როგორც ნატოს 28 სახელმწიფოს საფიხვნოს მიერ საქართველოს მხარდაჭერა. მხოლოდ ერთი რამ იყო საკითხავი – რატომ აჩვენებდნენ ნატოს წევრ ამ სახელმწიფოთ შორის სომხეთის დელეგაციას. რაღაც არ მსმენია, რომ ჩვენი სამხრეთელი მეზობელი ნატოს წევრი გამხდარიყოს ან ამის რაიმე სურვილი გამოეთქვას.

ამას გარდა, გაუგებარი იყო დიქტორის შენიშვნა – რეზოლუციაზე კენჭისყრის მომენტში რუსეთის დელეგატები დარბაზში არ იმყოფებოდნენო.

თუ ეს ნატოს ღონისძიება იყო, რა უნდოდათ იქ რუსეთის დელეგატებს? იქნებ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც გაწევრიანდა ნატოში? ბოლოსდაბოლოს, გვითხარით, რა ხდება. რუსეთს ნატოს საპარლამენტო ასამბლეში რა უნდა?
 
ცხადია, სხვადასხვა „რუსთავ–იმედების“ დიქტორების ღრიალის ფონზე მაყურებელი უბრალოდ ვერ მოასწრებს ამ კითხვის დასმას, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ ხომ მაინც უნდა იცოდეს, რა არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეა? არ იცის? თუ იცის და – გვატყუებს?

თუმცა, არა – საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარე ტყუილს როგორ იკადრებს! ეტყობა არ იცის, ამიტომ მის და საქმეში ჩაუხედავი მკითხველის გასაგონრად ვიტყვი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნატოს ოფიციალური სტრუქტურა.
 
როგორო? – შესძახებს გულუბრყვილო მკითხველი – აბა ნატოსი რომ ჰქვია, ნატოს სტრუქტურა როგორ არ არისო?

ეგრეა, ბატონებო, და რა ვქნა! თბილისშიცა არის „ნატოს საინფორმაციო ცენტრი“ . გგონიათ ეს ნატოს ოფიციალური სტრუქტურაა და მისი ხელმძღვანელი ყოველდღე რასმუსენისგან იღებს დირექტივებს?

ნატოს ოფიციალური სტრუქტურა საქართველოში არის ნატოს წარმომადგენლობა. ასე რომ, ყოველივე, რის სახელწოდებაშიც სახელი “ნატო” ურევია, სულ არ ნიშნავს, რომ ის მაინცადამაინც ნატოს სტრუქტურაა.
 
სკეპტიკოსებს შეუძლიათ შევიდნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საიტზე (http://www.nato-pa.int/default.asp?SHORTCUT=5) და ნახონ რას ამბობს პირველივე წინადადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შესახებ.

ეს წინადადება ამბობს: Although there is no formal relationship between the NATO-PA and NATO... ანუ ნატოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არ არსებობს ფორმალური ურთიერთობაო...

ეს ნიშნავს: მათ შორის არ არსებობს არავითარი ფორმალურ–იურიდიული ურთიერთობა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნატოს სტრუქტურა (ისეთი, მაგალითად, როგორიცაა გენერალური სამდივნო, სხვადასხვა სარდლობები, ბირთვული დაგეგმვის კომიტეტი და ა.შ). შესაბამისად, მისი დადგენილება არამც და არამც არ წარმოადგენს ნატოს გადაწყვეტილებას.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხოლოდ რეკომენდაციებს იძლევა, განსხვავებით ნატოს ოფიციალური სტრუქტურებისაგან, რომლის გადაწყვეტილებების აღსრულებაც სავალდებულოა ნატოს წევრ ყველა სახელმწიფოსათვის (სხვა საკითხია, რომ ეს გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება და ისლანდიას ან ლუქსემბურგს ყოველთვის შეუძლიათ დაადონ ვეტო; მაშინ ნატოს არავითარი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული).

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ერთგვარი ტრიბუნაა რომელიც იღებს რეზოლუციებს, რომელთაც, ვიმეორებთ, ნატოს წევრი სახელმწიფოებისათვის სავალდებულო ძალა არ გააჩიათ.

მეტიც – ხმების მიცემა არ ხდება სახელმწიფოების მიხედვით. სამართლებრივად ვერაფრით ვერ იტყვი, რომ ნატოს საპასრლამენტო ასამბლეაში, ვთქვათ, საფრანგეთმა ხმა მისცა რომელიმე გადაწყვეტილებას და ბელგიამ – არა.
 
რატომ? იმიტომ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეია იმეორებს ეროვნული პარლამენტების სტრუქტურას.

ვთქვათ, თუ ბრიტანეთის პარლამენტში ორი მესამედი ლეიბორისტია და ერთი მესამედი კონსერვატორი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაშიც ბრიტანეთის კვოტის ორი მესამედი ლეიბორისტებს ექნებათ და ერთი მესამედი – კონსერვატორებს.

კენჭისყრისას კი ბრიტანელი ლეიბორისტი უფრო იმ გადაწყვეტილებას აძლევს ხმას, რომელსაც გერმანელი სოციალ–დემოკრატი ან ფრანგი სოციალისტი და არა იმას, რომელსაც ბრიტანელი კონსერვატორი უჭერს მხარს.

შესაბამისად, კენჭისყრა ქვეყნების მიხედვით არ ხდება და საქართველოს სასარგებლოდ მხარდამჭერ რეზოლუციაზე ლაპარაკისას არა იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რამდენმა ქვეყანამ დაგვიჭირა მხარი, არამედ იმაზე რამდენმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას.
 
უბრალო მოკვდავს ამის არცოდნა ეპატიება, პარლამენტის თავმჯდომარეს – არა.

სხვათა შორის, რამდენი დეპუტატი ესწრება ნატოს საპარლამენტო ასამბლეას? ვუპასუხებთ – 350–მდე. აქედან 257 დელეგატი ნატოს წევრ ქვეყნების პარლამენტებს წარმოადგენს.

მკითხველს გაუკვირდება – ვის წარმოადგენს დანარჩენი ასამდე დეპუტატი?

ვის წარმოადგენს და – ნატოს პარტნიორ ქვეყნებს, ქვეყნებს რომლებიც მონაწილეობენ ნატოს ორ დიდ პროგრამებში “პარტნიორობა მშვიდობისთვის“ და „მედიტერიანული დიალოგი“, აგრეთვე – ევროპარლამენტს.

„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში ჩართულნი არიან ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა და საქართველო. ამიტომაც იყო, რომ რეზოლუციის მიღების მომენტში დარბაზში ისხდნენ სომხეთის წარმომადგენლები, მაგრამ არ ისხდნენ რუსები (ჩანს, კენჭისყრის მომენტში დატოვეს სხდომა).

ამას გარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოადგენილნი არიან დეპუტატები ქვეყნებიდან რომლებიც შედიან „ხმელთშოაზღვისპირული დიალოგის“ პროგრამაში, სახელდობრ: ალჟირი, მაროკო, მავრიტანია, იორდანია (ბოლო ორს რა კავშირი აქვს ხმელთშუა ზღვასთან დღემდე ვერ გავიგე), პალესტინის ავტონომია და ასე შემდეგ.

ასე რომ, ჩვენს პარლამენტის თავმჯდომარეს შეძლო სიამაყით ეთქვა საქართველოს მხარი დაუჭირა ნატოს 28 ქვეყნის დეპუტატმა, ალჟირ–მაროკოს, იორდანიისა და მავრიტანიის ჩათვლითო, მაგრამ ეს რომ ეთქვა, რაღაც უხერხულობა ჩამოვარდებოდა. ქართველის ცნობიერებაში იმწამსვე გაჩნდებოდა კითხვა: “რა ესაქმება მავრიტანიას ნატოსთან?” და მთელი პიარ–კონსტრუქცია ხუხულასავით დაიშლებოდა.
 
მკითხველი მაშინვე მიხვდებოდა, რომ მართალია ჩვენ მხარდამჭერ ინსტიტუტს „ნატოს საპარლამენტო ასამბლეა“ ჰქვია, მაგრამ ის არ არის ნატოს ოფიციალური სტრუქტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადია, მავრიტანიას იქ არაფერი ესაქმება.

ახლა, იმის შესახებ რატომ ჰქვია ამ საერთაშორისო ტრიბუნას “ნატოს საპარლამენტო ასამბლეა“.

სანამ ნატო პირველი თექვსმეტი წევრით შემოიფარგლება (დამფუძნებლები პლუს გვიან მიერთებული საბერძნეთი, თურქეთი, გერმანია და ესპანეთი) ორგანიზაციას “ჩრდილო ატლანტიკის საპარლამენტო ასამბლეა“ ერქვა. მაშინაც, ეს იყო არაფორმალური ორგანიზაცია (ანუ, ნატოს შიგნით არ ჰქონდა არავითარი სტატუსი. მარტივად რომ ვთქვათ, ერთგვარი საერთაშორისო ენჯეო იყო), სადაც ნატოში შემავალი ქვეყნების პარლამენტების წევრები და ნატოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ.

შემდეგ სახელი გამოიცვალა, მაგრამ არსი იგივე დარჩა. ესაა არაფორმალური, არაოფიციალური სტრუქტურა, რომელსაც მიზნად აქვს კონტაქტების გაღრმავება ნატოს წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს (თუმცა, მასში “ჯერ–არ–სახელმწიფოებიც” შედიან, პალესტინის მსგავსი) შორის.

ყოველივე აქედან გამომდინარე ეჭვმიუტანლად შეიძლება ვთქვათ:

• ნატოს საპარალმეტო ასამბლეა არ არის ნატოს ოფიციალური სტრუქტურა. ის ერთგვარი ენჯეოა, რომელშიც წარმოდგენილნი არიან ნატოს წევრი სახელმწიფოები, არაწევრი სახელმწიფოები (მავრიტანიის ჩათვლით) და ნახევარსახელმწიფოები (პალესტინა).
• ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ არის ნატოს ოფიციალური გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულოა ნატოს წევრი ქვეყნისათვის.
ახლა ვიკითხოთ, რატომ ატეხა ჩვენმა ხელისუფლებამ მთელი ეს პიარაურზაური (ერთი სიტყვაა!).

საქმე იმაშია, რომ იწყება ნატოს სამიტი ლისაბონში სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ნატო–რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებებიდან ცხადი გახდება, რომ ნატო რუსეთს ცალსახად განიხილავს, როგორც პარტნიორს.

ხუხულასავით დაიმსხვრევა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის საფუძველი. ბოდვითი აზრი, თითქოს მიმდინარეობს ნატო–რუსეთის სამკვდრო–სასიცოხლო ბრძოლა მსოფლიო ბატონობისათვის და რომ რუსეთ–საქართველოს კონფლიქტი ამ ბრძოლის ნაწილია; რომ ამ არარსებულ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში საქართველო ნატოსთან უნდა დადგეს და სანაცვლოდ დიდ დივიდედნდებს მიიღებს.
რეალობა კი ასეთია: რუსეთისა და ნატოს დაახლოება სულ უფრო მზარდი ტემპებით მიმდინარებს. სიმართლენარევი ხუმრობით შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ხელისუფლების ხელში რუსეთი შეგვასწრებს ნატოში.

ხელისუფლება ამას ხომ არ აღიარებს!

და, ამ ფაქტის გადასაფარად იწყო პიარ–აქციების მთელი კასკადი: ვარშავის რეზოლუციის მნიშვნელობის არნახული გაზვიადება და ამ ენჯეოს რეზოლუციის გამოცხადება ნატოს გადაწყვეტილებად; აგრეთვე – პრეზიდენტის მომავალი გამოსვლა ევროპარლამენტში და ლისაბონის მომავალი სამიტის ისე წარმოჩენა, თითქოს ნატო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის თავდადებულ მხარდამჭერად გამოდიოდეს.

რეალობა ისევ ქრება პიარის წინაშე. მესმის რომ ზოგს სიამოვნებს ამ ტყუილებში ცხოვრება. რამდენჯერ გაღიზიანებულად მსმენია: “რა გინდა, რატომ გველაპარაკები, რომ სინამდვილეში ისე არ ხდება, როგორც ამაზე “რუსთავები“ ლაპარაკობენ?” “რატომ არ გვაძლევ საშუალებას, ტყუილებზე აგებულ სილამაზესა და სიმშვიდეში ვიცხოვროთ?” “მოგვწონს სააკაშვილის ეს ლამაზი ტყუილები და დაგვანებე თავი!”

არ უწყიან, რომ ტყუილებზე დამყარებული ეს სილამაზე ერთხელაც გასკდება და მის ნაცვლად ხელში საზარელი რეალობა შემოგვრჩება!

საკითხავია, ვინ უფრო უზნეოა – პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკას აბსოლუტურ ტყუილებზე აგებენ თუ ის ჟურნალისტები და კვაზიექსპერტები, რომლებიც ამ ტყუილებზე აგებულ პოლიტიკას ამართლებენ და აპიარებენ?
 
ისინი ერთმანეთის ღირსნი არიან.

P.S. ხელისუფლების სიცრუის ფანტასტიკური აპოგეა იყო განცხადება, რომელიც მიშისტებმა ბაროზოს მიაწერეს. მიშისტების განცხადებით, ბაროზიმ თქვა: “მოვუწოდებ საქართველოს, ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით”. ანუ – ბაროზომ ევროკავშირის წევრობა შემოგვთავაზაო.
 
„ფარჩაკმა“ ექსპერტებმა მაშინვე დაიჯერეს ეს და მთელი დღე სიამაყით გვამცნობდნენ, თითქოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება.

ამას, მეპიარეთა ჩანაფიქრით, მოჰყვება პრეზიდენტის სპიჩი ევროპარლამენტში და ერთი წელი ილაპარაკებენ, არიქა ევროკავშირში გვღებენო.

არადა, ბაროზომ სრულიად სხვა რამ თქვა (იხ.მისი საიტი): And I encourage Georgia to formally apply for membership to the Energy Community. ანუ, ბაროზომ მოუწოდა საქართველოს გაწევრიანებაზე არა ევროკავშირში, არამედ საერთაშორისო სტრუქტურაში, ენერგეტიკულ თანამეგობრობაში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კასპიის ენერგეტიკული რესურსების ტრანსფორმირება დასავლეთ ევროპაში.

ეტყობა, იცოდა ბაროზომ რა კუდს მოაბავდნენ ამ ყველაფერს „რუსთავები“ და, ყოველი შემთხვევისთვის, ინტერნეტში გამოკიდა სააკაშვილთან საუბრის ტექსტი.

P.P.S. სხვათა შორის ვარშავის რეზოლუციით გამოწვეული ჟივილ–ხივილისას არავინ თქვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დადგენილებაში გამოთქმულ წუხილზე ომოს გამო, რომ საქართველომ მთლიანად არ გაიზიარა ვენეციის კომისიის დასკვნები (ამას, სხვათა შორის, ჰილარი კლინტონიც გვეუბნებოდა).

ჰოდა ელემენტარული ტყუილი ყოფილა რაც პრეზიდენტმა თავის მობილურზე დაყრდობით გვამცნო, თითქოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე სინიორ Gianni Buquicchio–მ (არც ვიცი, როგორ ვთრგმნო ქართულად ეს გვარი) ასი პროცენტით გაიზიარა კონსტიტუციის სახელისუფლო ვარიანტი.

სინდისი აღარაა? სადამდე უნდა ვიაროთ ასეთი თავბრუდამხვევი ტყუილებით?!