ყოფილი პატიმარი, ცნობილი ბიზნესმენი, კომპანია "ელიზის" ყოფილი მეპატრონე, თამაზ ელიზბარაშვილი გუშინწინ მთავარ პროკურატურაში დაიბარეს და მოწმის სტატუსით დაკითხეს. მას ვლადიმერ ბედუკაძესთან შუამავლობას ედავებიან.
ელიზბარაშვილი "ივერონს" ამ უსამართლო ბრალდებაზე, ტელევიზიით გავრცელებულ ამაზრზენ კადრებზე, გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკაზე გვიყვება და ექსკლუზიურ ინფორმაციას მის შესაძლო ფიზიკურ ლიკვიდაციაზეც გვაწვდის.
"ახლახან ახლობელმა იურისტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია იგეგმება და ამას "ქართულ ოცნებას" დააბრალებენ. დამარწმუნა, რომ ეს არის უტყუარი ინფორმაცია და მთხოვა, ფრთხილად ვყოფილიყავი. მისივე თქმით, ხელისუფლებას შემუშავებული აქვს ასეთი სცენარი: იგეგმება ჩემი ლიკვიდაცია, მერე სავარაუდოდ, მოხდება მკვლელის დაკავება, რომელიც ხელს გაიშვერს "ქართული ოცნებისკენ. შემდეგ კი სიამაყით განაცხადებენ სამართალდამცავები, რომ მართლაც ვყოფილვარ თურმე გარეული ამ ამბავში და რომ "ქართულმა ოცნებამ" არასასურველი მოწმე მოიცილა თავიდან".
ყოფილი პატიმარი, გლდანის ციხეში არსებულ ვითარებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პატიმრების ცემა და ასეთი შეურაცხყოფა შევარდნაძის დროინდელ ციხეებში არ ყოფილა. რაც შეეხება "ვარდების" ხელისუფლების პერიოდს, იგი იხსენებს:
"2010 წლის 5 ივლისს დამაკავეს და გლდანის მე-8 საპყრობილეში გამამწესეს. ჩემი დაკავების მიზეზი იყო ის, რომ ვცდილობდი გადამერჩინა საკუთარი ავადმყოფი შვილი, რომელსაც სასწრაფო მკურნალობა სჭირდებოდა. მინდა რამდენიმე დეტალი მოგიყვეთ: როდესაც პატიმარი მე-8 იზოლატორში შედის გარკვეულ პროცერდურებს გადის, რაც ძალიან დამამცირებელია _ მას ბოლომდე აშიშვლებენ, რამდენიმე ბუქნს აკეთებინებენ, მერე უნდა მოიხარო, რომ ვითომც დაინახონ, რამე ხომ არ გაქვს დამალული. ეს ყველაფერი დამამცირებელი, ღირსების შემლახველი პროცედურებია. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ცემდა 20-22 წლის ბიჭს 18 ჯალათი ბოლო წუთამდე. დანამდვილებით არ ვიცი, შეიძლება შემოაკვდათ კიდეც".
მისივე თქმით, ლადო ბედუკაძე მან ციხეში, ე.წ. კარანტინის ოთახში 15 დღიანი ყოფნისას გაიცნო. გაუსაძლის პირობებში მყოფს მან მალულად მიუტანა კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა, რომელიც ძალიან სჭირდებოდა.
"მან გამიყვანა დერეფნის ბოლოში წყალთან და მომცა საშუალება, კბილები გამეხეხა. ის იყო ჩვეულებრივი ოფიცერი და ყველა პატიმარი, რომელთაც მისი მორიგეობის პერიოდში უხდებოდათ კარანტინში ყოფნა, ბედუკაძეს ემადლიერებოდა. მე ციხიდან 5 დეკემბერს გამოვედი. ერთი წლის შემდეგ მობილურზე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ჩვენ შეხვდით. დავპატიჟე სასტუმრო "რედისონის" კაფეში. მას ერთი მეგობარიც ახლდა, რომელმაც სიგარეტის ბიზნესში მოწილეობა შემომთავაზა. მე ავუხსენი, რომ ბიზნესში უკვე არ ვიყავი და შემოთავაზებას ვერ მივიღებდი. შემდეგ ბედუკაძეს მადლიერების ნიშნად ვთხოვე, რომ მისი ორი მცირეწლოვანი ბავშვისთვის გაეხსნა სპეციალური ანგარიში, სადაც მე მათ ყოველთვიურად 100-100 ლარს ჩავურიცხავდი, მან კატეგორიული უარი მითხრა. ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ კი გადავწყვიტეთ, რომ ამ ფულს მის სახელფასო ბარათზე ჩავრიცხავდი. პირველად რომ ჩავრიცხე, დიდი მოწიწებით დამირეკა და მადლობა გადამიხადა. მეორე თვეს დამიმესიჯა. მე ჩვეულებრივ ვურიცხავდი დაპირებულ თანხას, მაგრამ მისგან არც სატელეფონო ზარები ყოფილა და არც მესიჯი არ მიმიღია. 19 სექტემბერს კი გავიგე, რომ ბელგიაში გადასულა და პოლიტიკური თავშესაფარიც უთხოვია. ვნახე ის ამაზრზენი კადრებიც. ამით იმის თქმა მინდა, რომ მე მასთან სასტუმრო "რედისონში" ყოფნის შემდეგ არანაირი შეხება არ მქონია", - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.
მისივე თქმით, ის საქმეში ნახსენებ თამაზ თამაზაშვილს საერთოდ არ იცნობს. ელიზბარაშვილი ასევე უარყოფს "ქართულ ოცნებასთან" რაიმე პოლიტიკური სახის თანამშრომლობას. ის აცხადებს, რომ ბედუკაძესთან მისი შუამავლობის ეჭვი სამართალდამცავებს სწორედ ამ 200 ლარის გამო გაუჩნდათ.
"მე "ქართულ ოცნებასთან", როგორც პოლიტიკურ სუბიექტთან შეხება არ მქონია. იქ მეგობრები მყავს, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებში. თავის დროზე _ 2003 წელს მე ვიყავი ერთ-ერთი დამფინანსებელი ე.წ. "ვარდების რევილუციის" და აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებშიც. მაგრამ, როდესაც დავინახე, რომ ქვეყანაში არ მიდიოდა ყველაფერი ისე, როგორც გვპირდებოდა თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა". მე მათ გავემიჯნე. ამას დაემატა 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენები, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის უმოწყალო მკვლელობები. ვფიქრობ, თუ ქვეყანა გიყვარს, არ გაქვს უფლება უსამართლობაზე ხმა არ ამოიღო _ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს!
მივმართავ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას: ისეთ რაღაცას ნუ გააკეთებთ, რომ მერე სანანებელი გაგიხდეთ, თავი დაანებეთ რაღაც-რაღაცების შეთხზვას, რაც რეალობაში არ არსებობს. მე ბოლომდე დავიცავ ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს და ისე ნუ იზამთ, ჩემი გულისთვის ვიღაცებს შეეხოთ და გააუბედუროთ. მე პირადად, ყოველგვარი განსაცდელისთვის მზად ვარ, თუნდაც ფიზიკური ლიკვიდაციისთვის. თუმცა, ამით სიმართლე არ გაირკვევა _ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ვერც დაამტკიცებთ", - აცხადებს "ივერონთან" საუბრისას თამაზ ელიზბარაშვილი.