პატიმრის მამამ თვითმკვლელობა სცადა, როცა გაიგო, რომ მის შვილსაც აწამებდნენ

პატიმრის მამამ თვითმკვლელობა სცადა, როცა გაიგო, რომ მის შვილსაც აწამებდნენ

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჭივჭავში პატიმრის მამამ თვითმკვლელობა სცადა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თეთრიწყაროს რაიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ჯანო ბაბლუანმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მსჯავრდებული შვილისგან გაიგო, რომ გლდანის ციხეში ყოფნისას წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მის მიმართაც ჰქონდა ადგილი.

"ბაბლუანების ოჯახის პატიმარი ახლა სასჯელს რუსთავის მე-2 საპყრობილეში იხდის, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გლდანის ციხეში იმყოფებოდა. გუშინ პატიმარი დამ მოინახულა და მსჯავრდებულმა სწორედ მას უთხრა, რომ N8 საპყრობილეში ყოფნისას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას მის მიმართაც ჰქონდა ადგილი. სახლში დაბრუნების შემდეგ ქალიშვილმა ეს მამას უამბო, რასაც მოჰყვა ის, რომ ჯანო ბაბლუანმა მუცელი დანით გადაისერა", - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

მისივე განმარტებით, ბაბლუანს თეთრიწყაროს რაიონის საავადმყოფოში ორი ოპერაცია გაუკეთდა, ამ დროისთვის კი, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ მიერთებული.