„ბავშვი პიროვნებად არ აღიქმება, ის აღიქმება ნაყოფად, რომელიც შენ გააჩინე და უკეთ იცი, რა სჭირდება მას“

„ბავშვი პიროვნებად არ აღიქმება, ის აღიქმება ნაყოფად, რომელიც შენ გააჩინე და უკეთ იცი, რა სჭირდება მას“

საქართველოში მოზარდების მშობელთა უმეტესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში მშობლების ნაწილი შვილების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დასჯის მეთოდს იყენებს. მშობლების დიდი ნაწილი სირთულეებს განიცდის აღზრდის დროს და მოზარდები მშობლების მხრიდან სათანადო მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. ამასთან, მშობლები ნაკლებად ზრუნავენ მოზარდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს მაშინ, როცა თავად მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს სირთულეების გადალახვასა და სათანადო უნარების განვითარებაში.

გაეროს ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით დახმარება მშობლებსაც სჭირდებათ. საქართველოში არ არსებობს მოზარდების მშობელთა გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამები.

ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტი კონსტანტინე პოზოვი ეთანხმება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, მშობელთა ნაწილი საქართველოში აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს. მისი განმარტებით, მშობლებს გადამზადება აუცილებლად სჭირდებათ, უფრო მეტიც, სანამ დაქორწინდებიან და მშობლები გახდებიან, მანამ სჭირდებათ სერიოზული გადამზადება.

„ავტორიტარიზმი სრულ მორჩილებას მოითხოვს, ჩვენს საზოგადოებაში ბავშვი პიროვნებად არ აღიქმება, ის აღიქმება ნაყოფად, რომელიც შენ გააჩინე და შენ გაქვს იმის განცდა, რომ მშობელი ხარ და უკეთესად იცი, რა სჭირდება ბავშვს. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში, ასეც არის, მშობელს ცუდი არ უნდა ბავშვისთვის, მაგრამ ჩვენი მშობლები ვერ ეგუებიან იმას, რომ, კი, შენ გააჩინე შვილი, შენ მიეცი მას სიცოცხლე, მაგრამ ეს არსება დამოუკიდებელი პიროვნებაა, შენ მასში უნდა გამოაღვიძო მისივე უნარ-ჩვევები, რომელიც თანდაყოლილი აქვს და, პლუს ამას, შესთავაზო შენი ცხოვრებისეული გამოცდილება, შენი ოჯახის ისტორია, ზნე-ჩვეულებები. ეს ფორმატი ძალიან საინტერესოა, როცა ის ურთიერთობითაა განპირობებული და არა -მბრძანებლობით. ჩვენ ბავშვებისგან ვითხოვთ მორჩილებას, მაგრამ ნებისმიერი მორჩილება, რომელიც თავმდაბლობით გააზრებული არ არის და შინაარსმოკლებულია, მომავალში პროტესტის გრძნობას აჩენს“, - აცხადებს კონსტანტინე პოზოვი For.ge-სთან საუბარში და ქრისტიანულ თავმდაბლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

მისივე განმარტებით, ქრისტიანობა საინტერესო რელიგიაა, ქრისტიანობაში თავმდაბლობა გააზრებული აქტია. მე იმიტომ კი არ გიხრი თავს, რომ მსიამოვნებს, არამედ გააზრებულად ვარ თავმდაბალი, მე შენ გითმობ რაღაცას გააზრებულად. ასეთ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი გააზრებულია, მაშინ მე შენს მიმართ სიძულვილი არ მექნება. ოჯახები, რომლებიც ძლიერები არიან, ერთმანეთს პატივს სცემენ. არსებობს იერარქია - მამა, დედა, ბებია, ბაბუა, მაგრამ არ შეიძლება იერარქია მბრძანებლობითი იყოს, ეს ბუნებრივად უნდა გამოიხატებოდეს, რომ მე შენ მჭირდები. რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფოებრივი ხედვა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ჯანმრთელი ოჯახი მივიღოთ, ანუ დედა დილიდან ღამემდე არ უნდა გადიოდეს სამუშაოდ და ბავშვისთვის უნდა ეცალოს.

განათლების საკითხების მკვლევარი, ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ავტორიტარიზმი არ არის მხოლოდ ჩვენი მშობლების პრობლემა, არამედ ეს არის ზოგადად ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება მოზარდების მიმართ. სკოლებში ეს საკითხი კიდევ მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია, თუმცა ცემისა და შეურაცხყოფის მექანიზმები წახალისებულია სკოლისმიღმა აქტივობებში, თუნდაც სპორტულ ან ხელოვნების სფეროს აქტივობებში, სადაც კარგ სპეციალისტად ითვლება ცეკვის მასწავლებელი, რომელიც კარგად იგინება და მკაცრად უსწორდება მოსწავლეებს.

„საზოგადოებას რატომღაც აქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ ყველაფერი კარგი არის მკაცრი და მკაცრი გულისხმობს შეურაცხყოფასაც, ფიზიკურ შეხებასაც კი. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღებია, მშობლები თვითონაც ამას აკეთებენ და, ხშირ შემთხვევაში, სხვისგანაც ამის მიმღებლობა აქვთ. განსაკუთრებით, ასეთი დამოკიდებულება სკოლის მიღმა ვლინდება. ამ დამოკიდებულების შეცვლას გარკვეული დრო სჭირდება, ბავშვებს უკვე აქვთ იმდენი განათლება, რომ ძალიან კარგად იციან საკუთარი უფლებების შესახებ. ხშირ შემთხვევაში, სკოლას აკისრია ის ფუნქცია, რომ სკოლებმა უნდა უზრუნველყონ მშობლების მომზადება ამ თვალსაზრისით. მშობლების ე.წ. პედაგოგიზაცია ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულებაა. ეს ნიშნავს, რომ მშობლები უნდა იქცნენ პედაგოგებად, სკოლების დამხმარეებად და ერთობლივად შეძლონ გარკვეული საკითხების დარეგულირება“, - აცხადებს შალვა ტაბატაძე და დასძენს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი სკოლები მოსწავლეების ზოგად აღზრდასაც ვერ ახერხებენ, საამისო ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ, არათუ მშობელთა პედაგოგიზაციასა და მათ განათლებაზე იზრუნონ.

მისივე თქმით, ბავშვების დასჯა მიუღებელი და ცუდი ტენდენციაა, მაგრამ, თუ გვინდა განათლების სფეროში უფრო ეფექტური შედეგი მივიღოთ, მშობელთა ჩართულობა აუცილებელია.

რაგინდ ბევრიც არ უნდა გააკეთოს სკოლამ ბავშვისთვის, მშობელთა ჩართულობის გარეშე შედეგს ვერ მივიღებთ. ამიტომ ჩვენმა სკოლებმა უნდა დაიწყონ მშობლებთან ურთიერთობა, მშობლების პედაგოგიზაცია, რასაც შესაბამისი მომზადება და ფინანსური რესურსი სჭირდება.