მომღერალი ირმა სოხაძე სანკტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისათვის“ ყოფილი ლიდერის, პაატა ბუჭულაძის მიერ შესრულებულ ნამღერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას კონცერტში მონაწილეობისაგან თავი უნდა შეეკავებინა.
„რუსეთში ვიმღეროთ თუ არ ვიმღეროთ - ეს არის ყველას პირადი საქმე. კონკრეტულად პაატა ბურჭულაძეს ამ საქციელს ვერც მოვუწონებ და ვერც გავკიცხავ. მაგრამ, როცა პოლიტიკოსი ხარ და იმ გუნდის მხარდამჭერი ხარ, რომელიც საშინელ დღეში აგდებს ყველას, ვინც წავა მოსკოვში, რა თქმა უნდა, თავი უნდა შეიკავოს, ან წინასწარ გაგვაგებინოს და განმარტება მოგვცეს.
„როდესაც მისი ახლანდელი მეგობრები, იგივე „ნაციონალები“ საერთოდ ნებისმიერ შემთხვევაში კიცხავენ კი არა და მიწაში დებენ ვინც საერთოდ მოსკოვისკენ გაიხედავს, მაშინ აქაც იგივე სტანდარტით უნდა იმოქმედონ.
„სახელმწიფო პოლიტიკა უნდა განისაზღვროს. თუ ჩვენ რუსეთთან ვწყვეტთ ყველანაირ კავშირს, მაშინ ეს უნდა შეეხოს ყველაფერს, არა მარტო კულტურას. ეს იქნება ვაჭრობა თუ რაც იქნება. როცა რუსი ტურისტები ჩამოდიან, მაშინ რატო ვუშვებთ მათ, თუ ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა ამ ქვეყანასთან? სახელმწიფომ უნდა მოგვცეს ამის გეზი და მიმართულება,“ - აღნიშნა მომღერალმა „რეზონანსთან“ საუბრისას.
15 დეკემბერს რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო. ქართული საზოგადოების ნაწილი პაატა ბურჭულაძეს აღნიშნულ კონცერტზე პუტინის წინაშე შესრულებული სიმღერისათვის აკრიტიკებს.