გამსახურდიების პროტესტი - „საქმის აღძვრა შესაძლებელია, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს“

გამსახურდიების პროტესტი - „საქმის აღძვრა შესაძლებელია, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს“

„ყოველდღე ნამდვილად ვერ გავმართავთ აქციებს. ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ეს დამოკიდებული იქნება მეორე მხარეზე, კერძოდ, რა ნაბიჯებს გადადგამენ და რა კონკრეტული გეგმა ექნებათ იმისთვის, რომ არ დაიხუროს გამოძიება," - აცხადებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია „რეზონანსთან" საუბრისას.

„დაისაჯოს ზვიად გამსახურდიას მკვლელი", „არ შეწყდეს გამოძიება" - საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, მისმა შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა დღეს მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი უკვე მეხუთე დღეა შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე ბრალი წარედგინოს გამოძიებისას გამოკვეთილ პირებს. 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას დაღუპვიდან 25 წელი სრულდება და საქმე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო გამო შეიძლება დაიხუროს.

კონსტანტინე გამსახურდია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქმეში გამოკვეთილია რამდენიმე პირის ბრალეულობა და შესაძლებელია საქმის აღძვრა, თუმცა, მისი თქმით, საქმის გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

„სულ რაღაც 12 დღეში ეს გამოძიება შესაძლოა დაიხუროს ხანდაზმულობის გამო. ის გაგრძელდეს, ვიღაცას უნდა წარედგინოს ბრალი.

„მას შემდეგ, რაც დავასრულე მუშაობა დროებით საპარლამენტო კომისიაში, რომლის თავმჯდომარეც ვიყავი და საქართველოს მთავარ პროკურატურას 370 გვერდიანი დასკვნა გადავეცი, 2011 წლის შემდეგ საქმე არ წასულა წინ.

„ახლა საქმეში გამოიკვეთა რამდენიმე ფიგურანტი. თავისუფლად შეიძლებოდა საქმის აღძვრა, თუკი იქნებოდა პოლიტიკური ნება, მაგრამ არის ეჭვი იმისა, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს," - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

შეკითხვაზე, თუკი 31 დეკემბერს გამსახურდიას საქმე დაიხურება, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ, იგი აცხადებს; „რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ," - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.