ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ატოციდან ანტისაოკუპაციო ჯგუფის გასვლას მოითხოვს, მიზეზად კი უსაფრთხოების ზომებს ასახელებს. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ამის შესახებ ოსური დელეგაციის წევრებმა ერგნეთის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომოადგენლობას განუცხადეს. როგორც სუსი-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, მოთხოვნის საპასუხოდ მათ დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ანტისაოკუპაციო ჯგუფს ატოცში ყოფნის კონსტიტუციური უფლება აქვს.
„ჩვენ მათ განვუმარტეთ, რომ სამოქალაქო მოძრაობა იმყოფება საქართველოს ტერტორიაზე და სიტყვის, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ანუ, დეფაქტო ხელისუფლების მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.“-აცხადებს ირაკლი ანთაძე.
შეგახსენებთ, რომ სამთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც სულ 11 საკითხი განიხილეს. მთავარი საუბრის თემა კვლავ არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხი იყო. საუბარი ასევე შეეხო უკანონო ბორდერიზაციას და საქართველოს მოქალაქეთა გატაცების ფაქტებს.