მიუხედავად იმისა, რომ მიწის უფასო რეგისტრაციის პროგრამა დიდი ხანია მოქმედებს, ხალხი მაინც პასიურია და უპრეცენდენტო შეღავათის პირობებში კი არ სურთ ნაკვეთების გადაფორმება. შესაბამისად, მთავრობას 6 თვეში ერთხელ უწევს ვადის გახანგრძლივება. ამჯერად ეს ნაბიჯი უკვე მეორედ გადაიდგა.
მიწებზე საკუთრების რეგისტრაციის პროცესი, 6 თვით გაგრძელდა. ინფორმაციას აგრარულ საკითხთა კომიტეტში ადასტურებენ. მათი თქმით, რეგისტრაციის პროცესის წარმოება მოქალაქეებს 1-ლი იანვრის, ნაცვლად 2019 წლის 1-ელ ივლისამდე შეეძლებათ. გადავადების მიზეზები ასეთია:
- დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობა;
- კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო პროექტების შეუფერხებლად განხორციელებას;
ცვლილებები „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონში“ 13 დეკემბერს დამტკიცდა და უკვე ძალაშია.
2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, 575 000-მდე მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული.
„ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ კი დღეში 5000-ს გადააჭარბა. 2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, სააგენტოში 89 000-მდე განცხადებაზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება.
ამ განცხადებების ნაწილი, კერძოდ, 25 989 განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგზავნილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში, ხოლო 58 000-მდე განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი. კიდევ 5000-ზე მეტი ახლად წარმოდგენილი განცხადება განხილვის პროცესშია“, - ნათქვამია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში.
ფაქტია, რომ მიწების რეგისტრაცია სათანადო ტემპით ვერ მიმდინარეობს და ხშირი გადავადებაც ამის მიზეზია. არადა, ეს პროცესი ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს. რაც დაურეგისტრირებელი დარჩება, ის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა მოექცეს. ჯერ კიდევ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კვლავაც მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში რჩება. მათზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის რეფორმის ფარგლებშიც ვერ ხდება.
პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებისა აღიარების რეგულაციები იმოქმედებს 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ აღიარების შესაძლებლობა გაუქმდება.
„საჯარო რეესტრში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესს აფერხებს კომლის წევრთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი და ურთიერთგამომრიცხავი საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა. ამ ინსტიტუტის საბჭოური შინაარსიდან გამომდინარე, კომლში სამკვიდროს გახსნას უკავშირებს მისი ბოლო წევრის გარდაცვალებას.
იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით საკომლო წიგნის ჩანაწერი მიწაზე კომლის წევრთა მესაკუთრედ აღიარების საფუძველია, ხოლო კოლმეურნეობის გაუქმებით კომლმა თავისი თავდაპირველი შინაარსით არსებობა შეწყვიტა, ქონება, რომელიც კომლს ეკუთვნოდა, კომლის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებად (წილის პროპორციულად) უნდა ჩაითვალოს და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრებისა და მემკვიდრეობის საერთო წესები“, - ნათქვამია პროექტში.
თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, მაშინ 8 წლის შემდეგ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებს ვეღარავინ შეეხება და მათი გაფორმების პროცედურაც ვეღარ განხორციელდება.