ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამეგრელოს

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამეგრელოს

მივესალმები სამეგრელოს!

მივესალმები ზუგდიდს, ფოთს, აბაშას, სენაკს, მარტვილს, წალენჯიხას, ჩხოროწყუს, ხობს!

ზუგდიდიდან მივესალმები აფხაზეთს!

ზუგდიდიდან მივესალმები მთელ საქართველოს!

ზუგდიდიდან მივესალმები ჩვენს ხალხს, ჩვენს ტანჯულ პატიმრებს მთელი საქართველოს ციხეებსა და კოლონიებში!

ჩემო ხალხო, მთელი საქართველო ფეხზე დადგა.  ჩვენ საბოლოოდ დავინახეთ სააკაშვილის რეჟიმის სახე. ამიტომ დღეს მე მივმართავ აღშფოთებისგან ყალყზე შემდგარ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს  შეურაცხყოფილ ხალხს და, ცხადია, ჩემი მიმართვა ჩვეულ კალაპოტს ვეღარ გაჰყვება.  მე  მოგიწოდებთ სიდინჯისაკენ, სიმშვიდისაკენ, მაგრამ არა - ამ დანაშაულის დავიწყებისაკენ!

სააკაშვილის რეჟიმის მთელი სისასტიკე სწორედ აქ, ზუგდიდში იგრძნობა ყველაზე მძაფრად. სწორედ აქ, ზუგდიდის ცენტრში დგას ადამიანის დამცირებისა და უსამართლობის განსახიერება - ზუგდიდის ციხე. ეს ციხე ნესტიანია და ბინძური, იქ ადამიანებს აწამებენ.

ეს ციხე თითქოს იმისთვის დგას, რომ ვინც გაბედავს და სააკაშვილის რეჟიმს და აქაურობაზე გაბატონებულ ერთ ოჯახს - ახალაიების ოჯახს დაუპირისპირდება,  ახსოვდეს, რომ  ამ ციხეში ჯოჯოხეთი ელოდება.

იმისათვის, რომ ადამიანებს დასაჭერად საბაბი გამოუნახონ, ნარკოტიკს უგდებენ უტიფრად ან რაიმე სხვა შარს მოსდებენ ხოლმე, რადგან არ აწყობთ ჰყავდეთ პოლიტიკური პატიმრები  დასავლეთის დასანახად. ესენი ხომ დემოკრატობანას თამაშობენ, მაგრამ  მათი უკვე აღარც დასავლეთს სჯერა.

ყველამ ნახეთ, ნახეთ და მოისმინეთ, რა ხდება საქართველოს ციხეებში. თავზარდამცემია კადრები, როგორ აწამებენ, აუპატიურებენ უსუსურ პატიმრებს - ბიჭებს და კაცებს! გესმით, თქვენ, ეს რას ნიშნავს?! ფეხქვეშ არის გათელილი ადამიანის ღირსება! ეს არის მთელი ერის შეურაცხყოფა!

როგორ არ გავიხსენო ვაჟას სიტყვები „ბახტრიონიდან“ – „მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილამოხდილ ქალადა“ - ამათ უნდათ მთელი საქართველო ასეთად რომ აქციონ! ამის შემდეგ კიდევ მოუძებნიან მომხრეები გამართლებას სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას?!  სინათლე აგვინთო, გზები დაგვიგო და დასავლეთისკენ გაგვიღო კარიო, რომ ამბობდნენ სააკაშვილის მომხრეები,  ხომ  ნახეს, რომ სინათლე და გზები კი არა - წამება მოიტანა, ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა სააკაშვილმა!

ხალხო, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მისი ყოველი მომხრე, თითოეული ადამიანი, ვინც კიდევ რაიმე გამართლებას მოუძებნის სააკაშვილს, თვითონ იქნება უსასტიკესი დანაშაულის თანამონაწილე! ამის შემდეგ, ვინც ამ ჯალათებს ოდნავ მაინც გაამართლებს, თვითონ იქნება ჯალათი!

ახლა მაინც ხომ საბოლოოდ დაინახავს დემოკრატიული დასავლეთი, თუ რას წარმოადგენს სააკაშვილი,  აქაური ,,დემოკრატიის შუქურა“. ახლა ხომ მაინც დარწმუნდება, რომ ამ ქვეყანას ჯალათი მართავს!

როგორ შეიძლება, ქართველებმა ეს სირცხვილი ჩამოვირეცხოთ?

სააკაშვილიც შეშფოთებულია, მაგრამ ის მხოლოდ იმიტომაა შეშფოთებული, რომ ამ ინფორმაციამ გაჟონა,  კი არ გაჟონა, პირდაპირ ამოხეთქა და მთელ ქვეყანას მოედო. მან ახლა შეცდომად და სისტემის მარცხად მონათლა ყველა საშინელება, რაც საპყრობილეებში ხდება.

ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები  ერთმანეთის მიყოლებით თავს იმართლებენ, რომ თითქოს რაღაც გამორჩათ, რაღაც შეეშალათ, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მაინც არ იღებენ.  არაფერიც არ გამორჩათ! არაფერიც არ შეეშალათ! ეს ყველაფერი მათი დაგეგმილია, ეს ყველაფერი მათი დავალებით ხდებოდა! 

სტუდენტების, ჩვენი ახალგაზრდების პროტესტმა მოიტანა ის, რომ ორი მინისტრი გადადგა. მათ შორის ერთი ბაჩო ახალიაა. ახალაიების კლანს ბზარი გაუჩნდა, ბზარი გაუჩნდა სააკაშვილის რეჟიმს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს კარგად იციან ჩვენმა ახალგაზრდებმა და ბაჩო ახალაიას გასამართლებას მოითხოვენ.

ამათი პასუხისგების დღე მოახლოვდა, პირველი ოქტომბერი. მხოლოდ ამ დღის ეშინიათ. იმიტომ ეშინიათ, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ მათ კანონის  მთელი სიმკაცრით  მოუწევთ პასუხისგება.  და რადგან ამ დღის ცეცხლივით ეშინიათ, ამიტომ ცდილობენ, რომ ხალხის აღშფოთება ისევ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ და მას თავისი ხელით ჩააშლევინონ არჩევნები.

მათ არჩევნების ეშინიათ, რადგან არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ხალხის გახდება და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყება. მათ კანონის ეშინიათ, ამიტომ უნდათ, რომ უკანონობა ხალხს ჩაადენინონ და რაიმე საბაბით არჩევნების ჩატარება დანიშნულ დღეს შეუძლებლად გამოაცხადონ. ამიტომ მოვიკრიბოთ კეთილგონიერება, შევიკავოთ თავი არჩევნებამდე და შემდეგ სამართლიანი კანონის ძალით ვაგებინებთ ამ დამნაშავეებს პასუხს.

თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მეტი საშინელება არა აქვთ ჩადენილი? ხალხო, ჩვენ რაც ვნახეთ, მხოლოდ მცირე ნაწილია მათი ურიცხვი უმძიმესი დანაშაულისა.

ან აქ, სამეგრელოში რამდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, თქვენ მაინც ხომ იცით. ამათი ხელისუფლების რომელი წევრი არაა გასვრილი უბინძურეს დანაშაულში? ვინმეს ხომ არ ჰგონია, დეპუტატი  ნაციონალები არ მონაწილეობენ ყველა ამ სიმხეცეში? ისინი თავისი ხელით თუ არ აწამებდნენ უსუსურ ადამიანებს, სამაგიეროდ, ყველა ხერხით აყალბებდნენ ყველა არჩევნებს თავის სასარგებლოდ და ამით გზას უხსნიდნენ ჯალათებს ადამიანების საწამებლად.

ესენი წლების განმავლობაში სწორედ ამ სისტემას აშენებდნენ, აშენებდნენ შეგნებულად, რადგან მარტო დაუნდობლობასა და  ძალადობას შეეძლო მათთვის უსაზღვრო ძალაუფლებისა და  კეთილდღეობის მოტანა.

ის, რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე!

უსამართლობის ტყვეობაშია მთელი სამეგრელო, უსამართლობის ტყვეობაშია მთელი საქართველო. დაგითვლიათ, რამდენი პატიმარია ციხეებსა და კოლონიებში გარდაცვლილი სასტიკი მოპყრობისა ან დაუნდობელი გულგრილობის გამო?  ეს შეწყდება,  ჩვენ  შევწყვეტთ  ამას!

ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ. ჩვენ სამართლიან მართლმსაჯულებას დავამკვიდრებთ აქ, ზუგდიდში, სამეგრელოში და მთელ საქართველოში!

კარგად დავაკვირდეთ - ქურდული სამყარო კი დამარცხდა, მაგრამ იგი კლანურ-მაფიოზურმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა. სამეგრელოში და განსაკუთრებით ზუგდიდში ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რაზეც ახლა ვლაპარაკობ!

რატომ უნდა იყოს აქ ამდენი პრობაციონერი? მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ პრობაციონერებსა და მათ ახლობლებს თავის სამსახურში ჩააყენებს. მაგრამ არ მოხდება ასე, აღარ მოხდება!

ბოლო დროს ზოგი პატიმარი გაათავისუფლეს, რათა არჩევნების გაყალბებაში გამოიყენონ, მაგრამ განა მათ არ ესმით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, პირველ რიგში, მათი ღალატია, ვინც პატიმრობაში დარჩა და ციხეებში იტანჯება. ადამიანებო, ნუ მოემსახურებით ნაციონალურ მოძრაობას და ახალაიების კლანს, თქვენ არაფრით არ ხართ მათგან დავალებული!

თქვენ მათ გაქციეს პატიმრებად, ახლა კი მონებად უნდათ რომ გაქციონ. მივმართავ პრობაციონერებს: ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან მათი დრო წასულია. გახსოვდეთ, რომ მრავალ თქგვენგანს სრულიად კანონიერად სასწრაფოდ უნდა მოეხსნას პირობითი სასჯელის მძიმე ბორკილები. გპირდებით, რომ თქვენ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო გაგათავისუფლებთ. ადამიანი, პირველ რიგში, თავისუფლებისთვის იბადება, და არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე თავისუფლების უკანონოდ წართმევა და თავისუფლებით ვაჭრობა.

ერთი კლანის ხელში როგორ უნდა ჩავარდნილიყო სამეგრელო, ერთი ჯალათი ოჯახის საპარპაშოდ როგორ უნდა გადაქცეულიყო ზუგდიდი! ახლა აქ არც დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება არსებობს და არც  ადამიანის უფლებათა დამცველს აქვს რაიმე ძალა და გავლენა სამეგრელოში. მეგრელებო, სამართალი წაახდინეს სამეგრელოში! სამართალი აღარ არის საქართველოში.

ჩემო მეგრელებო!

ილია ჭავჭავაძის სიტყვები მინდა გაგახსენოთ: „სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია მის ზურგზედა... ...მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც“.

მართლაც ასე იყო: როცა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ან დანაწევრებული საქართველოს აღდგენისა და გამთლიანების იდეა იბადებოდა, სამეგრელო თავის ღირსეულ როლს ასრულებდა.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, როდესაც ფარნავაზ I-მა ქართლის სამეფოს დაარსება განიზრახა, მან დახმარება და თანადგომა ეგრისის მმართველ ქუჯის სთხოვა. ჩვენი ამ ორი დიდებული წინაპრის შეთანხმებულმა გეგმამ და საერთო ძალისხმევამ საერთო ქართული სახელმწიფო წარმოშვა.

საუკუნეების შემდეგ, როცა კიდევ ერთხელ გახდა საჭირო ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგენა, ეგრის-აფხაზეთის დიდგვაროვანთა ნებამ გადაწყვიტა ბაგრატ მე-3-ის გამეფება და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნა.

გიორგი ჭყონდიდელი იყო უდიდესი ქართველი მეფისა და მეომრის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი  და მისი მთავარი თანამოაზრე.

საქართველოსთვის თავგანწირვისა და ღირსების მაგალითი იყო ცოტნე დადიანის გმირობა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას ცხოვრება, რომელმაც სიცოცხლე ამ სიტყვებით დაამთავრა:  „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!",-  ბოლშევიკებს მიმართა ასე!

საბჭოთა იმპერიასთან ბრძოლას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას  შესწირეს სიცოცხლე მერაბ კოსტავამ და დამუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და, რა სამწუხაროა, რომ დღეს ეს ღირებულებები   - თავისუფლება და  ღირსება - ისევ თავიდან უნდა მოვიპოვოთ.  

პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზეზი არა ერთხელ ვთქვი - მინდა შევაჩერო ეს განუკითხაობა, ჩემი ხალხის უღირსებო ყოფა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი ქვეყანა მინდა ფეხზე დავაყენო. ფეხზე დაყენებას რომ ვამბობ, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოების შექმნას და გაძლიერებას ვგულისხმობ, რაც ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი საფუძველია.

რაც პოლიტიკაში ჩავები, ყოველდღიურად ვხედავ, თუ როგორ მიდის წინ ჩვენი საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოებისკენ. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, პირველ რიგში, სამოქალაქო სოლიდარობას გულისხმობს. აი, ასეთი სოლიდარობის ნიშნები შეიმჩნევა უკვე ჩვენს საზოგადოებაში და ამის მაგალითს ახლავე მოგახსენებთ.

აქ, ახლა ჩვენთან ერთად არის კაცი, ყოფილი პოლიციელი, რომელიც  რამდენიმე თვის წინ სხვა 14 პოლიციელთან ერთად პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს სამსახურიდან. ეს კაცი პირნათლად ემსახურებოდა სახელმწიფოს, თავის სამშობლოს. მაგრამ, როგორც კი მას ერთი პარტიის სამსახურში ჩადგომა და უკანონო დავალებების შესრულება მოსთხოვეს, მან უარი თქვა ასეთ სამსახურზე და უმუშევარი დარჩა.

აი, ამ კაცს და დანარჩენ 13 პოლიციელსაც დაუდგნენ გვერდში არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი მოქალაქეები,  ხელი გაუმართეს და ულუკმაპუროდ დარჩენას გადაარჩინეს.

სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ჩემი არჩევანი, ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება სწორია - საქართველოს გახდება დემოკრატიული ქვეყანა და მასში ნამდვილი, ღირსეული სამოქალაქო  საზოგადოება იცხოვრებს.  

ჩემო მეგრელებო, კარგად ვიცი, რა ტრაგედია გამოიარა სამეგრელომ 90-იან წლებში. ეს იყო წლები, როდესაც ახალგაზრდა სახელმწიფოს სამართლიანობისა და კანონიერების დაცვა არ შეეძლო. სახელმწიფომ თქვენ ვერ დაგიცვათ და  უამრავი შეცდომაც დაუშვა. უამრავი სისასტიკე, უამრავი ძალადობა მოხდა აქ, სამეგრელოში. ჩვენ ამ ამბავს უცილებლად გამოვიძიებთ და სამართლიანობას აღვადგენთ!

სამეგრელო  ნელ-ნელა იშუშებდა იარებს, როცა 2008 წელს ახალი უბედურება დაატყდა თავს. თქვენ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ განსაცდელსაც ღირსეულად გაუძელით.  

მაგრამ ზუგდიდელებს ისიც კარგად გახსოვთ, როგორ მიატოვა ქალაქი ადგილობრივმა ხელისუფლებამ, როგორ გაიქცნენ ნაციონალები  და მოსახლეობა მტერს შეატოვეს ხელში.

ამ ომმა ახალი დევნილები, ახალი დაკარგული ტერიტორიები მოგვიტანა.

ომების  შედეგია ის, რომ ათიათასობით მოქალაქე თავისი სახლ-კარიდან აიყარა  და თავისივე სამშობლოში დევნილად იქცა. ერთი შეხედეთ, როგორ  პირობებში უწევთ ჩვენს თანამემამულეებს ცხოვრება. ამას ბოლო უნდა მოეღოს, და მოეღება კიდეც.

დევნილებისთვის ფულადი ან სხვა სახის დახმარების გამოყოფამ სამარცხვინო პოლიტიკური კორუფციის სახე მიიღო - დევნილებს ყველანაირ დახმარებას ხელისუფლება პოლიტიკური ერთგულების სანაცვლოდ უწევს.

მრავალი დევნილი ოჯახი იძულებით ჩაასახლეს   ისეთ სოფლებში, სადაც არ არის ცხოვრებისა და საქმიანობის მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობები, ათასობით დევნილი კუთვნილი სტატუსის მინიჭებას დღემდე ელოდება, ხოლო კონფლიქტისა  და  მიმდებარე სასაზღვრო ზონებში ბევრმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა სოციალური შეღავათები.

დევნილ მოქალაქეებზე, ომების ვეტერანებსა და დაღუპულთა ოჯახებზე ზრუნვა, მათთვის განსაკუთრებული შეღავათების დაწესება სახელმწიფოს კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ეს მისი ელემენტარული ვალდებულება უნდა იყოს.

ეს ხელისუფლება უამრავ თანხას ხარჯავს გასართობ ღონისძიებებზე მაშინ, როდესაც ომების შედეგად დაზარალებულთა უმეტესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

სახელმწიფომ ვერაფრით მოახერხა, რომ ამ ადამიანებს,  თუნდაც დევნილობაში, ღირსეულად ცხოვრება შეძლებოდათ. სააკაშვილის ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილ დევნილებს აქეთ-იქით ნახირივით მიერეკება. სწორედ  ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ შეურაცხყოფილმა, სოხუმიდან დევნილმა ნანა ფიფიამ საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან დაიწვა თავი!

ეს უნდა შეწყდეს, ამას ჩვენ მოვუღებთ ბოლოს!

ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით დევნილებს საიმისოდ, რომ ღირსეულად ცხოვრება შეძლონ, აღარ იყვნენ ხელისუფლების შემწეობასა და მოწყალებაზე დამოკიდებული.

მე გპირდებით, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, ვეღარასოდეს და ვეღარავინ გაბედავს, რომ ლტოლვილების ბედი მათ გარეშე, მათ დაუკითხავად  გადაწყვიტოს! ვეღარავინ გაბედავს მათ დამცირებას და შეურაცხყოფას!

სიტყვას ვაძლევ ჩვენს ყველა დევნილს, რომ  როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ, მაშინვე  ყველას დავუკანონებთ იმ ფართობებს, რომლებშიც ახლა ცხოვრობენ და მათ მიეცემათ საშუალება, მშვიდად დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, თავიანთი მომავალი, მანამდე, ვიდრე დროებით დაკარგულ სახლ-კარს დაუბრუნდებიან. 

როგორც ზედმეტ ბარგს, ისე ეპყრობა სააკაშვილი ვეტერანებს. ხოლო როდესაც ვეტერანები თავიანთი უფლებების დაცვას ხმამაღლა ცდილობენ, მათ საქვეყნოდ სცემენ და შეურაცხყოფენ სააკაშვილის ხელქვეითი ჯალათები.

ამას „ქართული ოცნება“ ბოლოს მოუღებს. ჩვენ იმისთვის მოვდივართ ხელისუფლებაში, რომ დამსახურება არ დაეკარგოს არც ერთ ჩვენს მოქალაქეს, მით უფრო - ჯარისკაცს.

ჯარისკაცი ის ადამიანია, რომელიც მზადაა სიცოცხლე გაიღოს თავისი ქვეყნისა და ხალხის დასაცავად. ჯარისკაცი თავს სწირავს სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

მეტი კეთილშობილება რა უნდა იყოს, ხალხო! და შეიძლება ეს თავგანწირვა, ეს კეთილშობილება არ დავუფასოთ მათ, ჩვენს სამხედროებს!

მათ კი, ჩვენმა საამაყო და მოკრძალებულმა ჯარისკაცებმა არასოდეს არ უნდა დაივიწყონ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხალხს და ქვეყანას ემსახურებიან, და არა რომელიმე ხელისუფლებას.

პირიქით, ხელისუფლება თავად უნდა ემსახუროს თავის თავდადებულ ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს. და ეს ასეც იქნება, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში.

ვეტერანებისა და ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახების მიმართ გამოჩენილ უმადურობას არავინ შეარჩენს ამ ხელისუფლებას. „ქართული ოცნება“ მოვა ხელისუფლებაში და აღუდგენს შეღავათებს ვეტერანებსაც და მარჩენალდაკარგულ ოჯახებსაც. ჩვენ აღვადგენთ ასევე ომების ვეტერანთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სისტემას, რომელიც ამ ხელისუფლებამ მოშალა.

ჩემო მეგობრებო, ჩემო მრავლისმნახველო მეგრელებო!

ოცი წელია, რაც დამოუკიდებელ საქართველოში ნებისმიერი არჩევნების წინ პოლიტიკოსები ხალხს ჰპირდებიან ძალიან ბევრს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი წარმოუდგენლად ცოტას აკეთებენ ხალხისთვის, თორემ, თავის თავზე ზრუნვა რომ არ ავიწყდებათ, ეს ვიცით ყველამ.

ჩვენ, „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში მოსვლამდე გპირდებით  მხოლოდ და მხოლოდ იმას, რისი გაკეთებაც ახლავე შესაძლებლად მიგვაჩნია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი  გავაკეთებთ გაცილებით მეტს, ვიდრე გპირდებით.

ჩვენ გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებას და მას მიიღებს ყველა, ვისაც ეს ნამდვილად სჭირება. ჩვენ პენსიებს საარსებო მინიმუმს გავუტოლებთ, ხოლო საარსებო მინიმუმიც გადაიხედება და რეალურს გაუთანაბრდება.

პირველ რიგში, რასაც სასწრაფოდ უნდა მივხედოთ, როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს არის ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს, ააღორძინოს ქართული სოფელი  და ამისათვის შექმნას ერთმილიარდიანი ფონდი. ამ ფონდის დახმარებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები ისარგებლებენ გრძელვადიანი, ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხებით.

დღეს მონოპოლიზებულია თხილის ბიზნესი, ჩაბარების ფასები ხელისუფლებისგან ხელდასმული ერთი ჯგუფის ხელშია და ამ ჯგუფის გადასაწყვეტია, რა ფასად ჩაიბარებს თხილს, და თქვენც იძულებული ხართ, ჩალის ფასად ჩააბაროთ მოსავალი. ეს უნდა დამთავრდეს!

ერთი მცირე ჯგუფი ვეღარასოდეს გადაწყვეტს ვერც ერთი ადამიანის ბედს. ყველას ექნება საკუთარი შრომით ოჯახის ღირსეულად რჩენის შესაძლებლობა. მე გპირდებით ამას!

სამეგრელოში სოფლის მეურნეობის არა ერთი დარგი იყო განვითარებული, დღეს კი ჩაით, ციტრუსითა და თხილით განთქმული მხარე თითქმის გაპარტახებულია.

ამის ყურება მე გულგრილად არ შემიძლია. როცა სამეგრელოს დახმარების გეგმას განვიხილავდით, მე დამარწმუნა ირაკლი ალასანიამ, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, რომ  პრობლემის მოგვარება ზუგდიდიდან უნდა დაგვეწყო, რადგან სწორედ ზუგდიდია ადმინისტრაციული საზღვრისპირა ქალაქი.

ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ზუგდიდის ეკონომიკაში ჩავდებთ 100 მილიონ ლარს, რათა შესაძლებელი გახდეს მცირე და საშუალო საწარმოების შექმნა, რათა შვება მიეცეს მშრომელ მოსახლეობას, ბიზნესიც განვითარდეს და უამრავი სამუშაო ადგილიც შეიქმნას.

იმ კომპანიებმა, რომლებიც აქ გადაწყვეტენ საქმიანობას, უნდა აიღონ ვალდებულება, რომ ადგილობრივ მუშახელს მიანიჭებენ უპირატესობას. ეს  აუცილებელი იქნება მათთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ სწორად გათვლილი და გააზრებული პოლიტიკით ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას და მერე ვეღარავინ შეძლებს, შეაფერხოს საქართველოს წინსვლა თანამედროვე სამყაროსკენ, დემოკრატიისკენ!

არავისთვისაა უცხო, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯანმრთელობის დაცვის ელემენტარული პირობებიც არ არსებობს, ისინი სრულიად მიტოვებული არიან სახელმწიფოსაგან. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები უექიმობისა და უწამლობის გამო იღუპებიან.

ჩვენ გპირდებით, რომ სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას და იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქეს ექნება სამედიცინო დაზღვევის პაკეტი.

ჩვენ ჩვენს ხალხს ადამიანურად ცხოვრების საშუალებას მივცემთ და არაფერს დავაყვედრით, იმიტომ რომ კარგად ვიცით, რომ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა.

სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდება განათლების სფერო, და თქვენ ნახავთ, რომ ყველა სოფელში აღდგება უფასო ბაგა-ბაღები და სკოლები.

ჩვენ ასევე გავაიაფებთ სკოლის სახელმძღვანელოებს. ჩვენ   შევქმნით მექანიზმებს იმისათვის, რომ ნიჭიერ ახალგაზრდას შეეძლოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, იმისგან დამოუკიდებლად, აქვს თუ არა საამისო ფული მის ოჯახს.

მე კარგად მაქვს გააზრებული, რომ განათლება მთავარია - ქვეყნის მომავალი განათლების გარეშე წარმოუდგენელია.

ყველაზე მეტად მაინც მედიცინაში გაითქვეს მეგრელებმა სახელი. სამეგრელოდანაა არა ერთი მსოფლიოში სახელგანთქმული ექიმი.

მე პირობას გაძლევთ, მეგრელებო, რომ ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს დიდი ტრადიცია გაგრძელდეს და ამ კუთხის შვილებს კვლავ მიეცეთ უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების საშუალება, ოღონდ ამჯერად უკვე აქ, ზუგდიდში.

ზუგდიდში შეიქმნება  საერთაშორისო, კავკასიის რეგიონისთვის განკუთვნილი სამედიცინო ცენტრი და სასწავლებელი. ეს გეგმა უკვე გავაცანით საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სამედიცინო სფეროში საქმიანობენ. ჩვენ  მათი მხარდაჭერაც მივიღეთ.

სამედიცინო ცენტრისა და სასწავლებლის მშენებლობა 2013 წლიდან გვინდა დავიწყოთ. მთავარი კი ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მკურნალობაც და სწავლაც სრულიად უფასო იქნება, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მსურველისათვის.

აი, ეს არის გასაკეთებელი, ეს არის ის, რაც აუცილებლად სჭირდება სამეგრელოსაც, აფხაზეთსაც და მთლიანად საქართველოსაც.

სწორედ აქ, სამეგრელოში, უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას. ჩვენ ვიპოვით ღირსეულ გამოსავალს ამ ვითარებიდან - ჩვენ, აფხაზებთან ერთად.

საქართველოში აფხაზეთი თავისი ნებით უნდა დაბრუნდეს, და, რაც მთავარია, აფხაზები საიმედო, რეალური და სასურველი მომავლის წყურვილმა უნდა მოიყვანოს ჩვენთან.

მხოლოდ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების მიმზიდველმა პერსპექტივამ უნდა აღადგინოს დარღვეული კავშირი. სამეგრელოს აყვავებამ აფხაზები იმაში უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოდან განცალკევება მხოლოდ თავისი საკუთარი, უკეთესი და უსაფრთხო მომავლისათვის ზურგის შექცევას ნიშნავს.

ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ საქართველო ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, სადაც ყველა ღირსეულად იცხოვრებს.

როდესაც ჩვენ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გადავაქცევთ, მაშინ ჩვენს აფხაზ ძმებსაც ჩვენკენ გამოუწევთ გული და უცხო ქვეყანას აღარ შეეკედლებიან.

ჩვენი დევნილები უნდა დაბრუნდნენ აფხაზეთში, თავის სამშობლოში, თავის მიწა-წყალზე! ეს მოხდება იმიტომ, რომ განვითარებული სამყარო სამართლიანობის ეპოქას ქმნის, და ამ ეპოქაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება აუცილებელია ყველა ქართველისთვის და აფხაზისთვის, ვისაც წინსვლა და განვითარება უნდა.

ჩვენ ახალი, და არა მოჩვენებითი და ხელოვნური, არა სისხლიანი და ცბიერი, არამედ ნამდვილად სამართლიანი და მართლა განვითარებული ქვეყანა უნდა ავაშენოთ, და ავაშენებთ კიდეც!

ჰოდა, ახლაც, როგორც ოდესღაც, ითავოს და გაგვიძღვეს წინ სამეგრელო მთელ საქართველოს!

დღეს მინდა ზუგდიდიდან მივმართო  აფხაზებს.

ჩვენ, ქართველებმა და აფხაზებმა,  ერთმანეთის სისხლი დავღვარეთ. ამას გამართლება არა აქვს. ჩვენ აუნაზღაურებელი მსხვერპლი გავიღეთ.  მაგრამ ახლა დადგა დრო, როცა ურთიერთობის აღდგენაზე უნდა ვიზრუნოთ.

საერთო მომავალზე უნდა ვიზრუნოთ. დრო არ ითმენს, ცივილიზებული სამყარო სწრაფად ვითარდება. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, და ეს, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, უნდა გამოვიყენოთ.

მეგრელებსა და აფხაზებს ერთი საოცარი წეს-ჩვეულება ჰქონდათ - მორდუობა. იმიტომ, რომ კარგად ესმოდათ მშვიდობიანი თანაცხოვრების ფასი, მეგრელი და აფხაზი დედები ძუძუს აწოვებდნენ ერთმანეთის შვილებს. რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი?

აი, ასეთი წარსულის გათვალისწინებით, ჩვენი მთავარი მიზანი ერთმანეთის ნდობის მოპოვება იქნება. პირველ რიგში, დავეყრდნობით იმ განწყობას, რომელიც აფხაზებს განსაკუთრებით სამეგრელოს მიმართ აქვთ შენარჩუნებული. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ და წარმატებას მივაღწევთ ამ საქმეში. ჩვენი გუნდი იმდენად ძლიერია, რომ პირდაპირ შეგვიძლია დავიწყოთ ეს საქმე, რადგანაც ამის რეალური რესურსი გვაქვს.

ჩვენი გუნდი ჰპირდება აფხაზეთს, რომ რკინიგზისა და საავტომობილო ტრასის აღდგენაზეც ვიფიქრებთ. რკინიგზა და საავტომობილო ტრასა ქართველებსაც და აფხაზებსაც გაუხსნის გზას რუსეთის ბაზრისკენ.

ეს ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ისე აფხაზ ბიზნესმენებსაც მისცემს თავიანთი ბიზნესის განვითარების საშუალებას და  მათ ქართულ ეკონომიკაში მონაწილეობით დააინტერესებს.

ჩვენ ასეთ გეგმას შევთავაზებთ აფხაზებს: გამოვაცხადოთ გალი მშვიდობის რეგიონად. ასე გახდება გალის რაიონი დამაკავშირებელი ხიდი, შერიგების ხიდი ქართველთა და აფხაზთა შორის. ჩვენი გუნდი არასოდეს დაუშვებს პროვოკაციებს და არ გამოიყენებს გალის მოსახლეობას აფხაზეთის წინააღმდეგ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა.

მსგავსი უღირსი პოლიტიკა სააკაშვილის ხელისუფლებასთან ერთად დასრულდება, დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ ნდობის აღდგენას გალიდან დავიწყებთ, სახალხო დიპლომატიით დავიწყებთ და აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენ მიმართ აფხაზი ხალხის ნდობას. უფრო მეტიც, ჩვენ ერთმანეთის ნდობა უნდა დავიმსახუროთ.

 ჩვენ მხოლოდ რეალურ ცვლილებებს გთავაზობთ და გპირდებით, რომ არასოდეს გავტეხავთ სიტყვას, არასოდეს გაგიცრუებთ იმედს.

ჩვენ იმედს არ გავუცრუებთ არც ქართველს, არც აფხაზს, არც ოსს, არც ერთი ეროვნების ხალხს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ჩვენ უკომპრომისოდ ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ვინც სიძულვილს, შურსა და ღვარძლს აღვივებდა და აღვივებს ხალხებს შორის.

ჩემო საყვარელო ხალხო!

ჩვენთან ბრძოლისთვის, ჩვენ წინააღმდეგ ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს. ნათლად ვხედავთ სააკაშვილის ბოროტ განზრახვას, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად როგორმე ორად გაყოს ხალხი და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდოს ერთმანეთს ადამიანები, თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები.

ამგვარი დაპირისპირების უმწარესი გაკვეთილი ოციოდე წლის წინ მიიღო ჩვენმა ხალხმა, განსაკუთრებული სისატიკით სწორედ სამეგრელოს მოსახლეობამ იწვნია ეს უბედურება.

ჩვენ დავრწმუნდით, რომ არც ერთი ხელისუფლება და არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ ღირს იმად, რომ მისმა მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტონ. ეს მწარე გაკვეთილი ჩვენ უკვე მივიღეთ.

სწორედ სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღებას ცდილობს ახლა სააკაშვილი. მაგრამ არაფერი გამოუვა. ჯერ კიდევ როდის შეარქვა ხალხმა სააკაშვილის დავალებით მოქმედ მოძალადე რაზმებს „ზონდერბრიგადები“  - ფაშისტური გერმანიის სადამსჯელო რაზმების სახელი. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ ბრიგადების პარპაშს კანონის ძალით.

და სანამ კიდევ აქვთ დრო ამ სამარცხვინო ბრიგადების წევრებს, რომლებიც მზად არიან დაარბიონ, გალახონ, შეურაცხყოფა მიაყენონ ან დააშინონ და დაჩაგრონ, როცა ამას სააკაშვილი უბრძანებს, სანამ კიდევ აქვთ დრო, მე მოვუწოდებ მათ, რომ დატოვონ ზონდერბრიგადები და დაუბრუნდნენ ხალხს მისი სულგრძელობის იმედით.

ზუგდიდიდან მოგმართავთ აგრეთვე თქვენ, ჩვენო საამაყო პოლიციელებო! თქვენ არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანებები და სულ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ კანონი  ქვეყნისა და ხალხის სამსახურს გავალებთ, და არა ერთი-ორი სადისტის ბრძანებების  შესრულებას.

ნუ შეგეშინდებათ! ისინი ჩვენ ვერ გვაჯობებენ! იდექით ხალხის სამსახურში! ჩვენი ხალხი სამართლიანია და არ დაგიკარგავთ ერთგულებას, პირიქით,  დაგიფასებთ და თქვენი მადლიერი იქნება.   

მივმართავ საჯარო მოსამსახურეებს, ყველას, ვისგანაც სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულში თანამონაწილეობას მოითხოვს! დადექით სიმართლის მხარეს, ყური დაუგდეთ თქვენს სინდისს. ამ დანაშაულებრივი რეჟიმის დღეები უკვე დათვლილია, ბოროტებას ამ ქვეყანაში გამარჯვება არ უწერია! დადექით სიკეთის მხარეს და გაემიჯნეთ ძალადობასა და უკანონობას!

მე გპირდებით ყველას, რომ ყველა ერთად გავიმარჯვებთ,  მე გაძლევთ ამის პირობას, ოღონდ გაემიჯნეთ სააკაშვილს, ახალაიებს, გაემიჯნეთ უკანონობას! გაემიჯნეთ დანაშაულს!

ახლა მინდა ისევ არჩევნებს შევეხო, რადგან  სულ ცოტა დროა დარჩენილი 1-ელ ოქტომბრამდე.

როგორ შეიძლება არჩევნების დღეს განზე გადგომა, იმ მოტივით, რომ არავის არ ემხრობი, იმ  მოტივით, რომ არავინაა შენი მოსაწონი. ამას   შემგუებლობა და ლაჩრობა ჰქვია, როცა საკუთარ მცირე კეთილდღეობას დაჰკანკალებ, რადგან თავად კარგად ხარ მოწყობილი და სულაც არ გადარდებს არც სხვისი და არც  ქვეყნის ბედი. 

ყური დამიგდეთ! ერთ-ერთი მთავარი უბედურება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა, არის გულგრილობა და განურჩევლობა.

  ყველაზე უფრო შემაშფოთებელი სწორედ ისაა, რომ ამ ხელისუფლების ნებით და გავლენით მრავალი ადამიანისთვის სულერთი გახდა კარგი და ცუდი, მათთვის სულერთი გახდა სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის, მათთვის აღარაა ღირებული დაპირისპირება სამართლიანობასა და უსამართლობას შორის.

აი, ეს არის დამღუპველი ცალკეული ადამიანისა და, საბოლოოდ, მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული ხალხისა და ქვეყნის წინაშე არის სწორედ ამ განურჩევლობის, ამ გულგრილობის დამკვიდრება!

როცა ადამიანისთვის სულერთი ხდება, სიმართლის მხარესაა თუ ტყუილის,  ადამიანი კარგავს მთავარს, კარგავს ადამიანობას.

სააკაშვილის ხელისუფლება მოსვლის დღიდანვე სიკვდილს თესავს, - გირგვლიანი გაიხსენეთ, რობაქიძე გაიხსენეთ, ვაზაგაშვილი გაიხსენეთ, გამცემლიძე გაიხსენეთ, გაიხსენეთ ქუჩებში დახვრეტილი ბიჭები, გაიხსენეთ სიღატაკეში ჩავარდნილი ავადმყოფი მოხუცები და  ბავშვები, რომლებსაც უფულობის გამო მკურნალობა არ  უწერიათ და სასიკვდილოდ არიან განწირული! გაიხსენეთ აგვისტოს ომში ამ ხელისუფლების უუნარობისა და ლაჩრობის გამო დაღუპული ასობით ჯარისკაცი და  პირდაპირ ბედის ანაბარა მტერს შეტოვებული ჩვენი უმწეო მოსახლეობა, გაიხსენეთ 7 ნოემბერი და 26 მაისი, გაიხსენეთ ლოპოტის ხეობაში მზაკვრულად დახოცილი ჩვენი ჯარისკაცები და ჩვენი ქისტი თანამოქალაქეები, გაიხსენით დაუჯერებელი წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ადამიანის ღირსების შეურაცხყოფის ამსახველი კადრები, რომლებიც ციხეებშია გადაღებული და მთელმა საქართველომ თავისი თვალით ნახა, გაიხსენეთ და დამეთანხმეთ, რომ ეს ხელისუფლება სიკვდილს თესავს და ბოროტებას ემსახურება!

სწორედ ამიტომ, ყველამ ერთად, 1-ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის და უნდა შემოვხაზოთ 41, უნდა ავირჩიოთ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის და უნდა შემოვხაზოთ 41.  უნდა ავირჩიოთ, საქართველო ცივილიზებული სახელმწიფო იქნება თუ კრიმინალური ხელისუფლების თარეშის ასპარეზად ქცეული ტერიტორია და შემოვხაზოთ 41! მე მჯერა, პირველ ოქტომბერს მთელი საქართველო აირჩევს სიცოცხლეს, სიკეთეს, მომავალს და შემოხაზავს 41-ს.

მე მჯერა, რომ ადამიანთა უმრავლესობისათვის, ჯერ კიდევ მთავარია არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის. ეს არჩევანი კი, ყოველმა ჩვენგანმა, საბოლოოდ, 1 ოქტომბერს უნდა გააკეთოს, როცა არჩევნებზე მივალთ და შემოვხაზავთ 41-ს!

არჩევნების დღე ის დღეა, როდესაც ხელისუფლება ხალხის ხელშია, ეს გადამწყვეტი დღეა და ეს დღე უნდა გამოვიყენოთ. არ გაუშვათ ხელიდან ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსი, ჩვენი მოხუცების, ჩვენი შვილების, ჩვენი ავადმყოფებისა და ჩვენი პატიმრების გადარჩენის შანსი, შემოხაზეთ 41 !      

თქვენ, ჩემო საყვარელო ხალხო, თქვენ მოგმართავთ, 1-ელ ოქტომბერს სამშობლოს ჯარისკაცებად უნდა იქცეთ, თქვენ სამშობლოს 1-ელ ოქტომბერს საარჩევნო უბანზე სჭირდებით. გამოდით ერთად და შემოხაზეთ 41 !

ქვეყნის ბედს თქვენ წყვეტთ, ქვეყნის ბედს 1-ელ ოქტომბერს თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები გადაწყვეტთ, და ამიტომ ჩვენ გავიმარჯვებთ!

მაგრამ იცოდეთ, რომ მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნების” კანდიდატი არაა, რაგინდ კარგი სახელი ჰქონდეს, ნებით თუ უნებლიეთ ნაციონალების სამსახურში ჩადგება და მათ საქმეს გააკეთებს; უკვე აკეთებს, რადგან „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება. ყველა, ვინც არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება, ნაციონალურ მოძრაობას, სააკაშვილს და ახალაიებს ემსახურება, ეს არ დაგავიწყდეთ!

ამიტომ მხოლოდ თქვენს მაჟორიტარ კანდიდატს, ანუ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს მიეცით ხმა და სხვას არავის, და შემოხაზეთ 41.

პირველ ოქტომბერს, ამომრჩეველო, შენი სიმართლე და შენი თავისუფლება შენს ხელში იქნება! სწორედ ამიტომ, მხოლოდ ამიტომ, ჩვენ გავიმარჯვებთ!

ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ვეღარავინ წაართმევს ხალხს თავის არჩევანს!

ვეღარავინ გაბედავს ადამიანების წამებას და ყველა ჯალათი კანონის ძალით დაისჯება!

ჩვენ ღირსებას დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას!

ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას!

ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც აღარავის დასჭირდება ლუკმა-პურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა.

საქართველოში დაცული იქნება ადამიანის ყველა უფლება, პირველ რიგში კი დაცული იქნება აზრისა და სიტყვის ფუნდამენტური თავისუფლება; სასამართლო იქნება სამართლიანი, მედია - დამოუკიდებელი, ბიზნესი - ხელშეუხებელი!

ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და პოლიციელებს მიეცემათ იმის  შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს და არა რომელიმე ხელისუფალს!

თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში! აღარ ექნება დამცირებისა და წამების შიში. მე ამას გპირდებით!

ქართველები, ოსები, აფხაზები, ებრაელები,  აზერბაიჯანელები, სომხები, ქისტები, რუსები,  ბერძნები და სხვები, ყველანი ერთად ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, რომელიც სამშობლო იქნება ყველასთვის!

საქართველო გახდება თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი!

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას!

ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას!