ვაშაძე:

ვაშაძე: "არ გამოვრიცხავთ, რომ ნიკა მელია და მეც დაგვაკავონ"

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო, შესაძლოა, ის და ნიკა მელიაც დააკავონ. მისი თქმით, უწყებიდან მისდით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქმე ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგაც აღიძრება.

აღნიშნულთა დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, კახეთში ორი დღის წინ მომხდარი დაპირისპირების საქმის ფარგლებში, სამართალდამცველებმა შესაძლოა, დეპუტატი, ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანი ნიკა მელია დააკავონ.

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა გუშინ დანაშაულში მონაწილე პირთა წრის გაფართოება არ გამორიცხა. "პირველი რადიოს" ინფორმაციით, დაკავებების ტალღაში, არ არის გამორიცხული მელიაც მოხვდეს.

ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა იგეგმება.

აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები სამართალდამცველ ორგანოებს და საპარლამენტო უმრავლესობას შორის უკვე მიმდინარეობს.

საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესაძლებლობას და მისი დაკავების უფლებას ცალსახად განმარტავს.

კანონში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია

მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს.

1.პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. ამ მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრს. წინადადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

  1. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს.
  2. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში ან მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.
  3. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.