„მე პაატა ბურჭულაძის მხრიდან ვითხოვ განმარტებას, რასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სანქტ-პეტერბურგში პაატა ბურჭულაძის მიერ სიმღერის შესრულებას იმ ღონისძიებაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა.
"ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ფაქტი. ძალიან ვწუხვარ და, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის მსგავსი რამ ყოველთვის მიუღებელია - პოლიტიკური აქტივობა და მეორე მხრივ, პუტინის თანდასწრებით სიმღერა. ძალიან ვწუხვარ და მე ვითხოვ განმარტებას მათ შორის, მისი მხრიდან, რასთან გვაქვს საქმე", -აღნიშნა ვაშაძემ.
ოპოზიციის კიდევ ერთ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საოპერო მომღერალმა ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს.
„მიუღებელია, რომ პაატა ბურჭულაძე დათანხმდა ღონისძიებაში მონაწილეობას. თუ მას სურს, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ მსგავს გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური კონიუნქტურა. მის ადგილზე, პირველ რიგში, ავხსნიდი მომხდარს. ვფიქრობ, საზოგადოება მისგან იმსახურებს ბოდიშს. მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას პარტიის სახელით, თუმცა ჩემთვის პირადად მიუღებელია მასთან თანამშრომლობა", - განაცხადა სამადაშვილმა.
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 15 დეკემბერს დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.