“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა. დავით კირკიტაძეს, პოლიციელზე თავდასხმა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ქონების დაზიანება ედება ბრალად.
"გუშინდელი ინციდენტების შედეგად, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სიტუაციის განმუხტვის შემდეგ დაიწყო ინციდენტების დეტალური შესწავლა. გამოძიება დაიწყო დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, რომლებზეც ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. გამოძიება მათ შორის დაიწყო აქციის ერთ-ერთი მონაწილის შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე.
გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე.
გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეომასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა ბორცვაძემ.