გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან უწყვეტ აქციებს იწყებს. ამის შესახებ 17 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისი სიტყვებით, აქციების შესახებ დეტალებს საზოგადოება 18 დეკემბერს შეიტყობს. ასევე უცნობია, შეურთდება თუ არა მათ გადაწყვეტილებას სხვა პოლიტიკური პარტიები და ეს აქციები რა სახეს მიიღებს.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ „ნაციონალურ“ მოძრაობას ახლა სხვა გამოსავალი არა აქვს და იმ ამომრჩევლის შესანარჩუნებლად, რომელთაც მათ ხმა მისცეს, მუდმივად პოლიტიკური დრაივი სჭირდებათ. მეორე საკითხია ამ აქციებს შედეგი რამდენად ექნება. მათი აზრით, ოპოზიციის გამარჯვება და მოთხოვნების შესრულება კვლავ მმართველი გუნდის შეცდომებზე იქნება დამოკიდებული.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „ნაციონალებს“ ნამდვილად არა აქვთ ის რესურსი, რომ ახლა პოლიტიკური პროცესები მართონ, თუმცა თუ ხელისუფლება თავისი მცდარი ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით მათ ამის საშუალებას მისცემს, ისინი ხალხისგან მხადაჭერას მიიღებენ და პროცესები ქუჩაში გადავა. ექსპერტები ამბობენ, რომ თელავში ინაუგურაციის გადაწყვეტილება სრული სიბრიყვე იყო, რადგანაც „ნაციონალებმა“ მაინც ის მოახერხეს, რაც სურდათ და მთელი იმ დღის მოვლენები საინფორმაციო კუთხით მათ გადაფარეს. პოლიტოლოგების აზრით, ერთადერთი ადამიანი ვინც ხელისუფლებაში მსგავს გამოწვევებს უპასუხა, გიორგი გახარია იყო, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი ნაკლები სისხლით, პოლიციელებზე შეურაცხყოფის ფასად გაართვა.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები კი კვლავ უცვლელია. ვაშაძე აცხადებს, რომ უმოკლეს ვადაში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს. ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაც, რომელმაც გრიგოლ ვაშაძის სიტყვებით, სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი: „აქციები იქნება უწყვეტი, მშვიდობიანი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში“, - აღნიშნა ვაშაძემ.
ის 16 დეკემბერს კახეთში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ პოლიციამ მიზანმიმართულად გზა ჩაუკეტა და თელავში შესვლის არანაირი საშუალება არ მისცა.
„მინდა გამოვეხმაურო გახარიას განცხადებას ჯერ იმაზე, რომ ვითომ ყვარელზე გზა გახსნილი იყო, ეს აბსოლუტურად ტყუილია. როდესაც მივედით და ველისციხეში გაგვაჩერეს და ეს გვითხრეს, ნაწილი ჩვენი მანიფესტაციის მონაწილეებისა წავიდა და გაეჩხირნენ გრემთან, სადაც ისევე იყო გზა გადაკეტილი როგორც ყველგან. უტიფარი სიცრუეა ეს. მობილიზებული იყო არნახული რაოდენობა პოლიციის, ვისი მუნდირიც შეურაცხყო ამ ხელისუფლებამ, გაოგნებული პოლიციელები იდგნენ და იყურებოდნენ გარშემო. ზონდერ ბრიგადებმა კი სასიკვდილოდ კინაღამ სცემეს შოთა დალაქიშვილი. ამისთანა ე.წ. ხელისუფლების ხელში ვიმყოფებით.
ყველა მეთოდი გადმოღებულია პუტინის რუსეთიდან. როდესაც ისტერიულად კივიან დემოკრატიაზე, მათ მხედველობაში პუტინის სუვერენული დემოკრატია აქვს. აქედან გამომდინარე გაერთიანებული ოპოზიცია ადასტურებს ყველა მოთხოვნას, რომელიც გვქონდა წამოყენებული, კატეგორიულად მოვითხოვთ უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და შევიდეს პოლიტიკურ პროცესში და დაბრუნდეს კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესებში“, - აცხადებს ვაშაძე.
მმართველი გუნდი კი საპასუხოდ აცხადებს, რომ „ნაციონალების“ მიერ დაანონსებული აქციები ქვეყნის წინსვლისთვის და ხალხისთვის საინტერესო არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ამბობს, რომ მისთვის და მითუმეტეს ქვეყნისთვის არანაირად არ არის საინტერესო წარსულში ჩარჩენილი ოპოზიცია, რა აქციებს აპირებს.
„საინტერესო არის ის, რომ გუშინ შედგა ინაუგურაცია, საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია - ეს არის დღის წესრიგი და არა ის, თუ რა აქციას მართავს წარსულში ჩარჩენილი "ნაციონალური მოძრაობა. ეს აქციები საქართველოს მოსახლეობისთვის აქტუალური არ არის", - განაცხადა კობერიძემ.
რაც შეეხება 16-ში კახეთში განვითარებულ მოვლენებს, კობერიძე მიიჩნევს, რომ მოუხედავად სტატუსისა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
„მგონია, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობა" ოპერირებდა მთელი თავისი ბუნებით და ხასიათით. ვეთანხმები შს მინისტრის განცხადებას, რომ მიუხედავად თანამდებობისა და სტატუსისა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს იმას, რაც იქ ვიხილეთ. რომ გავიხსენოთ ის ფაქტიც, რაც იყო ქალი დეპუტატების მანქანაზე თავდასხმა, ეს ასახავს, რა იყო გუშინ მათი სულისკვეთება", - განაცხადა კობერიძემ.
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ოპოზიციას ახლა აქციების გამართვის გარდა სხვა გზა არა აქვთ. მისი აზრით, მათ ახლა საკუთარი დღის წესრიგი და კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობა აქვთ, რათა, ის 800 ათასამდე ამომრჩეველი, რომელიც „ოცნებამ“ თავისი სიბრიყვით აჩუქა, რაღაცნაირად შეინარჩუნონ. ამიტომაც იძულებულები არიან, ამომრჩეველს მუდმივად რაღაც დინამიკა აჩვენონ. „ნაციონალებს“ სხვა გზა და გამოსავალი არა აქვთ, ისინი იძულებულები არიან, რომ მუდმივად ასეთ დრაივში იყვნენ და ასეთი პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეთ.
„რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, სინამდვილეში არც თუ ისე უპერსპექტივოა. რასაც ისინი ითხოვენ, პრინციპში ეს არის თემები, რასაც მთელი გაერთიანებული პოლიტიკური ოპოზიცია ითხოვს. პროპორციული არჩევნები, საერთოდ საზოგადოებრივი კონსენსუსის თემაა. ეს კითხვა საზოგადოებაში მუდმივად არსებობს. თუ ჩვენ პროპორციულ არჩევნებზე გადავდივართ, რატომ 2024 წელს და არა უფრო ადრე? ეს მოთხოვნები ამიტომაც უპერსპექტივოდ არ გამოიყურება. არა იმიტომ, რომ „ნაციონალები“ არიან მაგრები, არამედ იმიტომ, რომ მთლიანად საზოგადოებაში ასეთი განწყობაა“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
ხუხაშვილი ინაუგურაციის დღეს განვითარებულ მოვლენებსაც ეხება და ამბობს, რომ თელავში ინაუგურაციის გამართვა სიბრიყვე იყო. მისი აზრით, ეს იყო პოლიტიკური, ლოჯისტიკური და რისკების მართვის თვალსაზრისით სიბრიყვე. ეს მოსაზრება ვიღაცამ მოულოდნელად დაახეთქა, არც დათვალეს და გადაწყვიტეს, რომ ინაუგურაცია თელავში ჩაეტარებინათ. ამით კი ძალიან ბევრი პრობლემები შექმნეს.
„ამ ბრიყვულ მოცემულობაში გიორგი გახარიას საკმაოდ მძიმე ამოცანები დაუსახეს და ის შეეცადა, ყველაფერი მაქსიმალურად მცირე სისხლით გადაეგორებინა. თელავში ინაუგურაცია ყველანაირად დიდი უაზრობა იყო, მსუბუქად რომ ვთქვათ. არ ველოდი და არც „ნაციონალებს“ ეს ამოცანა არ ჰქონდათ, რომ იქ რამე ექსცესები მოეწყოთ. მათ ინაუგურაციის საინფორმაციო თვალსაზრისით გადაფარვა და ყურადღების მიქცევა უნდოდათ. მათ ეს მოახერხეს კიდევაც.
ინფორმაცილუად გადაფარეს ინაუგურაციის დღე, ეს მაინც მოხერხეს. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას თელავში გააკეთებდნენ თუ ველისციხეში. უცხოურ არხებს რომ გადახედოთ, მაინც შეძლეს საინფორმაციო გადაფარვა. მთავარი ნიუსი ინაუგურაცია კი არ იყო, ერთად არის ინაუგურაციაც და პროტესტიც. „ნაციონალურმა“ მოძრაობამ თავისი პოლიტიკურად ამოცანა მაინც შესრულა, მიუხედავად იმისა, რომ თელავამდე ვერ ჩავიდნენ“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
მისივე აზრით, „ნაციონალების“ შანსები ისევ და ისევ „ოცნების“ სიბრიყვეზეა დამოკიდებული. ოპოზიციას სერიოზული კრიზისის შექმნის არანაირი პოტენციალი არ გააჩნია, მაგრამ ამის ნეგატიური პოტენციალი ხელისუფლებას აქვს. ხუხაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი იმდენ სისულეეს აკეთებს, რომ ამით „ნაციოანლებს“ აძლიერებს. ოპოზიციის შანსი ხელისუფლების შეცდომებია და ისინი ამას ყოველდღიურად დაელოდებიან და გამოიყენებენ. მისი აზრით, სწორედ ასეთი სისტემური შეცდომა თელავში ინაუგურაციის ჩატარება იყო. ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ ეს ზურაბიშვილმა გადაწყვიტა მით უფრო ცუდი, გამოდის, რომ მან უკვე ერთი არაკომპეტენტური გადაწყვეტილება მიიღო.
„მოვუწაოდებ ივანიშვილს, რომ დაბრუნდეს, ნება იბოძოს და დაიკავოს კვლავ პრემიერის სკამი. ამით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება სპეკულაციები და იმ სისტემური ცდომილებების მასზე ხელის შეწმენდა. ამით ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში სისტემური ბალანსი. აი ამის შემდეგ ქვეყანაში ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცემა“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.