"მაგნიტსკის სია" ქართველი მწამებლებისთვის

"სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრებს, აგრეთვე იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ პირებს, ცივილიზებულ ქვეყნებში შესვლა აეკრძალოს და ამ თხოვნით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ. მიმართვის ტექსტს ამ დროისთვის ხელს აწერს სამოქალაქო სექტორის 53 წარმომადგენელი, რომლებმაც განცხადება გუშინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მაგნიტსკის სია" ქართველი მწამებლებისთვის.

"მოგმართავთ წინადადებით, რომ გამოიყენოთ თქვენს ქვეყნებში არსებული პრაქტიკა (მაგ. ე.წ. "მაგნიტსკის საქმე") და როგორც მინიმუმ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრებს, აგრეთვე იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ პირებს, აეკრძალოთ თქვენს ქვეყნებში შესვლა მანამ, სანამ სრულფასოვნად და ობიექტურად არ იქნება გამოძიებული პენიტენციარულ სისტემაში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებები", - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ჟურნალისტებს კოალიცია "სამართლიანი არჩევნებისთვის" წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა გააცნო. შეგახსენებთ, რომ რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის ციხეში გარდაცვალების გამო 60 რუს მაღალჩინოსანს აეკრძალა დასავლეთის ქვეყნებში და მათ შორის აშშ-ში შესვლა", - აღნიშნავს გამოცემა.

"სერგეი მაგნიტსკი მოსკოველი ადვოკატი იყო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გადასახადების დამალვის ფაქტი აღმოაჩინა. ლაპარაკი იყო 230 მილიონი დოლარის თაღლითობაზე. ამ საქმეში ამერიკელი ინვესტორის ბილ პროუდერის ინტერესები დაირღვა. სწრედ ამ პიროვნების ინტერესებს იცავდა სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც ამ საქმის გამო რუსეთის მთავრობის ბევრი მაღალჩინოსანი გადაიკიდა, რომლებმაც ის დააპატიმრეს. მაგნიტსკის 11 თვის განმავლობაში უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო გამოკვლევაზე, 2009 წლის ნოემბერში კი საკუთარ საწოლზე მიბმული ადვოკატი სასიკვდილოდ სცემეს ციხის ზედამხედველებმა. პატიმრის წამება გახდა იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რაც დასავლეთის ქვეყნებმა მიიღეს და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს, რომ იგივე განხორციელდეს იმ პირთა მიმართ, ვინც დაკავშირებულია და დამნაშავეა საქართველოში პატიმრების წამებასთან "მაგნიტსკის სია" ქართველი მწამებლებისთვის", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ადამიანების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ეჭვმიტანილი პირების მხოლოდ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენება საკმარისი არ არი შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომლის ქმედებებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოძიება ეცდება, სს პასუხისმგებლობა დააკისროს კონკრეტულად მხოლოდ ამ ვიდეომასალებში დაფიქსირებულ დანაშაულის უშუალო შემსრულებლებს. ქვეყნის ღირსების საქმედ მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ თანამდებობის დატოვებით, არამედ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა პირი, განურჩევლად მათი რანგისა, ვინც ხელი შეუწყო პატიმართა მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის სისტემის ჩამოყალიბებას," - განაცხადა მელაშვილმა. "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის შეფასებით, "შექმნილ ვითარებაში კოსმეტიკურ ცვლილებებს აჯობებდა, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარიყო", - დასძენს გამოცემა.
"მისივე თქმით, არ შეიძლება ადამიანმა მსგავსი დანაშაული ჩაიდინოს და შემდეგ დარჩენილი ცხოვრება უზრუნველად გაატაროს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართვის ტექსტი გაუგზავნეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს, აშშ-ს ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ფილიპ დიმიტროვს", - წერს სტატიის ავტორი.