რატომ მოიქცა ხელისუფლება ასე, არ მესმის... არც ის მესმის, რატომ მოიქცა ასე ოპოზიცია

რატომ მოიქცა ხელისუფლება ასე, არ მესმის... არც ის მესმის, რატომ მოიქცა ასე ოპოზიცია

 „ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ვითარებაა, რომ ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება არაპროგნოზირებად სიტუაციაში გადაიზარდოს“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციასა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებას.

ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, თელავის მიმართულებით ოპოზიციის კოლონას  პოლიცია არ უშვებდა. პოლიციის განმარტებით კი საგზაო კოლაფისის თავიდან აცილების მიზნით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეთავაზება ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.

გარდა ამისა, თელავში მყოფმა ოპოზიციის აქტივისტებმა ქალაქის ქუჩები გადაკეტეს და ინაუგურაციაზე მიმავალ სტუმრებს არ უშვებდნენ.

„საკმაოდ რთული ვითარებაა. ოპოზიცია თავიდანვე აცხადებდა, რომ ხელს არ შეუშლიდა ინაუგურაციის ჩატარებას. რატომ მოიქცა ხელისუფლება ასე, თუ არ იყო დარღვეული კანონი, არ მესმის; არც ის მესმის, რატომ მოიქცა ასე ოპოზიცია, მითუმეტეს ქალაქში, მისი აქტივისტები ქუჩებს თუ კეტავენ. ინაუგურაციაზე ჩამოსულია უამრავი უცხოელი სტუმარი. შეიძლება პირველი რანგის არა, მაგრამ ისინი თავის ნება-სურვილით არ ჩამოსულან და თანხმობა და გარკვეული უფლებამოსილება აქვთ მიღებული თავისი ქვეყნის პირველი პირებისგან.

„დღეს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ვითარებაა, რომ ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება არაპროგნოზირებად სიტუაციაში გადაიზარდოს. პროვოკაციისგან კი დაზღვეული არავინაა, მერე ძნელი იქნება მტყუან-მართალის გარჩევა. კანონი არ უნდა დაირღვეს არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხრიდან, რადგან ძალადობრივი მეთოდებით არ მგონია რომელიმემ პლიუსი მოიპოვოს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ", - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.