„ჟურნალისტები აკრეტირებული უნდა იყვნენ. ვინც გაიარა აკრეტიდაცია, ისინი არიან და იქიდან გადმოსცემენ. ახლა „ჟურნალისტი ვარ და გამატარეთ," ალბათ არ ატარებენ. ჩვენც რაღაცა კონკრეტული მარშუტით მივდივართ," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია რეზონანთან" საუბრისას.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის უშაულოდ გააშუქების საშუალება ჟურნალისტებს არ ექნებათ. მათ ეკრძალებათ ვიდეო და აუდიო გადაღება. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები, ქალაქ თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში განთავსებული მონიტორიდან გააშუქებენ ინაუგურაციას.
იმ ადგილზე, სადაც ზურაბიშვილმა ფიცი უნდა დადოს, ოპერატორებს არ შეუშვებენ. იმ ტერიტორიაზე იქნებიან პირადი ფოტოგრაფები და ვიდეოოპერატორები.
„აკრეტირებული ვინც არიან, ისინი შედიან. ჟურნალისტებს ყველაგან არ შეუძლიათ გადაღება, როდესაც ასეთი ღონისძიება იმართება," - დასძინა ნუკრი ქანთარიამ.
უმრავლესობის დეპუატატი შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ ჟურნალისტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ ინაუგურაცია გააშუქონ.
„ჟურნალისტები აშუქებენ, არიან შიგნით ტერიტორიაზე და პრობლემა არ ექმნებათ. ვისაც აქვს აკრედიტაცია, ყველა აშუქებს. აკრედირებულ ჟურნალისტებს ყველანაირი პირობა აქვთ, გააშუქონ ინაუგურაცია და ეს ასეც უნდა იყოს," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.